მნიშვნელოვანი სიახლეები
ფლამანდური „დაფა“ ორი სამყაროს საზღვარზე

ფლამანდური „დაფა“ ორი სამყაროს საზღვარზე

გენტის საკურთხეველზე ფლამანდელი იან ვან ეიკი 10 წელი მუშაობდა, 1422–დან 1432 წლამდე. ეს იყო ქალაქ გენტის ბურგომისტრის იოოს ვეიტის და მისი ცოლის ელიზაბეთ ბარლიუტის შეკვეთა. იოოსი და მისი ცოლი უკვე სიბერეში  იყვნენ შემდგარნი, მაგრამ ღმერთს მათთვის შვილები არ მიუცია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ  გარდაცვალების შემდეგ მათზე არავინ ილოცებდა. იმ დროში ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ. ადამიანი თავისი საქციელის გამო ჯოჯოხეთში, რომ მოხვედრილიყო, ერთადერთი გზა მათთვის წამების შესამსუბუქებლად და საშინელი სამჯავროს დროს მათთვის ცოდვების საპატიებლად, მათი სულებისთვის ლოცვა იყო. ამიტომ იოოსმა და ელიზაბეთმა გადწყვიტეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის (1540 წლიდან წმინდა ბავონის, გენტის მფარველის) ტაძრისათვის, სადაც მათ საოჯახო კაპელაც კი ჰქონდათ, შეეწირათ ძვირფასი საკურთხეველი და მსხვილი თანხა, რათა კლირიკებს ყოველდღე მოეხსენიებეინათ ისინი ლიტურგიაში „სამყაროს დასასრულამდე“. გენტის საკურთხეველი 12 პანელისგან შედეგა: რვა მოძრავი და ოთხი უძრავი (საკურთხეველს ხსნიდნენ კვირა დღესა და დღესასწაულებში). მის გარეთა მხარეს გამოსახულია დონატორები და ხარების სცენა, ხოლო შიდაზე – ზეციური ლიტურგია.

ვან ეიკის ნაშრომს მძიმე ცხოვრება ერგო. 1566 წელს, ფლანდრიის და ესპანეთის ომის დროს, საკურთხეველი უსაფრთხოებისთვის ქალაქის რატუშაში გადაიტანეს. როცა გენტში პროტესტანტული რესპუბლიკა დამყარდა (1578–1584), საკურთხეველი კინაღამ ინგლისის დედოფალს ელისაბედ I–ს აჩუქეს, კათოლიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის. ჩუქება არ შედგა მხოლოდ იოოს ვეიტის შორეული ნათესავის პროტესტის გამო. თავის ძველ ადგილზე საკურთხეველი მხოლოდ 1584 წელს, პროტესტნტების დამარცხების შემდეგ დაბრუნდა. ამის შემდეგ ორი საუკუნე საკურთხევლისთვის სიმშვიდის წლები იყო. მაგრამ 1792 წელს როცა რევოლუციური საფრანგეთის ჯარები შეიჭრნენ ფლანდრიაში, საკურთხევლის ოთხი ცენტრალური პანელი წაიღეს ლუვრის ნახატების გალერეის შესავსებად. 1815 წელს ტახტზე დაბრუნებულმა ლუდოვიკო XVIII–ემ საკურთხევლის ნაწილები დააბრუნა მათ სამშობლოში. მაგრამ გავიდა ერთი წელი და გენტის საკურთხეველს ახალი უბედურება შეემთხვა. შობის წინ წმიდა ბავონის ტაძრის ვიკარიუსმა – ლე სიურმა – ჩუმად მიყიდა საკურთხევლის 6 პანელი უცნობ პირს 6000 ფრანკად, რათა ეშოვა ტაძრის სარემონტო ფული. ოთხი წლის შემდეგ საკურთხევლის ეს ნაწილები გერმანიის მომავალ კაიზერის – ვილჰელმის, ხელში მოხვდა, რომელმაც 400 000 ფრანკად შეიძინა ისინი ედვარდ სოლისგან – ინგლისელი ხე–ტყით მოვაჭრისგან.

გერმანელები უარს არ იყვნენ დანარჩენი ნაწილებიც ჩაეგდოთ ხელში. ამის შანსი მათ მხოლოდ 1914 წელს მიეცათ, როცა გერმანიის ჯარებმა ბელგიის ოკუპაცია მოახდინეს. მაგრამ სასურველი განძი მაინც არ მოხვდა მათ ხელში: ტაძრის კანონიკმა ვან დე ჰეინმა შეძლო ისე დაემალა ეროვნული საგანძური, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად გერმანელებმა ისინი ვერ იპოვნეს. როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია იძულებული გახდა ხელი მოეწერა დამამცირებელი ვერსალის საზავო ხელშეკრულებისათვის  (1919 წელს), იქ იყო პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებდა ფლანდრიისათვის ვან ეიკის საკურთხევლის ექვსი დაფა დაებრუნებინა. ამგვარად საკურთხევლის მთლიანობა აღდგა. მაგრამ 1934 წლის 11 აპრილს  წმიდა ბავონის ტაძრის მედავითნემ აღმოაჩინა რომ ერთი დაფა ისევ გამქრალიყო. მისი გარეთა მხარის, დონატორის (იოოს ვეიტის) გამოსახულებით, დაბრუნება შეძლეს, მისი შიდა მხარე კი სად გაქრა დღემდე გაურკვეველია. მის მაგივრად 1939 წელს ასლი ჩასვეს.

 მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ბელგიელებმა, ახსოვდათ რა 1914 წელი, თავიანთი საგანძური საფრანგეთში გაიტანეს. მაგრამ სამალავი საიმედო არ აღმოჩნდა. საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ გერმანელებმა საკურთხეველი გაბარიულ ციხე–დარბაზში ნოიშვანშტეინში გადაიტანეს. შემდეგ გადამალეს მაღაროში ავსტრიული ქალაქის ალტ–ანზეეს მახლობლად. 1945 წლის 3 მაისს ინგლისელთა საიერიშო ჯგუფმა აიღო ქალაქი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ აღმოჩენილი იქნა გადამალული საგანძური. საკურთხეველი თავის ძველ ადგილას გენტში დააბრუნეს, სადაც დღემდე იმყოფება.

საკურთხევლის კომპოზიცია და სიმბოლიკის დიდი  ნაწილი ერთ მთლიან იდეას არის დაქვემდებარებული: ვან ეიკის ამოცანას წარმოადგენდა, ტაძარში მყოფ მორწმუნეთათვის შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საკურთხეველი წარმოადგენს რეალურ საზღვარს ორ სამყაროს შორის: მიწიერ და იმქვეყნიურს, საკრალურსა და პროფანულს. მხატვარმა ეს შეძლო: ოსტატმა გადაწყვიტა პრობლემა, აღნიშნა რა სამ გეომეტრიული განზომილების გარდა, კიდევ მეოთხე საკრალული განზომილების შექმნით, აათამაშა რა სივრცითი ოპოზიცია – მარცხენა/მარჯვენა.