მნიშვნელოვანი სიახლეები
რაზე დუმს "და ვინჩის კოდი"

რაზე დუმს "და ვინჩის კოდი"

დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდი"–ს გამოსვლის მომენტიდანვე მსოფლიო ბესტსელერების სიაში შევიდა და დღემდე ასეთად რჩება. ამაში გასაკვირი არაფერია: ავტორი ოსტატურად აგებს ინტრიგას, მოქმედება დინამიურად ვითარდება. მკითხველის წინაშე სულის შემძვრელი საიდუმლო იხსნება. როგორც გაირკვა უოლტ დისნეი სულაც არაა უწყინარი მულტიპლიკატორი, არამედ საიდუმლო ორგანიზაციის წევრია, რომელიც მსოფლიოს მართავს. ლეონარდო და ვინჩი მალავს ინფორმაციას, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი რელიგიის სტრუქტურის დარღვევა შეუძლია და ასე შემდეგ.

"და ვინჩის კოდის" წაკითხვის შემდეგ მკითხველი გრძნობს, რომ იგი ინტელექტუალურად გაიზარდა, რომ ახლა იგი კარგად ერკვევა ისტორიაში, ლინგვისტიკაშიც და შიფრის საკითხებშიც.

 მოდით მაგალითისთვის გავარჩიოთ რომანის საკვანძო ეპიზოდი, რათა გავერკვეთ თუ რა დონის და სიღრმის სამეცნიერო ცოდნას "იღებს" მკითხველი ბესტსელერისგან.

 მაშ ასე, ლუვრში მოკლეს ადამიანი. მან რონერტ ლენგდონს (ჰარვარდის უნივერსიტეტის რელიგიური სიმბოლოკის პროფესორი) საშინელი სიკვდილის წინა წერილი დატოვა. რობერტი მოკლულის შვილიშვილთან, სოფიასთან ერთად იწყებს ამ საიდუმლო და აბურდული კვანძის გახსნას.

 სავსებით გასაგებია, რომ უცნობი მკვლელი ახლა მათზე იწყებს ნადირობას. რობერტი და სოფია სასწაულით გაჰყავს საფრანგეთიდან ექსცენტრიკულ მეცენატს ტიბინგს. სამივენი ხსნიან წინაპრების საიდუმლო გზავნილს, რის გამოც მათი სიცოცხლე ბეწვზე კიდია.

 პროფესორი ლენგდონი, ძველი ისტორიის სპეციალისტი და ტიბინგი, ერუდიტი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საიდუმლო გზავნილის ძიებას მოანდომა, იწყებენ იმის კვლევას თუ რა ენაზეა დაწერილი ეს ტექსტი. თავიდან მათ ჰგონიათ, რომ ეს ტექსტი სემიტურ ენაზეა დაწერილი, მაგრამ ნეკუდოტის არარსებობა (წერტილები და ხაზები, რომლებიც იწერება თანხმოვნების ქვეშ ანდა შიგნით და რომლებიც მიუთითებენ, რომ თანხმოვანს ხმოვანიც ახლავს) აიძულებს მათ უარი თქვან თავდაპირველ ვერსიაზეც და შემდგომ ვარიანტებზეც.

 "...ეს ენა უფრო იშვიათია და უფრო ძველი. შესაძლოა რაშის კურსივი (ებრაული დამწერლობის შრიფტი) ანდა ებრაული  გვირგვინიანი ნაწერი".

ტექსტისგან გადაღლილი პროფესორი საიდუმლო გზავნილის რიტმის კვლევას იწყებს. იგი ცნობს ხუთმუხლიან იამბიკოს, ერთ-ერთ ძირითად სალექსო ზომას, რომელსაც იყენებდა შექსპირიც, ვოლტერიც და ჩოსერიც (უფრო ადრე კი დემეტრე I , "შენ ხარ ვენახიც" ხუთმუხლიანი იამბიკოა, მაგრამ არც ბრაუნმა და არც მისმა პროფესორმა მაგდენი არ იცოდნენ). ვატიკანის საიდუმლო არქივებშიც ლენგდონს შეხვედრია ამდაგვარი ლექსური ფორმით ნაწერი დოკუმენტები.

საბოლოოდ, როგორც იქნა საიდუმლო გზავნილის ამოცანა ამოხსნილია:

" - ეს პენტამეტრია! - აღმოხდა ტიბინგს და მიბრუნდა ლენგდონისკენ. -  და ლექსები დაწერილია ინგლისურად, La lingua pura!"

 მკითხველმა დამშვიდებით შეიძლება ამოისუნთქოს: ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყო. უბრალოდ სასწაულია, რომ წიგნში, რომელიც ინგლისელი მკითხველისთვის არის დაწერილი, პალესტინაში წარმოშობილი ძველი საიდუმლო ორდენის არანაკლებ საიდუმლო ტექსტი ინგლისურ ენაზე ყოფილა დაწერილი. თავიდან ყველაფერი როგორ დაბზრიალდა, ხოლო ბოლოში კი როგორ კარგად გაირკვა.

პროფესორი გვიხსნის თუ რატომაა ტექსტი დაწერილი მის მშობლიურ ენაზე. პროფესორის აზრით ინგლისური ხომ ერთადერთი "სუფთა" ევროპული ენაა. ეტყობა იგივე აზრს იზიარებდა სიონის საიდუმლო პრიორატიც.

 ავტორის მთავარი აზრი: იმისათვის, რომ თავი დაიცვა ჭუჭყიანი ფრანგული ენის გავლენისგან, რომელიც დაამუშავა "რომის პროპაგანდულმა მანქანამ" (ამ მანქანას თავის მიზნები აქვს და ევროპული სამყაროს გაკონტროლებას ცდილობს), ძველი საზოგადოების წევრები, რომელსაც სიონის პრიორატი ეწოდება, ეცადა გამოეყენებინა დამოუკიდებელი წყარო. სწორედ ამიტომ საძმოს საიდუმლო ენად მათ სუფთა ენა - ინგლისური, აირჩიეს.

 მოდით ვნახოთ როგორაა საქმე ინგლისური ენის სისუფთავეზე, წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით, რომელსაც ასე უსვავს ხაზს "და ვინჩის კოდის" ავტორი.

რომანული ჯგუფის ენები - ფრანგული, იტალიური, ესპანური - ლათინურისგან წარმოსდგებიან. იმის გამო , რომ საკმაოდ ბევრი წერილობითი ძეგლია შემორჩენილი, შესაძლებელია იგივე ფრანგული ენის ისტორიის მიყოლა. ლათინური ტექსტებიდან,  გვიან ლათინურისკენ, იქიდან ადრე ფრანგულისკენ, მისგან საშუალო ფრანგულისკენ და ბოლოს დღევანდელ ფრანგულამდე შეიძლება მივყვეთ. ამ პერიოდების განმავლობაში ფრანგული ძლიერ შეიცვალა. ორასი წლის წინანდელ ფრანგულს  თანამედროვე ფრანგი წაიკითხავს, ოთხასი წლის წინანდელზე კი გარკვეული სიძნელეები გაუჩნდება. ათასი წლის წინანდელი ტექსტების წასაკითხად მას სპეციალური ცოდნა დასჭირდება. ხოლო საწყისის - ლათინურის წასაკითხად - ფრანგმა იგი, როგორც უცხო ენა, ისე უნდა შეისწავლოს.

undefinedundefined

 ინგლისურის შემთხვევაში როგორაა საქმე? უკანასკნელ ათასწლეულში ისიც შეიცვალა და თანაც ძლიერ. თანამედროვე ინგლისურის მცოდნე X საუკუნის ტექსტებში, მხოლოდ რამდენიმე ნაცნობ სიტყვას თუ იპოვის, მაგრამ აზრს ვერ გამოიტანს.

 1066 წელს ინგლისი, ნორმანდიის ჰერცოგ გიიომ ბასტარდის ხელმძღვანელობით, ნორმანებმა დაიპყრეს. ჰასტინგსის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, დაღუპული ჰაროლდ II გოდვინსონის ნაცვლად ინგლისის ტახტზე ნორმანდიის ჰერცოგი ადის, რომელიც ინგლისის ისტორიას უილიამ დამპყრობელის სახელით შემორჩა.

 გამარჯვებულები ფრანგულად ლაპარაკობდნენ და ამ მომენტიდან იწყება ფრანგული ენის ძლიერი გავლენა ინგლისურზე. ფრანგული ენიდან (იმ ძველი ათასი წლის წინანდელიდან) ინგლისურში უამრავი სიტყვა გადავიდა. ფრანგული სიტყვები არა მხოლოდ უბრალოდ ინგლისური ენის ნაწილად იქცნენ, მათ XI საუკუნის ფრანგული გამოთქმაც კი შეინარჩუნეს (მაგალითად, ვიცე-მეფე ინგლისურად - viceroy, რომელიც გამოითქმება როგორც ვაისროი. როი - მაშინდელი გამოთქმაა ფრანგული სიტყვისა მეფე, რომელიც თანამედროვე ფრანგულში ჟღერს როგორც ღუა).

 ახლა დავუბრუნდეთ წიგნის "და ვინჩის კოდის" დასაწყისს, რომელშიც შავით თეთრზე წერია: "სიონის პრიორატი - 1099 წელს შექმნილი საიდუმლო ებრაული საზოგადოებაა". ანუ საიდუმლო საზოგადოება შეიქმნა ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობიდან 33 წლის შემდეგ და ვატიკანის აზრით ძალიან ზუსტად აარჩია სუფთა ენად ის ენა, რომელიც არა მარტო ძირამდე გაიჟღინთა "ბინძური" ფრანგულით, არამედ დააკონსერვა ის ფრანგული, რომელიც იყო გავრცელებული პრიორატისა და რომის ყველაზე მძაფრი დაპირისპირების დროს და მზრუნველობით შემოინახა კათოლიკური პროპაგანდისტული მანქანის ყველა მიღწევა და ჩვენს დრომდე მოიტანა.

 აი ასეთ "სამეცნიერო" აღმოჩენებს აკეთებს დენ ბრაუნის წიგნის გმირი. სამწუხაროდ ის მარტო არ არის, ვინც მკითხველის ისტორიული ლინგვისტიკით დაინტერესებას ბოროტად იყენებს, დღეს ბევრი ცდილობს გახდეს პოპულარული  "ალტერნატიული" თეორიების ავტორი.

 თუკი მკითხველს იტაცებს მძაფრი სიუჟეტი, თუკი ის სათავგადასავლო ლიტერატურის მოყვარულია, მაშინ დენ ბრაუნი მათთვისაა. მაგრამ ნუ მიიღებენ სერიოზულად მის ლინგვისტურ ძიებებს.