მნიშვნელოვანი სიახლეები
Hoy toca el Prado: გთხოვთ შეეხოთ ნახატებს

Hoy toca el Prado: გთხოვთ შეეხოთ ნახატებს

მთელი მსოფლიოს მუზეუმებში ვიზიტისას ალბათ ხშირად მოგვისმენია ფრაზა „გთხოვთ არ შეეხოთ“, მაგრამ ამჟამად მადრიდის პრადოს მუზეუმი (Museo del Prado) წარმოგვიდგენს ახალ, სპეციფიკურ გამოფენას, სადაც ეს წესი უნდა დავივიწყოთ; გამოფენა ფოკუსირებულია მხედველობის არმქონე ან სუსტი მხედველობის მქონე ვიზიტორებისათვის.  

ინოვაციური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, პროექტში Hoy toca el Prado (თარგმანში: „შეეხეთ პრადოს“) წარმოდგენილია ექვსი ნამუშევარი, რომელიც წარმოადგენს მუზეუმში დაცული, ცნობილი მსოფლიო შედევრების ასლებს. მაგრამ ერთი განსხვავებაა: ამ ნამუშევართა შეხება ახლა ნებადართულია.

ეს ასლები შექმნილია დახვეწილი 3D ბეჭდვითი ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით. მნახველებს შეუძლიათ  შეიგრძნონ მხატვრული სამყაროს ზოგიერთი შედევრის ფაქტურის სირთულე.  

ერთ–ერთმა მამაკაცმა მნახველმა, რომელიც ეწვია გამოფენას „შეეხეთ პრადოს“, განაცხადა: „ჩვენთვის ხედვის ერთადერთი საშუალება არის შეხებით აღქმა. ჩემი მხედველობა პირდაპირ უკავშირდება შეხებას. შესაბამისად, მე არ შემიძლია ვიხილო მუზეუმში დაცული ნახატები სხვა მნახველების მსგავსად – თუ გვერდით მდგომმა არ ამიხსნა შინაარსი. მაგრამ ამ გამოფენაზე, მე მაქვს შანსი ჩემი ხელებით ვიხილო ექსპოზიცია.“

პროექტი შემუშავდა მხედველობის დაქვეითების სექტორის პროფესიონალებთან თანამშრომლობის საფუძველზე. იგი საშუალებას აძლევს მნახველს აღიქვას ნახატი რეალურად და გონებაში ერთიანად წარმოიდგინოს.

პრადოს მუზეუმის (Museo del Prado) კურატორი ფერნანდო პერეზი კმაყოფილია საზოგადოებაში ამ გამოფენისადმი დამოკიდებულების საკითხით.  “ამ ნახატების შეხება უკვე შეგიძლიათ“, თქვა მან. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ნახატები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყვნენ. ჩვენი პირველი ნაბიჯი გვიჩვენებს რომ სწორ გზაზე ვდგავართ – რომ საზოგადოება იგებს ჩვენს ნახატებს. ამიტომ, ჩვენ ცხადია კმაყოფილები ვართ.“

ჩვენება ასევე მოიცავს დიდაქტიკურ მასალას, როგორც არის ტექსტები ბრაილის შრიფტზე, აუდიო გიდი და  დაბურულმინებიანი სათვალეები, რომლებიც განკუთვნილია გამოფენაზე მოსული სრული მხედველობის მქონე მნახველებისათვის.

გამოფენა ‘Hoy toca el Prado’ გასტანს 2015 წლის 28 ივნისამდე. მუზეუმში შესვლა უფასოა მხედველობის არმქონე პირებისა და მათი თანმხლები პირებისათვის.