მნიშვნელოვანი სიახლეები
მალევიჩის კვადრატული კოსმოსი

მალევიჩის კვადრატული კოსმოსი

კაზიმირ მალევიჩს ფერწერის აბსოლუტურ ნულამდე დაყვანა სურდა. ყველაფერი: საღებავები, ფორმები, სიუჟეტი... მან „ამ ნულში შეაბიჯა“,  ფეხი უსაგნობაში წადგა. მაგრამ მთელი რიგი ექსპერიმენტების შემდეგ გაირკვა, რომ ამ უსაგნობასაც აქვს ფორმა და ფერი. იგი შავი კვადრატის მსგავსი აღმოჩნდა.

1 კვადრატი.   სინამდვილეში მალევიჩის „კვადრატი“ იდეალური ფიგურა არაა: ოთხკუთხედის არცერთი გვერდი მისი მიპირდაპირის პარალელური არაა. უფრო მეტიც, იგი არც ტილოს კიდის პარალელური არაა. „კვადრატში“ მართი კუთხეებიც არაა. ხელოვნებადმცოდნე ტატიანა გორიაჩევას აზრით, „ეს მხატვრის დაუდევრობა არაა, არამედ მისი პრინციპული პოზიციაა, დინამიური, მოძრავი ფორმის შექმნის მცდელობაა“. კვადრატი ეს მსოფლმხედველობის გამოხატულებაა, რომლის ოთხი წვერი ქვეყნის ოთხი მხარის სიმბოლოა. „მალევიჩის აზრით, – გვიყვება ხელოვნებათმცოდნე ირინა იაზიკოვა, – კვადრატზე ხელოვნება მთავრდება, ეს ყველანაირი ხელოვნების მწვერვალი და დასასრულია. „შავი კვადრატი“ მხატვრული ფორმების ევოლუციაში წერტილს სვამს, ყველაფერი მარტივ ფორმულამდე დაჰყავს, ნიშნამდე საიდანაც ახალი რეალობის ათვლა იწყება. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს „შავი კვადრატის“ წინაშე დგომით ჩვენ უფსკრულის პირას ვდგავართ. ასეთი შეგრძნება  ამ  ნახატის ბევრ მნახველს გაუჩნდა“.

2 კომპოზიცია.  „უცილობლად, – წერდა მხატვარი ალექსანდრე ბენუა, – ეს არის ის ხატი, რომელსაც ბატონი ფუტურისტები მადონების და უსირცხვილო ვენერების ნაცვლად გვთავაზობენ“. ირინა იაზიკოვა ასევე აღნიშნავს, რომ „შავი კვადრატის“ ხატთან მსგავსება მაშინვე თვალში საცემია, სიბრტყეზე ოთხკუთხა ფიგურა თეთრ ფონზე მდებარეობს. ამგვარი კომპოზიცია მაშინვე ხატწერის მთავარ პრინციპს გვახსენებს“: როდესაც ხატავენ ხატს, დაფაზე ერთგვარ კიდობანს აკეთებენ – ჩაღრმავებას, რომელიც ერთგვარ ამოზნექილ ჩარჩოშია მოთავსებული, სწორედ ამ  კიდობნის შიგნით იხატება ხატი. მალევიჩი „შავ კვადრატს“  „ცოცხალ სამეფო ყრმას ეძახდა, მეოთხე განზომილების შვილს, ამბოხებულ ქრისტეს“.

3 თეთრი და 4 შავი.  „ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, – თვლის ირინა იაზიკოვა, – შეიძლება ითქვას, რომ აქ  მთელი ქრომატიული ნაკრებია, ვინაიდან თეთრი – ეს სპექტრის ყველა გაერთიანებული ფერია, ხოლო შავი – სპექტრი ყველა ფერის შთანთქმაა“. თეთრი ფერი ღვთიური ჭეშმარიტების სიმბოლოა, შავი – პირველადი ნივთიერებაა, რომლისგანაც  ღვთიური სინათლის ზემოქმედებით იქმნება ყველაფერი სულიერი და მატერიალური. ხელოვნებათმცოდნის სიტყვებით,  მალევიჩი „შავ კვადრატში“ უნივერსუმის დამთავრებულ ფორმამდე“  მივიდა: თეთრი და შავი  – ეს ყველაფერი და არაფერია, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია, ციური და მიწიერია, მეხსიერება და დავიწყებაა“. თუმცა ნახატზე შავ ფერს  მკაცრად შავს ვერ დავარქმევთ. ეს მუქი ფონია, რომელიც საღებავების შერევით მიიღება და მათ შორის შავი ფერი არაა. ამგვარად მხატვარმა რთული რეალობა მარტივად „დაშიფრა“.

