„პიკასო, 1932: ეროტიკული წელი“, - ასე ეწოდება დიდი ესპანელი მხატვრის პარიზში გახსნილ გამოფენას. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პირველად ეძღვნება გამოფენა პიკასოს ცხოვრების ერთ წელს: სწორედ მაშინ 50 წლის პიკასოს პირველი რესტროსპექტივა გაიმართა, მასზე ლექსიკონში სტატია გაჩნდა და 365 დღეში 300-მდე ნამუშევარი შეიქმნა.
ექსპოზიციაში 110 ნახატი, ქანდაკება, გრავიურა, ტილო და ფოტოგრაფიაა წარმოდგენილი. გამოფენის კურატორის, ვირჯინია პერდრიზოს თქმით ბევრი მათგანი ერთი და იგივე მუზის შთაგონებით არის შექმნილი: „ეროტიკა პიკასოსათვის მოტორის ფუნქციას ასრულებდა. მისი შემოქმედება კერძოდ მარი-ტერეზ ვალტერის გავლენით აღორძინდა. მას მხატვარი 1927 წელს შეხვდა და მას შემდეგ მისი მთავარი საყვარელი და მოდელი გახდა“.
17 წლის ქალიშვილს პიკასო 1927 წლის იანვარში გაეცნო. როგორც შემდეგში მარი-ტერეზი იხსენებდა, პიკასომ უბრალოდ ხელი ხელში მოჰკიდა და უთხრა: „მე პიკასო ვარ! ერთად ჩვენ დიდი საქმეების გაკეთებას შევძლებთ“. გამოფენა პარიზის პიკასოს მუზეუმში მომავალი წლის თებერვლამდე გასტანს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოფენა უკვე დაათვალიერა.