მნიშვნელოვანი სიახლეები
ლაქით დაფარული საიდუმლო

ლაქით დაფარული საიდუმლო

რა იმალება პიკასოს, რაფაელის, გოიას, მალევიჩის, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ტილოების ქვეშ?

გამოთქმამ "გულში რა აქვს იმას ვხედავ!" განსაკუთრებული მნიშვნელობა რენტგენის გამოსხივების აღმოჩენის შემდეგ შეიძინა. "გულში ჩახედვა" ხელოვნებათმცოდნეებმაც დაიწყეს. ამან მათ უფლება მისცათ ემტკიცებინათ, რომ ბევრი აღიარებული შედევრის ქვეშ  მეორე ნახატი იმალება და მართლაც სიურპრიზები ცვივა და ცვივა!

undefined 

 რაფაელ სანტი: ქალბატონი ძაღლის გარეშე

 რაფაელის "ქალბატონი მარტორქით" დიდხანს ცხოვრობდა, როგორც მტრის ზურგში ჩანერგილი მზვერავი: შეცვლილი სახელით და სახით. 1760 წლის ბორგეზეს გალერეაში იგი ირიცხებოდა როგორც პერუჯინოს დახატული "წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი". მხოლოდ 1916 წელს მკვლევარმა ჯულიო კანტალამესამ მთელი პასუხისმგებლობით განაცხადა: ეკატერინე ის არაა ვინც გვგონია. 1934 წელს მოხსნილმა საღებავის ზედა ფენამ დაადასტურა - შიგნით რაფაელის ნახატი იმალებოდა. 1959 წლის რესტავრაციამ, რომლის დროსაც რენტგენის სხივები პირველად გამოიყენეს, გამოაჩინა ტილოს მთელი ისტორია.

რაფაელმა დახატა ქალის პორტრეტი წელამდე, პეიზაჟის ფონზე. შემდგომ ვიღაცამ (სავარაუდოთ ჯოვანი სოლიანიმ) მიახატა სვეტები, პარაპეტი, სახელოები და ძაღლი ხელში. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ძაღლი მარტორქად გადაიქცა, შეიცვალა ხელები. XVII საუკუნის ბოლოს უცნობმა ქალბატონმა წმინდა ეკატერინეს ტრადიციული ატრიბუტები (პალმის რტო, მანტია) მიიღო და წმინდანის სახელიც მიისაკუთრა.

ტილოსათვის პირვანდელი სახის დაბრუნებისას ძაღლი (ცოლ-ქმრული ერთგულების სიმბოლო) ვერ შეინარჩუნეს  - საღებავის ფენა ძლიერ იყო  დაზიანებული. ასე რომ ქალიშვილს ხელში მარტორქა დარჩა - უმწიკვლობის სიმბოლო.

 undefined

 ფრანსისკო გოია: ესპანელი მოსამართლე - ნაპოლეონის ძმაა

დონ რამონ სატუეს, ესპანელი მოსამართლის და ფრანსისკო გოიას მეგობრის პორტრეტის ქვეშ სხვა ნამუშევარი აღმოჩნდა. ნახატზე გამოსახული ადამაინის სამხედრო ფორმა მის მაღალ სტატუსზე მიუთითებდა. მკვლევართა ვარაუდით იგი ნაპოლეონის ძმა - ჟოზეფ ბონაპარტი უნდა ყოფილიყო, რომელმაც  1808 წელს ესპანეთის ტახტი დაიკავა (ანდა სულ მცირე ნაპოლეონის რომელიმე გენერალი მაინც).

გასაგებია, რომ ესპანეთიდან ფრანგების გაყრის შემდეგ მეფე ფერდინანდ VII-ის ტახტზე დაბრუნების შემდეგ ამგვარი ტილოს შენახვა სახიფათო იყო. მით უფრო გოიას, რომელიც დიდი ხანი სამეფო კარის მხატვარი იყო არ შეეძლო მსგავსი რამ. ექსპერტების აზრით, სწორედ ამ მიზეზით სახიფათო ფრანგის ზემოთ დონ რამონ სატუეს პორტრეტი აღმოჩნდა.

undefined  

პაბლო პიკასო: წვერებიანი კაცის ცისფერი ოთახი

სპეციალისტებს პიკასოს "ცისფერი ოთახის" შესახებ ეჭვები ჯერ კიდევ 1954 წელს გაუჩნდათ: ტილოზე ნახატის და კომპოზიციის ლოგიკის დარღვევით იყო ფუნჯი მოსმული. მხოლოდ 1990 წელს, რენტგენით გამოკვლევის შედეგად დანამდვილებით გამოირკვა: "ცისფერი ოთახის" ქვეშ კიდევ ერთი ნამუშევარი იმალება. ეს წვერებიანი მამაკაცის პორტრეტი აღმოჩნდა, პიჯაკსა და პეპელა ჰალსტუხში. იგი ჩაფიქრებულია, თავი ხელს ეყრდნობა, თითებზე ბეჭდები უკეთია. ექსპერტების აზრით ტილოზე შესაძლოა ამბრუაზ ვოლარის პორტრეტი იყოს. იგი თავის დროის ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე გახლდათ, რომელიც პარიზელ მხატვრებს ყოველთვის მხარში ედგა. ეს პიკასოს მიერ დახატული კოლექციონერის პირველი პორტრეტი არაა. "არცერთი, მსოფლიოში ულამაზესი ქალი არ დაუხატიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც ვოლარი დახატეს: სეზანმა, რენუარმა, რუომ, ბონარმა... მაგრამ ჩემი კუბისტური პორტრეტი ყველას სჯობდა", - ამბობდა პიკასო.

