მნიშვნელოვანი სიახლეები
ავსტრალიაში ედგარ დეგას  დაფარული ნახატი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში ედგარ დეგას დაფარული ნახატი აღმოაჩინეს

 ავსტრალიელმა სპეციალისტებმა რენტგენის სხივების დახმარებით ფარული პორტრეტი აღმოაჩინეს, რომელიც ფრანგი იმპრესიონისტის, ედგარ დეგას მიერ არის დახატული.

ნახატი 1870–იან  წლებში დახატული ტილოს – „ქალი შავი კაპოტით“  – რენტგენით გაშუქების შედეგად გამოჩნდა.

რენტგენოფლუორენსცენტიული ანალიზის  დახმარებით მეცნიერებმა ზედა ნახატის საღებავის ქვეშ სხვა პორტრეტი –  ქალიშვილი ოქროსფერ–წაბლისფერი თმით აღმოჩნდა.

დეგას შემოქმედების სპეციალისტები ამბობენ, რომ პორტრეტზე გამოსახული ქალიშვილი ძლიერ ჰგავს ემა დობინიეს. იგი 1869–1870–იან წლებში, ახალგაზრდობისას მხატვრის რამდენიმე ნახატისთვის პოზიორობდა.

„ფარული ნახატები – ადრეული კომპოზიციებია, რომელთა ზემოთაც უფრო გვიანდელი ნამუშევრებია შესრულებული. ისინი ხელოვნების ნიმუშების და მათი შემსრულებლების შემოქმედების უკეთ გაგებაში გვეხმარებიან“, – ნათქვამია კვლევის  ავტორების განცხადებაში.

კვლევისას მეცნიერები ავსტრალიურ სინქროტრონს იყენებდნენ. ეს ელექტრონების დიდი ამაჩქარებელია, რომელიც რენტგენის მძლავრი სხივების გენერირებას ახდენს. ისინი კი თავის მხრივ საღებავის ფენაში შეღწევის საშუალებას იძლევიან.

 რენტგენის სხივებმა საღებავის ქვედა ფენაში დეგას მიერ გამოყენებული ლითონის პიგმენტიც აღმოაჩინეს.

„ყოველ ელემენტს უნიკალური მახასიათებლები აქვს , ამბობს დოქტორი დერილ ჰაუარდი, რომელიც ავსტრალიური სინქროტრონით მუშაობდა.  ჩვენ ვაანალიზებთ ყველა ამ მონაცემს და „ელემენტების რუკას“ ვქმნით. ეს ნახატში გამოყენებული პიგმენტების დადგენაში გვეხმარება“.

 გამოსახულებით ცხადი შეიქნა, რომ დეგამ რამდენჯერმე  გადახატა ნახატი. მაგრამ ამის მიუხედავად დადგენა, თუ ვინ პოზირებდა მხატვრისათვის, ძნელი არ იყო.

როცა გამოსახულებამ გამოჩენა დაიწყო, ჩვენ დეგას ნახატების კატალოგების თვალიერება დავიწყეთ. მსგავსების მოძებნას ხუთ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა“, – გვიხსნის დოქტორი ჰაუარდი.

„ჩვენ ვივარაუდეთ, რომ დაფარულ პორტრეტზე მოდელია, რომელიც მანამდე რამდენჯერმე პოზირებდა დეგასათვის. ესაა ემა დობინი. ჩემი აზრით მსგავსება განსაცვიფრებელია“, – აგრძელებს ექსპერტი.

 მეცნიერთა ვარაუდით პორტრეტი რამდენიმე წელს იდო, სანამ მას გადახატავდნენ. დოქტორ ჰაუარდის სიტყვებით, დეგამ ეს ნახატი სავარაუდოთ 1869 წელს შეასრულა.

 ვიქტორიას ეროვნულ გალერეაში აღნიშნავენ, ემა დობინიეს საბოლოოდ ამოცნობა ჯერჯერობით შეუძლებელია და კვლევა ამ მიმარტულებით უნდა გაგრძელდეს. გალერეის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ მხატვრის მიერ არჩეულ საბოლოო კომპოზიციას პატივი უნდა სცენ და აღმოჩენილი ნახატი ისევ დაფარული დარჩება.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, სხვა წინა მცდელობები, დაენახათ დეგას დაფარული ნახატები, წარუმატებელი გამოდგა.

ედგარ დეგა იმპრესიონისტული მოძრაობის ერთ–ერთი დამაარსებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.