მნიშვნელოვანი სიახლეები
იმპრესიონიზმი სტარტაპი იყო

იმპრესიონიზმი სტარტაპი იყო

„მის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებოდით...“ კლოდ მონეს ეს სიტყვები - იმ როლს ზუსტად შეესატყვისება, რომელიც იმპრესიონიზმის განვითარებაში ფრანგმა არტ-დილერმა პოლ დიურან-რიუელმა ითამაშა.

მაგრამ ერთია სიტყვები და მეორეა თვალსაჩინო მტკიცებულება.

სამუზეუმო გამოფენები, როგორც წესი ეძღვნებათ მხატვრებს ანდა მიმდინარეობებს მხატვრობაში.

ლონდონის ეროვნულ გალერეაში გამართული გამოფენა „იმპრესიონიზმის გამოგონება“ აქცენტს, ხელოვნებაში ამ რევოლუციური მიმართულების, აქამდე მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრისათვის ნაცნობ ფიგურაზე, არტ-დილერ პოლ დიურან-რიუელზე აკეთებს.

1860-იანი წლების ბოლოს 33 წლის დიურან-რიუელმა მემკვიდრეობით საოჯახი ბიზნესი - ნახატებით ვაჭრობა მიიღო. ხელოვნება, რომლითაც მისი გალერეა იყო დაკავებული, საკმაოდ ტრადიციული იყო - საფრანგეთის აკადემიაში დამკვიდრებული ჟან ბატისტ კორო, ეჟენი დელაკრუა. ხანდახან  მაშინ ნოვატორულად აღიარებული ბარბიზონის სკოლის წარმომადგენლები - რუსო, მილე, დობინი.

 undefined

პიერ ოგუსტ რენუარი. პოლ დიურან-რიუელის პორტრეტი. 1910 წ.

 

ყველაფერი ლონდონში დაიწყო 

1870 წლის სექტემბერში, პარიზში შემოჭრილი პრუსიის არმიისგან თავის დაცვის მიზნით დიურან-რიუელი ოჯახთან და ნახატებთან ერთად ლონდონში გადავიდა. უკვე წლის ბოლოს ლონდონის ნიუ ბონდ სტრიტზე გალერეა გახსნა, სადაც შეეცადა ინგლისელებისთვის მიეყიდა თავისის კოლექცია. ვაჭრობა ცუდათ მიდიოდა: მაშინდელი ბრიტანული საზოგადოებრივი აზრი აშკარად ანტიფრანგულად იყო განწყობილი.

 დიურან-რიუელი არ იყო ფრანგული არტ-სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელი , რომელიც საფრანგეთ-პრუსიის ომსა ლა-მანშის იქით გაექცა. მალე იგი გაეცნო ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობ კამილ პისაროსა და კლოდ მონეს.

 ამ პერიოდის ოთხი „ლონდონური“ ნახატი წარმოდგენილია გამოფენაზე. ადვილი გასაგებია როგორ და რატომ ააფორიაქა ამ ნახატებმა დიურან-რიუელი. მაშინ ტერმინი „იმპრესიონიზმი“ კიდევ არ იყო, მაგრამ არასპეციალისტისთვისაც გასაგები იყო, რომ ახალი ხელოვნება ჩაისახა.

1872 წელს იგი პარიზში დაბრუნდა, სადა გაიცნო ედუარდ მანე და მაშინვე იყიდა მისი 23 ტილო - ეს აშკარად სარისკო ნაბიჯი იყო, მით უფრო რომ მანეს სახელი ბაზარზე არ იყო ცნობილი. მანეს მალე მიჰყვა სისლეი და დეგა.

თავად დიურან-რიუელი თავისი ახალი მეგობრების ხელოვნებას „ახალ მხატვრობას“ ეძახდა. არადა სწორედ მისმა ნახატებმა შეადგინა 1874 წელს ფოტოგრაფ ნადარის  სახელოსნოში მოწყობილი ცნობილი გამოფენის ლომის წილი. სწორედ ამ გამოფენის გამანადგურებელ რეცენზიაში იხმარა კრიტიკოსმა ლუი ლერუამ პირველად სიტყვა „იმპრესიონიზმი“, გაათამაშა რა მონეს ნახატის სახელი „შთაბეჭდილება. ამომავალი მზე“.

