მნიშვნელოვანი სიახლეები
გუსტავ კლიმტის ნახატებზე ორნამენტები  ფროიდის სიმბოლიკით არის სავსე

გუსტავ კლიმტის ნახატებზე ორნამენტები ფროიდის სიმბოლიკით არის სავსე

„კოცნა“

ტილო, ზეთი, ვერცხლი, 180X180 სანტიმეტრზე

1907-1908 წლები

ახლა ვენის (ავსტრია) ბელვედერის გალერეაში არის დაცული

კრიტიკოსები კლიმტს ეპატაჟური ტილოებისათვის არაერთხელ აკრიტიკებდნენ. ისინი მას გახრწნილ გემოვნებაში სდებდნენ ბრალს და მის ნამუშევრებს პორნოგრაფიას უწოდებდნენ. თუმცა „კოცნამ“ საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. პირველივე გამოფენა, სადაც ეს ტილო იყო წარდგენილი, დახურული არც კი იყო, როცა იგი შეიძინეს. მასში იმ დროისათვის დიდი თანხა 25 000 კრონი გადაიხადეს.

 გუსტავ  კლიმტის მრავალრიცხოვანი ხანმოკლე რომანების მიუხედავად (მისი სიკვდილის შემდეგ 14 ადამიანი თავს მის უკანონო შვილს უწოდებდა) მხატვრის ცხოვრებაში იყო ქალი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მან 30 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. ეს ქალი მოდელიორი ემილია ფლეგე იყო.  კლიმტის შემოქმედების სპეციალისტი, ავსტრიის ბელვედერის გალერეაში XIX–XX საუკუნეების კოლექციათა კურატორი ალფრედ ვაიდინგენი თვლის, რომ მხატვარმა „კოცნაზე“ სწორედ თავისი თავი და ემილია გამოსახა. მაგრამ მამაკაცის სახე არ ჩანს, ხოლო ქალის სახეს ტილოზე ინდივიდუალური ნიშნები თითქმის დაკარგული აქვს და ნიღაბს ჰგავს. ეს იდეალური შეყვარებულების განზოგადოებული სახე უფროა.

კლიმტის შემოქმედება, მისი წინააღმდეგობებით აღსავსე ქალის სახეები, - სქესთა ურთიერთობების თემაზე ერთგვარი კვლევაა. ამგვარი თემებით XX საუკუნის დასაწყისი ვენაში ბევრის გონება იყო აღსავსე. ყავახანებში დოქტორ ზიგმუნდ ფროიდის „სიზმრის ახსნას“ განიხილავდნენ. ეს საფუძვლიანი ნაშრომი სწორედ 1899 წელს გამოვიდა და ფსიქოანალიზის თეორიას ეხებოდა. სწორედ ამის შემდეგ მხატვრის ტილოებზე მრავლად გაჩნდა იმგვარი სიმბოლიკა, როგორიც მძინარე ადამიანს გაუცნობიერებლად მოსდის.

  1 ქალი. ფატალური და ძალაუფლების მოყვარული ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც კლიმტის ტილოებზე ადრე ხშირად ჩნდებოდნენ, აქ ქალი დაწყნარებული და შეყვარებულთან თითქმის გაერთიანებულია. ხელოვნებათმცოდნე ჟილ ნერეს თქმით „კოცნა“ სქესთა შერიგების და შერწყმის ყველაზე ღია სიმბოლოა.  

2 მამაკაცი. მისი პერსონაჟის მთლიან  ფიგურაში ფალიური სიმბოლო იკითხება. მამაკაცის თავი და კისერი ამოზიდულ ფიგურას ქმნის, ხოლო ქალის სახის გარშემო ყვავილთა ორეოლი - ქალური სიმბოლოა: ამგვარად კოცნა - ფიზიკური სიახლოვის ალეგორიული სიმბოლოა.

3 ზეწარი. ორი ფიგურის გამაერთიანებელი  ოქროს საფარველი სპირალებით არის მორთული. ეს უძველესი ორნამენტული სიმბოლოა, რომელსაც ხშირად სიცოცხლის და განვითარების სიმბოლოდ განმარტავენ. ოქორს ორეოლის შიგნით წყვილის გაერთიანება ახალ სიცოცხლეს წარმოშობს.

4 მართკუთხედები. ვერტიკალური გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც  შეყვარებულთა ტანსაცმელზე სჭარბობს - მამაკაცური საწყისი სიმბოლოა.

5 ოვალები და წრეები. ეს უკვე ქალური საწყისის სიმბოლოებია. ხელოვნების  ისტორიკოსი ალესანდრა კომინი თვლის, რომ კლიმტის ორნამენტები, ფრეიდის სიზმრებისა და მათი ახსნების მსგავსად ცნობიერსა გაუცნობიერებელს შორის დამაკავშირებელი რგოლია.

6 ყვავილები. მინდორი ზაფრანებით და ფურისულებით არის მოფენილი, რომლებიც ადრე გაზაფხულზე ჰყვავიან, მაშინ როცა მიწის ნაყოფიერი ძალები იღვიძებენ. ჭრელი მცენარეული საფარი პერსონაჟების ტანსაცმელზე „ირეკლება“: შეყვარებული წყვილი ბუნების ჰარმონიულ ნაწილს წარმოადგენენ.

7 ფონი. ოქროსა და ვერცხლის გამოყენება კლიმტის ფერწერაში 1903 წლის შემდეგ იკვეთება, როცა მან რავენა მოინახულა. იქ იგი VIსაუკუნის რომაულ -ბიზანტიური მოზაიკით მოიხიბლა. ძვირფასი ფონი წყვილის ამბორს საზეიმო-საიდუმლო ელფერს ანიჭებს.

8 სუროს გვირგვინი. მარადმწვანე მცენარე უკვდავების სიმბოლოა. იგი ასევე სიყვარულში ერთგულებასაც ნიშნავს, ვინაიდან იგი ხეს ეხვევა.