 არადა, როგორც ცნობილია, ვოლარს სწორედ პიკასოს კუბისტური პორტრეტი არ მოეწონა. შესაძლოა მას არც ის მოეწონა,რომელიც "ცისფერი ოთახის" ქვეშ ეხატა და ამიტომაც მხატვარმა მას ზემოდან სხვა რამ გადაახატა? თუმცა პიკასო ხშირად ხატავდა ძველ ნახატებზე ახალს, მით უფრო მაშინ როცა  ახალ ტილოებზე ფული არ ჰყოფნიდა.

 undefined

 კაზიმირ მალევიჩი: ნეგრები კვადრატში

1915 წლის დეკემბერში კაზიმირ მალევიჩის "შავი კვადრატი" პირველად გამოფინეს ცნობილ გამოფენა«0, 10»-ზე, რომელიც ფუტურიზმის ეპოქას აგვირგვინებდა. "ოთხკუთხედი", როგორც მას მაშინ ეწოდებოდა, სუპრემატიკურ ხატს წარმოადგენდა და წითელ კუთხეში ეკიდა. ამ მოვლენის ასი წლის აღსანიშნავად მზადებისას, 2015 წელს ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომლებმა აღმოჩენა გააკეთეს: შავი საღებავის ფენის ქვეშ ორი სხვა ნახატი აღმოაჩინეს.

 ამაზე ადრეც ეჭვობდნენ: "ბზარებში შავი საღებავის ქვეშ  ნათელი ფერები გამოსჭვიოდა, მაგრამ მესამე ფენა სიურპრიზი გამოდგა.

 სამივე ნახატი სხვადასხვა სტილში იყო შესრულებული. პირველი იმ დროისათვის დამახასიათებელ კუბფუტურიზმის სტილში იყო, ხოლო მეორე მალევიჩის პირველი ნაბიჯი იყო სუპრემატიზმში, რომლის ფუძემდებელიც თავად იყო.

რენტგენოფლუორესცენტული ანალიზის დროს უკვე "შავ კვადრატზე" მკვლევარებმა ფანქრით შესრულებული წარწერა აღმოაჩინეს: " შავ გამოქვაბულში ზანგების ბრძოლა". იყო თუ არა ეს მითითება ალფონს ალეს 1882 წლის ტილოზე "გვიან ღამით ზანგების ბრძოლა ბნელ გამოქვაბულში", რომელიც აბსოლუტიურად შავ მართკუთხედს წარმოადგენდა, არა მგონია ვინმემ გაარკვიოს. მაგრამ სწორედ ამ წარწერით გაიგეს, რომ თურმე მთელი ეს დრო, ტილო ტრეტიაკოვის გალერეაში უკუღმა ეკიდა.

undefined 

ლეონარდო და ვინჩი: ლიზაა ლიზა თუ არა?

ამ სფეროში ყველაზე ცინცხალი სენსაცია ლეონარდოს "ჯოკონდა" გახდა. ფრანგმა მეცნიერმა-ოპტიკოსმა პასკალ კოტმა, რომელიც სამუზეუმო ექსპონატებთან სამუშაო ფოტოტექნიკით იყო დაკავებული, LAM (შრეების გაძლიერების მეთოდი) ტექნოლოგია შეიმუშავა. მისი სიტყვებით ტექნოლოგია ნახატს ისე წმინდავს, როგორც ხახვს - ფურცელ-ფურცელ, შრეებად.

მან მონა ლიზას შესწავლას ათ წელზე მეტი შეალია და მისი შექმნის პერიოდი ოთხ ეტაპად დაჰყო. 1. პორტრეტი, რომელიც ბოლო ვარიანტს ჰგავს, მაგრამ უფრო მოზრდილია. 2. ქალზე ზემოდან დახატული მარგალიტით შემკული თავსაბურავი. 3. XVI საუკუნის დასაწყისის ფლორენციულ მოდაზე გამოწყობილი მოდელი. 4. თმები და  მხრები დაფარულია გამჭვირვალე პირბადით, პოზა უცვლელია, ტანსაცმელი ნაკლებად იტაცებს მზერას - არაფერი არ უნდა იქცევდეს ყურადღებას მონა ლიზას სახის გარდა და ბოლოს ჩნდება ის საქვეყნოდ ცნობილი საიდუმლოებით მოცული ღიმილი.

კოტის მთავარი დასკვნა შემდეგია: საბოლო ვარიანტში ტილოზე ლიზა დელ ჯოკონდო, ფლორენციელი აბრეშუმით მოვაჭრის მეუღლე არაა გამოსახული. მისი აზრით ლიზა ის თავდაპირველი მდიდრულად გამოწყობილი ფლორენციელი ქალი იყო. ხელოვნებადმცოდნეები აღიარებენ შრეებთან მუშაობის პრინციპს, მაგრამ დასკვნებს სკეპტიკურად უყურებენ. ზოგი საერთოდ ფიქრობს, რომ ოსტატს მისი საყვარელი მოწაფე ჯან ჯაკომო კაპროტი და ორენო ყავს დახატული. როგორც იძახიან მასთან მხატვარს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ესეც თქვენი საიდუმლოებით მოცული ღიმილი.

დისკუსია გრძელდება.