მნიშვნელოვანი სიახლეები
გოგენის ნახატი რეკორდულ 300 მილიონ დოლარად გაიყიდა

გოგენის ნახატი რეკორდულ 300 მილიონ დოლარად გაიყიდა

ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის ნახატი, რომელზეც ორი ტაიტელი ქალია გამოსახული რეკორდულ 300 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ოდესმე ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ.

ნახატი Nafea Faa Ipoipo („როცა შენ გათხოვდები“) 1892 წელს შეიქმნა და ბაზელში მცხოვრები შვეიცარიელი კოლექციონერის რუდოლფ შტეხელინის ნახატების კოლექციაში ინახებოდა.

ათეული წლების განმავლობაში ნახატი ბაზელის „კუნსტმუზეუმში“ იყო გამოფენილი. ამერიკული პრესის მიხედვით, შტეხელინსა და მუზეუმის დირექციას შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო მფლობელმა ნახატის გაყიდვა გადაწყვიტა.

 კოლექციონერმა გაზეთ New York Times განუცხადა, რომ არ გაამხელს მყიდველის სახელს და ამიტომ თავიდან უცნობი იყო, თუ ვინ შეიძინა ასე ძვირად ეს ნახატი, მაგრამ გაზეთი  New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მყიდველი - Qatar Museums-ია („ყატარის მუზეუმი“).  ეს ორგანიზაცია ამ ემირატისათვის ხელოვნების ნიმუშების შესყიდვითაა დაკავებული.

 ყატარის ოფიციალურმა პირებმა ჯერ არ დაადასტურეს ეს ინფორმაცია.

ყატარის სამეფო ოჯახმა უკანასკნელ პერიოდში  დასავლური ხელოვნების ნიმუშების შესაძენად  უზარმაზარი თანხები დახარჯა.

უფრო ადრე ყატარმა შეიძინა აწ უკვე ფასით მეორე ადგილზე მყოფი ნახატი - პოლ სეზანის ნამუშევარი, რომელშიც 259 მილიონი დოლარი გადაიხადა.

შეიხმა საუდ ბინ მოჰამმედ ალ-ტანიმ, ყატარის ყოფილმა კულტურის მინისტრმა, რომელიც შარშან გარდაიცვალა, ხელოვნების ნიმუშებში ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდ დოლარზე  მეტი დახარჯა.

2012 წელს ყატარმა სპონსორობა გაუწია ბრიტანელი მხატვრის დემიენ ჰერსტის ნამუშევრების რეტროსპეტულ გამოფენას ინგლისში. ამის შემდეგ მხატვარი ყატარის დედაქალაქ დოჰაში გადავიდა. ქვეყანა აგრეთვე ბევრ ინვესტიციებს დებს ისლამური და თანამედროვე არაბული ხელოვნების მუზეუმების შექმნაში.

პოლ გოგენის ნახატები ყოველთვის იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას და ეს ყურადღება ზოგჯერ საკმაოდ უცნაურ ფორმებს იღებდა. 2011 წელს ამერიკელი სიუზან ბერნსი შეეცადა, მხატვრის ნახატი „ორი ტაიტელი ქალი“ ნაციონალური გალერეის კედლიდან ჩამოეგლიჯა. იგი ირწმუნებოდა, რომ ეს ნახატი ბოროტის ხორცშესხმას წარმოადგენს.

 გალერეის კურატორმა განაცხადა, რომ გოგენის მიერ ახალგაზრდა ტაიტელი ქალების ტილოებზე გამოსახვა  წარმოადგენს „მხატვრის მითიურ წარმოდგენას ტაიტიზე, როგორ სამოთხის სადარ ადგილზე, ლამაზი და მომაჯადოვებელი ქალებით“.