 

 რთული ბრძოლა დამკვიდრებისთვის

„ვითარება იყო საოცრად საშინელი, საზოგადოება და კრიტიკოსები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ მიეღოთ ასეთი ხელოვნება, - ჰყვება ლონდონის გამოფენაზე პარიზიდან ჩასული კლერ დიურან-რიუელი, დიდი დილერის შვილიშვილის შვილიშვილი და თავადაც ხელოვნებადმცოდნე. - გავიდა რამდენიმე ათწლეული სანამ მან შეძლო მიეღწია იმპრესიონიზმის აღიარებისთვის. ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა მან ეს ნახატები ევროპის გარეთ ამერიკაში უჩვენა“.

„რამდენჯერმე იგი სრული გაკოტრების წინაშე იდგა, მთელი მისი ფულები მხატვრების მხარდაჭერაზე იხარჯებოდა. იგი მრავლად ყიდულობდა მათ ნახატებს, მას სჯეროდა თავისი საქმის. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მის გარეშე იმპრესიონიზმი არ იქნებოდა“, -ჰ ყვება კლერი.

აი მოკლედ მშრალი ციფრები „ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დიურან-რიუელმა 12 ათასამდე იმპრესიონისტების ნახატი იყიდა, მათ შორის 1000 მონეს ნამუშევარი, 1500 რენუარი, 800 პისარო და 400 დეგა.

მხატვრების დახმარება მხოლოდ სურათების ყიდვით არ გამოიხატებოდა. როცა რომელიმე მხატვარი უსახსროდ რჩებოდა -ეს კი ხშირად ხდებოდა - დიურან-რიუელი, დახმარების ხელს უწვდიდა, ეხმარებოდა ფულით, სახლებისა და სახელოსნოების არენდით.

 გარღვევა 1886 წელს მოხდა, როცა დიურან-რიუელმა 300 ნახატი ოკეანის გაღმა წაიღო და ნიუ-იორკში გამოფენა „პარიზელი იმპრესიონისტების ნამუშევრები“ მოაწყო. გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც საზოგადოებაში, ისე კრიტიკოსებში და იქ დიურან-რიუელმა 1888 წელს უკვე მუდმივი გალერეა გახსნა.

 1905 წელს მან კიდევ ლონდონის „დაპყრობის“ ერთი ცდა გააკეთა.“გრაფტონის“ გალერეაში მის მიერ გამართული 395 ნახატისგან  შემდგარი გამოფენა (196 მისი საკუთარი კოლექციიდან) დღემდე ისტორიაში იმპრესიონიზმის უდიდეს გამოფენად ითვლება.

 undefined

 ლონდონის "Grafton Gallery". 1910 წ.

 

„ჩემი სიგიჟე სიბრძნე აღმოჩნდა!“ 

ეროვნულ გალერეაში ეხლანდელი გამოფენა უფრო მოკრალებულია. მასში სულ 85 ნახატია, მაგრამ ეს მართლაც რომ იმპრესიონიზმის „ოქროს ფონდია“. ამ უკვე კლასიკურად ქცეულ ხელოვნების მიმართულების ისტორიას ერთი ადამიანის ბედის გავლით განვიხილავთ. ადამიანისა, რომელსაც შეიძლება „იმპრესიონიზმის გამომგონებელი ეწოდოს“.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1920 წელს, 89 წლის ასაკში პოლ დიურან-რიუელმა ამაყად განაცხადა: „როგორც იქნა იმპრესიონიზმმა გაიმარჯვა! ჩემი სიგიჟე სიბრძნე აღმოჩნდა! წარმოიდგინეთ, 60 წლის რომ მოვმკვდარიყავი ბანკროტი და ყურებამდე ვალებში მოვკვდებოდი, სამაგიეროდ შეუფასებელი საგანძურის გარემოცვაში.“