მნიშვნელოვანი სიახლეები
ნეირობიოლოგებმა მიქელანჯელოს ფრესკის საიდუმლო ამოხსნეს

ნეირობიოლოგებმა მიქელანჯელოს ფრესკის საიდუმლო ამოხსნეს

აშშ-ს ნეირობიოლოგებმა რომში, სიქსტის კაპელაში ჩაშიფრული ნეიროანატომიური გზავნილი დაინახეს, რომელიც აღორძინების ეპოქის დიდმა მხატვარმა მიქელანჯელომ დაგვიტოვა.

მიქელანჯელო ბუონაროტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მხატვარია. იგი ვატიკანში სიქსტის კაპელის მოხატულობის ავტორია. მიქელანჯელო არა მხოლოდ შესანიშნავი მხატვარი, არამედ ანატომიის კარგი მცოდნეც იყო.  17 წლის ასაკიდან იგი  გვამების გაკვეთას აწარმოებდა და ადამიანის ორგანიზმის აგებულებას სწავლობდა. ამ ცოდნას იგი შემდგომში ადამიანის სხეულის ზუსტი ანატომიური გამოსახულებების შესაქმნელად იყენებდა.

 სწორედ ამიტომ ხელოვნების ისტორიკოსებს აოცებდათ მიქელანჯელოს ერთ-ერთი ცენტრალური ნამუშევარი, რომელზეც მუშაობისას აღორძინების გენიოსს თითქოსდა დაავიწყდა თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის კისერი. სიქსტის კაპელის საკურთხევლის თავზე მიქელანჯელოს დახატული ღმერთის გამოსახულება ლივლივებს. ღმერთი ჭაღარა ბრგე მამაკაცის სახით არის დახატული. საოცარია, მაგრამ ღმერთის ყელზე არის ხაზები, რომელიც იქ არ უნდა იყოს. ამას გარდა ფრესკის ეს უბანი ისე არ არის განათებული, როგორც უნდა იყოს: ფრესკაზე შუქი მარცხენა ქვედა კუთხიდან ეცემა, ხოლო ღმერთის ყელი პირდაპირ დაცემული შუქითაა განათებული.

 იან სუკმა და რაფაელ ტამარგომ, აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის სახელობის სამედიცინო სკოლის ნეირობიოლოგებმა, შეძლეს ამოეხსნათ ეს ხუთ საუკუნოვანი გამოცანა.

ღმერთის ყელის მოხაზულობაში მიქელანჯელომ ადამიანის ტვინის მისთვის კარგად ცნობილი ფრაგმენტი გამოსახა. ხოლო ღმერთის სამოსის ნაკეცებში მეცნიერებმა ზურგის ტვინის გამოსახულება შეამჩნიეს.

მეცნიერთა ეს აღმოჩენა შესაძლოა ადამიანის თვისებას - ყველაფერში მისთვის ნაცნობი ობიექტების მოხაზულობა დაინახოს - მიაწერეს. ტამარო და სუკი ნეირობიოლოგები არიან  და ამის გამო მათ ხშირად უწევთ ადამიანის ტვინის დანახვა. შესაძლოა სწორედ ამიტომ შეძლეს მათ ტვინის ღეროს და მხედველობის ნერვის დანახვა ღმერთის ყელზე, რომელიც სიქსტის კაპელის საკურთხევლის თავზე ნათელისა და ბნელის გაყოფით არის დაკავებული.

თუმცა მათი თეორიის დასტურად მიქელანჯელოს ანატომიისადმი გატაცება გამოდგება. სიქსტის კაპელას ფრესკებში მანამდეც პოულობდნენ ადამიანის სხვა ორგანოებსაც, კერძოდ კი თირკმლებს.