მნიშვნელოვანი სიახლეები
დუნდულების მუსიკა და ბოსხის სხვა იდუმალი ფანტაზიები (ვიდეო)

დუნდულების მუსიკა და ბოსხის სხვა იდუმალი ფანტაზიები (ვიდეო)

იერონიმ ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო უამრავგამოცანას შეიცავს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენთვის მისი ნამდვილი სახელწოდებაც კი უცნობია - „მიწიერ სიამოვნებათა ბაღი“ ამ ტრიპტიხს, მკვლევარებმა შეარქვეს

„ბიჭის დუნდულებზე დაწერილი მელოდია“ - მუსიკალური ნაწარმოებისათვის მთლად შესაფერისი დასახელება არაა, მაგრამ რას იზამ, იგი ბოსხის შუა საუკუნეების შედევრის შედეგად შეიქმნა.

როცა ოკლაჰომას (აშშ) შტატის ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტმა ამელია ჰემრიკმა ტრიპტიხის მარჯვენა პანელის ეს ფრაგმენტი დაინახა, მან უამრავი მოწამედან ერთ-ერთის დუნდულებზე დაწერილი ნოტებით მელოდიის დაკვრა გადაწყვიტა.

უშველებელი ბარბითისა და არფასგან მიჭყლეტილ სხეულს, ადამიანები და ურჩხულები ახვევია. ვიღაცას შუბზე წამოცმული, ალმოდებული ბაყაყი უჭირავს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება XV-XVI საუკუნეების ყველაზე იდუმალი ნიდერლანდელი მხატვრის, ბოსხის მხატვრული ფანტაზიის სამყაროში.

„მიწიერ სიამოვნებათა ბაღი“ 1490-1510 წლებს შორის პერიოდში შეიქმნა. ითვლება, რომ იგი მორალზე და ცოდვაზე მხატვრის შეხედულებებს გამოსახავს. ეშმაკი კი როგორც ცნობილია დეტალებში იმალება.

ხელოვნებათმცოდნეთა აზრით „მიწიერ სიამოვნებათა ბაღი“  მთელს დასავლურ კულტურაში ჯოჯოხეთის ყველაზე ცნობადი გამოსახულებაა. თუკი სარტრი იძახდა, რომ ჯოჯოხეთი ეს სხვა ადამიანებია, ბოსხის ჯოჯოხეთი ეს ადამიანებია ბუებთან, ურჩხულებთან და მარწყვთან, ასევე პარტიტურა მოსვირინგებულ დუნდულებთან ერთად.

„მე ვივარაუდე, რომ მეორე პარტია „დოს“ ტონალობაში უნდა აჟღერებულიყო, ასე იყო მიღებული იმ ეპოქაში. მე ეს ნოტები თანამედროვე სანოტო ჩანაწერების მიხედვით გადავწერე“, - აცხადებს ამელია ჰემრიკი თავის ბლოგში. ეს ჩანაწერი ინტერნეტში მალე ვირუსული გახდა.

 500 წლის მუსიკალური ეტიუდი ჯოჯოხეთიდან, დაკრული ბარბითზე, არფაზე და ქნარზე ანდა შესრულებული როგორც ლიტურგიული გრიგორიანული ქორალი, მართლაც რომ ჯადოსნური ჟღერადობის აღმოჩნდა.

 სწორედ ამაში მდგომარეობს ბოსხის გენია: სამოთხისა და ჯოჯოხეთის უზარმაზარი პანორამის შექმნისას, მან მოულოდნელი დეტალები დაამატა, რომლებიც უფრო მეტს მოგვითხრობენ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

წამება, სხვადასხვანაირი სახიჩრობა და... ნარდის სათამაშო დაფა. ტრიპტიხის მარჯვენა პანელზე ეშმაკეული ცხოველები ადამიანებს აწამებენ (ეტყობა ცოდვილებს), ზურგში დანებს არჭობენ და მათ გულებს შუბებზე აგებენ.

გვერდით კი დაფა და კამათლებია.

გროტესკული  არსებები არა მხოლოდ აწამებენ თავიანთ მსხვერპლთ, ისინი მათ ეთამაშებიან, მასხარად იგდებენ.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ ბოსხის ჯოჯოხეთი ძირეულად განსხვავდება სხვა შუასაუკუნეების მხატვართა ჯოჯოხეთებისგან. სხვებთან ცოდვილებს ქვაბში ხარშავენ, ანდა ტაფებზე ბრაწავენ, ანდა სულაც უმად მიირთმევენ.

„მიწიერ სიამოვნებათა ბაღში“ ცოდვილებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც აწამებენ - დაშინებით, შფოთვით, ქაოსით  და უსასოობით.

წამების გვერდით - პირქუში იუმორია. ტრიპტიხის ცენტრალურ პანელზე შიშველი ადამიანები  უზარმაზარ ფრინველებზე ზიან - შაშვებზე, იხვებსა და კოდალებზე.

ეს არა მხოლოდ ვირტუალური ხუმრობაა, არამედ სიტყვების თამაშიცაა.  ჰოლანდიური ზმნა "vogelen" (vogel - "ფრინველი")  შეიძლება გავიგოთ როგორც სექსუალური აქტი.

საერთოდ ბოსხის ტილო ბევრ მოულოდნელობას მალავს. მაგალითად  თუკი ნახატის კუთხეებიდან პირობითათ დიაგონალებს გავატარებთ, მაშინ გადაკვეთის წერტილში სააღდგომო კვერცხს აღმოვაჩენთ.