5 კრაკელიური. დროთა განმავლობაში „შავი კვადრატი“ ბზარებით დაიფარა, რომელთა შორის სხვა ფერები გამოჩნდა... გაჩნდა მოსაზრებები, რომ საღებავის ზედა ფენის ქვეშ სხვა გამოსახულება არისო: მხატვარს არ გამოუვიდა ჩანაფიქრი და იგი შავი ფერით გადაფარა. მაგრამ არის სხვა თვალსაზრისიც, თუმცა ტრეტიაკოვის გალერეა, სადაც ნახატი ინახება რენტგენის სურათის გადაღების უფლებას არ იძლევა და ამას ტილოს ცუდი მდგომარეობით ხსნის.

   როცა კაზიმირ მალევიჩი 13 წლის იყო, იგი სასკოლო თემაში წერდა: „მამაჩემი შაქრის ქარხნის მმართველია. მთელი დღე იგი ისმენს თუ როგორ იგინებიან მუშები... სახლში დაბრუნებული კი დედას აგინებს. მე როცა გავიზრდები მხატვარი გამოვალ: არაა საჭირო მუშებთან გინება, არაა საჭირო სიმძიმეების თრევა... კარგი ნახატი ძვირი ღირს და მისი დახატვა ერთ დღეში შეიძლება“.

ერთი შეხედვით მალევიჩის ნახატები მარტივია და ეს პირველ რიგში მის ცნობილ „შავ კვადრატს“ ეხება, რომელიც მხატვარმა 1915 წელს დახატა (არსებობს ნახატის კიდევ სამი საავტორო ასლი, რომლებიც 1920–1930–იან წლებში შეიქმნა). მაგრამ ასეთი სიმარტივე ზედაპირულობას არ ნიშნავს. არსებობს ნახატის შექმნის რამდენიმე ვერსია. ანეკდოტური ვერსია მხატვარმა ალექსანდრე ეკსტერმა გაავრცელა: „მალევიჩმა ქალთა აბანოზე ნახატების ციკლის შექმნა დაიწყო.. ერთხელაც მას სავარძელში ჩაეძინა... დილით ცოლმა მიაკითხა. დაინახა რა ესკიზი, იგი ეჭვიანობის გრძნობამ შეიპყრო, აიღო დიდი ფუნჯი და ტილო შავი საღებავით დაფარა. გაღვიძებულმა მალევიჩმა ნახატის გადარჩენა სცადა, მაგრამ ამაოდ – საღებავი უკვე გამშრალიყო“. სწორედ ამ დროს დაბადებია მხატვარს „შავი კვადრატის“ იდეა.ზოგი ხელოვნებათმცოდნის აზრით „შავი კვადრატის“ იდეა მალევიჩმა მოძრაობა „არათანმიმდევართა ხელოვნების“ ფრანგი მხატვრებისგან ისესხა. მისმა მიმდევრებმა ორი ტილო შექმნეს – „ზანგების ჩხუბი გვირაბში (პოლ ბილიო, 1882 წელი) და რეპლიკა „ზანგების ჩხუბი ღამით სარდაფში“ (ალფონს ალე, 1897 წელი).

უფრო დამაჯერებლად ჟღერს ისტორიული ვერსია. პირველად შავი კვადრატი 1617 წელს ინგლისელმა მისტიკოსმა რობერტ ფლადმა გამოსახა და მას „მუდმივი სიბნელე“ უწოდა. ამის ქვეშ მას ის ქაოსი იგულისხმა, რომლისგანაც მატერიალური სამყარო შეიქმნა. მალევიჩი იცნობდა ფლადის ნაშრომებს, ვინაიდან იგი შუა საუკუნეების მისტიკით იყო გატაცებული. ისტორიკოსი ლევ მელნიკოვი მიიჩნევს, რომ სწორედ ფლადისგან აიღო მალევიჩმა „შავი კვადრატის“ იდეა: ეს არც შეღებილი შიშველი ქალებია და არც სიბნელეში მოჩხუბარი ზანგები, ეს კოსმოსია, რომლისგანაც ჩვენი სამყარო შეიქმნა, სწორედ იგია მალევიჩის ტალანტის თანაბარზომიერი მასშტაბი.