მნიშვნელოვანი სიახლეები
ცელსუსის ბიბლიოთეკა: ისტორიისთვის დაკარგული 20 000 გრაგნილი, მაგრამ შემორჩენილი არქიტექტურული ნანგრევები

ცელსუსის ბიბლიოთეკა: ისტორიისთვის დაკარგული 20 000 გრაგნილი, მაგრამ შემორჩენილი არქიტექტურული ნანგრევები

ბერძნულ-რომაულ სამყაროში გრაგნილთა მრავალი კოლექციები არსებობდა. ზოგი პირად ბიბლიოთეკებში ინახებოდა და დანარჩენები სახალხო დიდ ბიბლიოთეკებში, როგორიცაა ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკა. ერთ-ერთი ასეთი ბიბლიოთეკა, რომლის ნანგრევები შემორჩა, არის ცელსუსის ბიბლიოთეკა ეფესოში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ის კლასიკური ანტიკური პერიოდის მესამე უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. ცნობების მიხედვით იქ ერთი პერიოდი 12 000 გრაგნილი ინახებოდა, რაც უძველეს სამყაროში ინფორიმაციის დიდი წყარო იყო. სამწუხაროდ არც ერთი ხელნაწერი არ შემორჩა ბიბლიოთეკიდან, რადგან ახ.წ.ა. 262 წელს ის დაანგრიეს.

ცელსუსის ბიბლიოთეკა ახ.წ.ა. 114-117 წლებს შორის აშენდა ტიბერიუს იულიუს აქვილას მიერ  მამის საპატივცემულოდ, რომელიც იყო რომის პროკონსული ეფესოში. ბიბლიოთეკა აგორას მახლობლად, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. შენობის ფასადი გალამაზებული იყო ქანდაკებებით, რომლებიც წარმოადგენდნენ პერსონიფიცირებულ სიბრძნეს (სოფია), ცოდნას (ეპისტემე), ინტელექტს (ენნოია) და ღირსებას (არეტე). ბიბლიოთეკის შიგნით იატაკი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. მეორე სართულზე იყო აივანი, რომელიც მთელს შენობას მიუყვებოდა. შენობაში ჩაშენებული იყო მრავალი ნიშა, სადაც გრაგნილები ინახებოდა.

ბიბლიოთეკის დანგრევის მიზეზი დღემდე საკამათოა. ერთი ჩანაწერის მიხედვით ის გოთების თავდასხმამ დაანგრია, ხოლო მეორის თქმით მიწისძვრა იყო დამნაშავე. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახ.წ.ა. 262 წელს ბიბლიოთეკა დაზიანდა, მაგრამ აღდგა და გააგრძელა არსებობა მე-4 საუკუნემდე.

სხვა მრავალი რომაული ბიბლიოთეკის მსგავსად ცელსუსის ბიბლიოთეკას თავისი სპეციფიკური არქიტექტურული სტილი ჰქონდა, რომელიც გავრცელდა იმპერატორ ადრიანეს დროს (ახ.წ.ა. 117-138 წლები)

მართალია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის არქიტექტურა არ შემორჩა, ჩვენ მაინც ბევრი ვიცით მასზე ისტორიული წყაროებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ის დაარსა არისტოტელეს მოწაფე დემეტრიუსმა, რომელიც შთაგონებული იყო ალექსანდრე დიდის სურვილით აეშენებინა მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა, სადაც მსოფლიოს მთელი ცოდნა მოიყრიდა თავს. ასევე ვიცით, რომ ბიბლიოთეკა იყო სამეცნიერო ინსტიტუტის ნაწილი, რომელიც „მუსეიონის“ სახელით არის ცნობილი. ამ სიტყვიდან მოდის სიტყვა მუზეუმიც. ამ ინსტიტუტში სწავლულები მრავალ საკითხს განიხილავდნენ, როგორიცაა მათემატიკა, ასტროლოგია და თეოლოგია. ასევე ცნობილია, რომ ალექსანდრიის ბიბლიიოთეკაში შედიოდა არისტოტელეს შრომები, რომელიც მისი მოწაფეების მიერ იყო ჩაწერილი. იქ ინახებოდა სხვა მრავალი დღეისთვის დაკარგული ძვირფასი ფილოსოფიური ჩანაწერები. სამწუხაროდ ალექსანდრიისგან განსხვავებით, ცოტა ინფორმაციაა შემორჩენილი თუ რა სახის გრაგნილები ინახებოდა ცელსუსის ბიბლიოთეკაში და რა ადმინისტრაციას უკავშირდებოდა.

თუმცა, ვიცით თუ რამდენად განსხვავდებოდა ის უძველესი მსოფლიოს სხვა ბიბლიოთეკებისგან. ეს ჩვენ შეგვიძლია სხვა რომაული ბიბლიოთეკებების მიხედვით დავადგინოთ.

რომაული ბიბლიოთეკების უმეტესობა პირადი ბიბლიოთეკები იყო მდიდრების სახლებში. ზოგი მათგანი, როგორიცაა პერგამუნის ბიბლიოთეკა, მრავალი სახალხო რომაული ბიბლიოთეკისთვის მოდელი იყო. ისინი ჩვეულებრივ შედგებოდნენ გრაგნილების შესანახი ადგილისა და მაგიდებიანი დარბაზისგან, სადაც ხალხი კითხულობდა. დაწერილ ტექსტს ყოველთვის ხმამაღლა კითხულობდნენ, გინდ მარტო ყოფილიყვნენ, ამგვარად სახალხო ბიბლიოთეკა ერთიანი კითხვის ადგილი იყო.

რომაული ბიბლიოთეკები შეიცავდა როგორც ბერძნულ, ისე ლათინურ სექციას. ეს ტრადიცია იულის კეისრის შემდგომ დამკვიდრდა, რომელსაც  ალექსანდრიის მონახულების შემდგომ  რომის მოსახლეობაში განათლება ამაღლება სურდა. სახალხო ბიბლიოთეკები რომში პოპულარული არ იყო, რადგან ხალხს ხელნაწერების შენახვა პირად კოლექციებში ერჩივნათ. სწავლა-განათლებასაც სახლში ღებულობდნენ. ამგვარად შესაძლოა ცელსუსის ბიბლიოთეკა უფრო გრაგნილთა შესანახი ყოფილიყო, სადაც საჯარო კითხვა ხდებოდა და არა სწავლის ცენტრი.

ბიბლიოთეკარები შესაძლოა განათლებული მონები ყოფილიყვნენ, როგორც მიღებული იყო რომის რესპუბლიკაში და სავარაუდოდ იმპერიის დროსაც შემორჩა.

ამრიგად ცელსუსის ბიბლიოთეკა უფრო დღევანდელი ბიბლიოთეკების მსგავსი იქნებოდა, როცა ალექსანდრიისა უფრო უნივერსიტეტის მსგავს დაწესებულებას წარმოადგენდა, სადაც სწავლულები ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ და წიგნებს თავადაც წერდნენ.