მნიშვნელოვანი სიახლეები
გოია კუშტ გენიოსად იშვიათმა დაავადებამ აქცია

გოია კუშტ გენიოსად იშვიათმა დაავადებამ აქცია

ფრანსისკო გოია მხიარული და ნათელი ნახატების ავტორად არის ცნობილი - მაგალითად მისი ცნობილი ტილო „ქოლგაც“ კმარა.  მაგრამ იმავდროულად იგი ისტორიაში ყველაზე კუშტ მხატვრადაც შევიდა, როგორც ოფორტების სერია „კაპრიჩოს“ შემქმნელი. ეს ოფორტების სერია ადამიანის ნაკლოვანებებზე, შიშებზე და სიკვდილზე მოგვითხრობს. „მხიარულისგან“ ხელოვანის „კუშტ“ პერიოდზე გადასვლა მედიკოსთა აზრით იშვიათი აუტოიმუნური დაავადებით არის გამოწვეული.

ისტორიული კლინიკური პათოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე მონაწილეებს ტრადიციულად მედიკო-ისტორიულ გამოცანა შესთავაზეს: იმ დაავადების სიმპტომების აღწერა, რომელიც დიდი ხნის წინათ გარდაცვლილ ადამიანს სჭირდა. წელს მერილენდის უნივერსიტეტელ ექიმ-ოტოლარინგოლოგს რონა ჰერცანოს წილად ხვდა დაავადების აღწერა, რომელმაც ესპანელი მხატვრის ფრანსისკო გოიას ხელოვნება სამუდამოდ შეცვალა.

  1792 წლის შემოდგომაზე ორმოცდაექვსი წლის გოია ავად გახდა. დაავადების სიმპტომებს ექიმებმა ჩხვლეტები უწოდეს. ერთი წლის შემდეგ დაავადებამ მხატვარი ლოგინს მიაჯაჭვა. მკურნალობას ორი წელი დასჭირდა: შედეგად მხატვარი ცალი ყურით დაყრუვდა, ხოლო მისი შემოქმედება კოშმარების ქრონიკად იქცა. მხატვრის წერილებიდან ისტორიკოსებმა იციან, რომ დაყრუებამდე იგი ყურში შუილს და წონასწორობის დარღვევას უჩიოდა. უჭირდა კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და მუდამ დავარდნის შიში ჰქონდა. ამას გარდა მხატვარი ძლიერ თავის ტკივილებს უჩიოდა. მას ხშირი ჰალუცინაციები აწუხებდა და დროდადრო დამბლა ემართებოდა.  სმენის პრობლემების გამო მას სამეფო აკადემიის კათედრაზე უარის თქმა მოუწია - წერილში გოია წერდა, რომ  მას სტუდენტების აღარ ესმოდა.

ჰერცანოს ვარაუდით დაავადება ტვინში დაიწყო და მხატვრის სმენის ორგანოებზე იქიდან გავრცელდა. ამგვარი რამ დამახასიათებელი ისეთი ინფექციური დაავადებებისათვის როგორიცაა მენინგიტი ანდა სიფილისი, მაგრამ ჰერცანომ ეს დაავადებები თავიდანვე გამორიცხა. „სიფილისს პიროვნების რღვევასთან და დემენციასთან მივყავართ, ეს სიმპტომები კი ჩვენს „პაციენტს“ სიცოცხლის ბოლომდე არ აღენიშნებოდა“ - მსჯელობდა ჰერცანო. მენინგიტი კი იმის გამო გამოირიცხა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მხატვარი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ჰერცანომ ასევე უარყო ტყვიით მოწამვლაც: ორგანიზმში ამ ლითონის დაგროვებამ შესაძლოა სიყრუე გამოიწვიოს. გოია ტყვიის შემცველ საღებავებს კი ხმარობდა, მაგრამ ამგვარი  მოწამვლა სხვა სიმპტომებს ვერ ხსნიდა.

 საბოლოოდ ჰერცანოს დასკვნით გოიას იშვიათი დაავადება - სუსაკის სინდრომი სჭირდა. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები კარგავენ სმენას, მხედველობას. ისინი ჰალუცინაციებით და დაბმლით იტანჯებიან.

სუსაკის სინდრომი - აუტოიმუნური დაავადებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს უტევს. სუსაკის სინდრომის დროს ამგვარი შეტევები ტვინის ორგანულ დაზიანებას იწვევენ, რაც იწვევს ჰალუცინაციებს და შაკიკს. არღვევს ტვინსა, ყურებს და თვალებს შორის სისხლის ცირკულაციას, რაც მხედველობის და სმენის დაქვეითებას იწვევს. როგორც წესი დაავადება ერთიდან სამ წლამდე გრძელდება.

ავადმყოფობის დროს გოიამ 80-მდე ტილო შექმნა - მოჩვენებათა, ალქაჯთა და ღამის კოშმარების სხვა არსებათა  პორტრეტები. თანამედროვეებმა მათში დაავადებული ტვინის შემოქედების მაგივრად კაცობრიობაზე მუქი სატირა დაინახეს.