ხელოვნებადმცოდნე კელი გროვიეს აზრით, ამით მხატვარი მიგვანიშნებს, რომ მის მიერ დახატული საშინელი სამყაროდან გამოსავალი მაინც არის. სააღდგომო კვერცხი ქრისტიანულ ტრადიციაში ეს ხომ სიცოცხლის, სიცოცხლისკენ შემობრუნების საწყისია.

„მიწიერ სიამოვნებათა ბაღი“ პირველად 1517 წელს იხსენიება. იტალიელი მღვდელი ანტონიო დე ბეატის, რომელიც არაგონიის კარდინალს ბრიუსელში ვიზიტის დროს ახლდა, თავის სამგზავრო ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ ნახა „ტრიპტიხი, რომელზეც საოცარი რამაა გამოსახული... მაგალითად ნიჟარიდან გამოსული ადამიანები“.

თავის „შექსპირისა და სტიუარტების ეპოქის სექსუალური გამოთქმებისა და გამოსახულებების ლექსიკონში“ გორდონ უილიამსი აღნიშნავს, რომ მოლუსკები უხსოვარი დროიდან ავხორცობის სიმბოლოდ ითვლებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსხის ნახატში მიდიაა გამოსახული და არა ხამანწკა, მასში მაინც შეიძლება რამდენიმე მარგალიტის დანახვა, რომელიც სათესლე სითხეს მიაგავს.

ტრიპტიხის პირველი  აღწერისას მას ხშირად „მარწყვებიან ნახატს“ უწოდებდნენ, თუმცა „მიწიერ სიამოვნებათა ბაღში“  სხვა კენკრა და ხილიც ბევრია.

 ადამიანთა ჯგუფი ვაშლს აგროვებს. აქ ბიბლიაზე მინიშნებაცაა: მამაკაცი ბოროტი ღიმილით ქალს მარწყვს სთავაზობს.

ნახატის სხვა ნაწილებში წყვილები ერთმანეთს კენკრით კვებავენ - სცენა კურტუაზიული რომანების სტილშია. მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფლირტი.

ერთი კრიტიკოსის აზრით ბოსხი „არღვევს და ყრვნის“ კურტუაზიულ თემას, ვინაიდან მარწყვი - სიყვარულის ტრადიციული სიმბოლო - მის ნახატში ჯოჯოხეთურ ტვირთადაა ქცეული.

ერთი შეხედვით მონაზვნის სამოსში გამოწყობილი ღორი  ამ ფრაგმენტის ცენტრალურ ფიგურას ჰგავს, მაგრამ მის გვერდით ამპუტირებულ ფეხს უფრო ღრმა აზრობრივი დატვირთვა აქვს.

ეს „წმინდა ანტონის ცეცხლზე“ მინიშნებაა - პარაზიტი სოკოთი დაავადებული ჭვავისგან გამომცხვარი პური კიდურების განგრენას იწვევდა.

როგორც ბოსხის მკვლევარი პიტერ ვან ჰეისტე გვიხსნის, „ცუდი ხაბაზისგან გამომცხვარი პურის ჭამისას... თქვენი კიდურები ლპობას იწყებდა, ხოლო გონებას ჰალუცინაციები ბინდავდა, რასაც საბოლოოდ სიგიჟემდე მივყავდით“.

1950-იან წლებში ამ პარაზიტის ერთ-ერთი კომპონენტიდან LSD - ძლიერი ჰალუცინოგენური ნარკოტიკი მიიღეს.

„ბოსხი თავის „მიწიერ სიამოვნებათა ბაღს“  ნარკოტიკული თრობის დროს ხომ არ ხატავდა? - კითხულობს ხელოვნებადმცოდნე.

ჰანს ბელტინგის მიხედვით, რომელიც ტილოს უფრო უტოპიურს უწოდებს, ვიდრე აპოკალიფსურს, ადამიანი-ხეს ფანტასმაგონიური ფიგურა - თვით ბოსხის ავტოპორტრეტია.

 ხელოვნებადმცოდნე რეინდერტ ფალკენბურგი უმატებს, რომ შუა საუკუნეების ჰოლანდიელი ფერმწერის ანთროპომორფული ფიგურები - ეს რთული სახეებია, რომელიც მნახველს დაფარულ აზრებზე ჩაფიქრებას ურჩევს.

მართლაც  „მიწიერ სიამოვნებათა ბაღი“  ანალიზს ძნელად ემორჩილება.  ნაწარმოები მისი ინტერპრეტაციის ნებისმიერ მცდელობას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს.

ფალკენბურგი ვარაუდით სწორედ ამგვარი იყო ბოსხის ჩანაფიქრი.

თავის ნაშრომში „ადრეული ნიდერლანდური ფერწერა“ ერვინ პანოფსკი წერს: „მიუხედავად ბოსხის მკვლევართა გამომგონებლობისა და ერუდირებულობისა, რომლებიც ეჭვი არაა მისი ნაწარმოების გაშიფრვის საქმეში საკმაოდ წინ არიან წასულები, მე არ მიტოვებს შეგრძნება, რომ დიდი ნიდერლანდელის დიდებული კოშმარებისა და ზმანებების ნამდვილი მნიშვნელობები ჯერ კიდევ წინ გველოდება“.

„ჩვენ დაკეტილი ოთახის კარებში მხოლოდ რამდენიმე ნახვრეტი გავაკეთეთ, მაგრამ მისი გასაღები ჯერ ვერ გვიპოვია“, - ასკვნის იგი.