მნიშვნელოვანი სიახლეები
რა შედევრებს „მალავენ“ მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები

რა შედევრებს „მალავენ“ მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები

მუზეუმების საცავები მსოფლიო ხელოვნების შედევრებით არის გადაძეძგილი, მაგრამ ისინი დამთვალიერებელთა თვალთაგან დაფარულები არიან. ლონდონის თეითი თავის სტუმრებს ექსპონატების მხოლოდ 20%-ს აჩვენებს, ანუ დაახლოებით 14 ათას ნამუშევარს. ტრეტიაკოვის გალერეისათვის ეს მაჩვენებელი 10%-ს აღწევს, ხოლო აშშ-ში გუგენჰაიმის მუზეუმისათვის - 3%-ზე ნაკლებს. იმავდროულად „სარდაფებში“ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია დამალული. ასე მაგალითად ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს პაბლო პიკასოს 1221 ნამუშევარი გააჩნია, ხოლო მუდმივ ექსპოზიციაში მხოლოდ 24 მათგანია გამოფენილი. როგორც აღმოჩნდა მუზეუმების თანამშრომლებს შედევრების „დამალვის“ საკმაოდ წონადი მიზეზები აღმოაჩნდათ.

პირველი და მთავარი მიზეზი - მათი ერთდროული გამოფენის შეუძლებლობაა. მსოფლიოს მსხვილი მუზეუმების კოლექციები რამდენჯერმე  აღემატება მათ საგამოფენო ფართებს.

მეორე მიზეზი, მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ტექნიკური შეუძლებლობაა. მაგალითად გრაფიკული ნამუშევრები არ შეიძლება სამ თვეზე მეტ ხანს იყოს ექსპოზიციაში. ჩვენების შემდეგ მათ სულ ცოტა წელიწადნახევარი მაინც უნდა „დაისვენონ“. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ გამოსახულება ქაღალდზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ასე მაგალითად ალბრეხტ დიურერის „კურდღელი“ ათწლიანი შესვენების შემდეგ ბოლოს 2014 წელს გამოფინეს. პუშკინის მუზეუმს ამ მხატვრის გრავიურების 215 ფურცელი აქვს და მათგან მხოლოდ რამდენიმეს ფენს და შემდეგ პერიოდულად ცვლის. ამგვარად ექცევიან ისინი რემბრანტის ოფორტებსაც, რომლებიც კოლექციაში 250 ცალი აქვთ.

მესამე მიზეზი ხელოვნების ნიმუშების ატრიბუციის უქონლობაა. ასობით შედევრი ინახება საცავებში და თავის რიგს ელოდება. ზოგ მათგანს არ უმართლებს და ნაყალბევად აცხადებენ. ვან გოგის მიერ შესრულებული გოგენის ერთადერთი პორტრეტი  - „კაცი წითელ ბერეტში“ – 1973 წლის შემდეგ ამსტერდამის მუზეუმის საცავებში მტვერში იდო, ვინაიდან მიმდევრის მიერ შესრულებულად ითვლებოდა. მხოლოდ 2002 წელს ექსპერტებმა დაადასტურეს ოსტატის ავტორობა.

  მსოფლიოს მუზეუმები თავის კედლებში ათასობით გამოცანას ინახავენ, მაგრამ მათ საცავებში ათეულობით ათასი გამოცანაა, რომლებიც ამოხსნას ელიან.