მნიშვნელოვანი სიახლეები
ნაცისტების მიერ გატაცებული ნახატები შვეიცარიულ მუზეუმს გადაეცემა

ნაცისტების მიერ გატაცებული ნახატები შვეიცარიულ მუზეუმს გადაეცემა

გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაცისტების მმართველობის დროს მოგროვებული ნახატები შვეიცარიის მუზეუმს შესანახად გადაეცემა.

კოლექცია კორნელიუს გურლიტს ეკუთვნოდა, რომლის მამაც ნაცისტურ გერმანიაში ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა.

კორნელიუს გურლიტი სამი წლის წინათ გარდაიცვალა და თავისი კოლექცია ბერნის სახვითი ხელოვნების მუზეუმს უანდერძა. მაგრამ ანდერძი სასამართლოში გაასაჩივრა მისმა დისშვილმა. უტა ვერნერი კოლექციის მისთვის გადაცემას ითხოვს.

სასამართლომ მისი თხოვნა უგულებელჰყო, ვინაიდან როცა გურლიტი ანდერძს წერდა, იგი საღ გონებაზე იმყოფებოდა.

გერმანიის ხელისუფლებამ გურლიტის სახლში სამალავი 2012 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა. იქ დამალულ ნახატებს შორის იყო პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, მარკ შაგალის, ედვარდ მუნკის, მაქს ლიბერმანის, ემილ ნოლდეს და პაულ კლეეს ტილოები.

რამდენადაც ცნობილია მათი ნაწილი ნაცისტებმა ებრაელებს წაართვეს.

კოლექცია ბერნში 2017 წელს უნდა გამოიფინოს.

ბერნის მუზეუმი მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაამატა, რომ არ აპირებს მთელი კოლექციის შენახვას. მუზეუმი  მხოლოდ იმ ნახატებს შეინახავს, რომლებიც მოპარული არ იყო.

 მუზეუმი ასევე აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს გერმანიის ხელისუფლებასთან და ექსპერტებთან, რათა ყველა ნახატის წარმომავლობა დაადგინოს და ნახატები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნოს.