მნიშვნელოვანი სიახლეები
10 მილიონ დოლარიანი ჰალსის ნახატი ყალბი აღმოჩნდა

10 მილიონ დოლარიანი ჰალსის ნახატი ყალბი აღმოჩნდა

ტილო, რომელიც ყველას ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ფრანს ჰალსის დახატულად მიაჩნდა და 2011 წელს 8,5 მილიონ გირვანქად (10,7 მილიონი დოლარი) გაიყიდა, ნაყალბევად გამოცხადდა.

როგორც სააუქციონო სახლის „სოტბის“ წარმომადგენელმა განაცხადა, შეთანხმება უკვე გაბათილებულია. კლიენტს გადახდილი თანხა მთლიანად დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ „უცნობის პორტრეტი“ ეჭვგარეშედ „ნაყალბევს წარმოადგენს“.

სააუქციონე სახლმა განაცხადა, რომ გამყიდველის თანხმობით მან ინფორმაცია  მყიდველს ნახატის ავთენტურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიაწოდა. ნახატს მკაცრი ტექნიკური ანალიზი ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მისი დამზადებისას თანამედროვე მასალები იყო გამოყენებული.

 „ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ნახატი არ შეიძლება XVII საუკუნეში შესრულებულიყო“, - ნათქვამია „სოტბის“ განცხადებაში.

ექსპერტიზაზე მოთხოვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაჩნდა ინფორმაცია მოხერხებული ფალსიფიკატორის შესახებ, რომელიც ჯერაც თავისუფალია და რომლის შექმნილი ნაყალბევები ჯამში 200 მილიონ გირვანქად იქნა გაყიდული.

როგორც ვარაუდობენ, მის მიერ შექმნილი ყალბი ნახატების რიცხვში შედის იტალიელი ოსტატის ორაციო ჯენტილესკის ნახატებიც, რომლებიც ბრიტანეთის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი.

ნახატი „დავიდი, რომელიც გოლიათის თავს დაჰყურებს“ გალერეას დროებით სარგებლობაში 2013 წელს გადაეცა და მიმდინარე წლის მარტამდე იყო გამოფენილი. ამ დროისათვის იგი მფლობელს დაუბრუნდა.

კიდევ ერთი საეჭვო ნახატი, რომელიც აღორძინების ეპოქის მხატვარს ლუკას კრანახ უფროსს მიეწერება, საფრანგეთის ხელისუფლებამ მარტში დააკავა მას შემდეგ, რაც მის სინამდვილეში ეჭვი შეეპარათ.