მნიშვნელოვანი სიახლეები
ფაშფაშა ფორმები

ფაშფაშა ფორმები

იყო ლამაზი - ეს ძვირი სიამოვნებაა. ამჟამად მთელს მსოფლიოში დიდი თანხები იხარჯება ლამაზი ტანის დასაყენებლად. რუბენსის ეპოქაში კი წარმატებისა და შეძლების მაჩვენებელი სრულიად საწინააღმდეგო იყო.

 „რუბენსის“ ქალები საქართველოში საკმაოდ ცნობილია ფილმიდან „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“. ფლამანდელმა თავის თანამედროვეებში ღრმა კვალი დატოვა თავისი „პლიუს საიზ“ სხეულის მქონე ვენერებით, დიანებითა და გრაციებით. რუბენსი მათ არა იმდენათ თავის გემოვნების, რამდენადაც მდიდარი შემკვეთების გემოვნების გამო ხატავდა.

 ფლანდრის მთავარი ქალაქი ანტვერპენი XVI საუკუნეში მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი იყო. სწორედ აქ დაიდო ბინა და გაატარა ცხოვრების მეტი წილი მხატვარმა. სამოქალაქო ომმა და ჩრდილოეთ ნიდერლანდების ესპანეთის იმპერიიდან გამოყოფამ, ზღვაზე გასასვლელის ბლოკადამ ანტერვენის ძლიერება დასცა. მაგრამ XVII  საუკუნის დასაწყისში ქალაქმა ნელნელა დაიბრუნა წარსული დიდება. 1630 წელს ესპანური ნიდერლანდების მეფისნაცვალი ფერდინანდი, შოკირებული იყო ანტვერპენელთა საზეიმო სუფრების სიუხვით და მაგის გამო მათ ველურებს ეძახდა. ტიპიური ფლამანდური სადილი ძალიან კალორიული იყო: ზეთი, ხორცი და ყველი, სხვადასხვანაირი პურფუნთუშეული, ლუდი. საკვებს ქონზე და კარაქზე ამზადებდნენ. კოლონიებიდან დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდათ შაქარი და ამ ძვირმა პროდუქტმა ფლამანდური სამზარეულო დაიპყრო. ანტვერპენის ელიტარული წრეებიდან გამოსული პატარძალი რეგულარულად, კალორიულად და მდიდრულად იკვებებოდა. მისი მსუყე ფორმები შეძლების მაჩვენებელი იყო. ამგვარი სილამაზე დიდ გასავალში იყო და ამიტომაც რუბენსი მას სიამოვნებით ამრავლებდა ტილოებზე.

1 ვენერა. სიუჟეტი „ვენერას ტუალეტი“ ხელოვნებაში ანტიკური ხანიდან არის ცნობილი. მაგრამ რუბენსთან სიყვარულის ქალღმერთი არც ბერძენია და არც რომაელი. იგი ტიპიური ფლამანდელია: ქერა, ფაშფაშა ფორმებით. ეს შეძლებული ქალბატონია, კარგად მოვლილი, მაგრამ ზედმეტად მსუქანი ფორმებით, თეთრი კანით, მოვლილი ხშირი თმებით, მდიდრული ნივთების გარემოცვაში.

 2 სარკე. სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთის ატრიბუტი, ქალური მომხიბვლელობის ატრიბუტი. დიდი, მეტრამდე სიგრძის სარკეები, საკმარისად ბრტყელები, რათა გამოსახულება არ დაამახინჯონ. მათი დამზადება   XVI საუკუნეში ვენეციელმა ოსტატებმა (კუნძულ მურანოდან) შეისწავლეს. ვენეცია დიდხანს ინარჩუნებდა მონოპოლიას ამ პროდუქციაზე და ამიტომაც დიდი და ხარისხიანი სარკე იშვიათი და ძვირადღირებული საქონელი იყო. ასე მაგალითად 1683 წელს გარდაცვლილი ფრანგი მინისტრის ჟან ბატისტ კოლბერის ქონების აღწერისას 117 სანტიმეტრის სიმაღლის ვენეციური სარკე 2,6-ჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რაფაელის ტილო.

 3 მსახური ქალი. პირველი ზანგი მონები ანტვერპენში XVI საუკუნეში პორტუგალიელმა ვაჭრებმა შემოიყვანეს. ევროიპელები მათ 30 ფლორინად ყიდულობდნენ, ახალ სამყაროში გადაჰყავდათ და 300-500 ფლორინად ყიდნენ. ანტვერპენში მონათმფლობელობა კანონით აკრძალული იყო. მაგრამ ბევრ ოჯახში მათი ყოლა მოდურად ითვლებოდა.

4 სამაჯური.  XVI საუკუნის ფრანგი იუველირის ცოლის ანდერძში ოქროს სამაჯურების წყვილი 15 ოქროს ეკიუდ იყო შეფასებული. ეს კი მასწავლებლის წლიურ ხელფასზე მეტი იყო.

5 მარგალიტი. ვენერას ატრიბუტი. იგი ხომ ბერძნული ქალღმერთის აფროდიტას ორეული იყო, რომელიც ჰესიოდეს მიხედვით ზღვის ქაფიდან იშვა. სწორი ფორმის მარგალიტები ძვირი ღირდა და ზოგჯერ ალმასებზე მეტად ფასობდა. დედოფალ მარია მედიჩის ორი დიდი მარგალიტი ჰქონდა, რომელთაგან თითო 2600 ლივრი ღირდა და 6 უფრო მცირე ზომისა - 300 ლივრიანი (ცხენი მაშინ 30 ლივრი ღირდა).

6 ფარდაგი. წითელი ფერი ლტოლვის ასოციაციას ქმნიდა,  ხავერდი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილი იყო. XVI საუკუნის  ჰოლანდიაში ხავერდის ტანსაცმლის ტარებაზე გადასახადი არსებობდა. XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისში ხავერდის სამი იარდი (2,74 მეტრი) ორი გირვანქა ღირდა. ზუსტად ამდენად ფასობდა ერთი ძროხა და მოსამსახურე ქალის წლიური შრომა.