მნიშვნელოვანი სიახლეები
რემბრანდტის სტილი მანქანური სწავლებითა და 3D-პრინტერით შექმნეს (+ვიდეო)

რემბრანდტის სტილი მანქანური სწავლებითა და 3D-პრინტერით შექმნეს (+ვიდეო)

მეცნიერებმა ამსტერდამში პორტრეტი "შემდგომი რემბრანდტი" («the Next Rebmbrandt») წარადგინეს. მისი შექმნის დროს მანქანური სწავლების ტექნოლოგია და 3D-ბეჭდვა გამოიყენეს, რამაც მეცნიერებს მხატვრის სტილის მაქსიმალურად გამეორების საშუალება მისცა.

 იმისათვის, რომ დიდი მხატვრის "ავტორობით" ახალი ტილო შეექმნათ, Microsoft-ის, რემბრანდტის სახლ-მუზეუმის, დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის და მაურიცჰეისის სამეფო გალერეის სპეციალისტებმა, ჯერ მხატვრის ცნობილი ტილოების შესახებ მონაცემები შეკრიბეს. ნახატები  3D-ში დაასკანერეს, რათა ფერების გარდა ზეთის რელიეფიც ჩაეწერათ. მანქანური შესწავლის ალგორითმის (დაწვრილებით ინფორმაციას არ ამჟღავნებენ) გამოყენებით მკვლევარებმა გააუმჯობესეს დასკანირებული გამოსახულებები.

 იქიდან გამომდინარე, რომ რემბრანდტმა უამრავი პორტრეტი დახატა, მეცნიერებმა ყურადღება სწორედ ამ ჟანრზე გაამახვილეს. რემბრანდტის პორტრეტების ანალიზისას ადამიანის გამოსახულების სხვადასხვა მახასიათებლები გაითვალისწინეს, ისეთები, როგორიცაა ასაკი, სქესი და თავის მიმართულება. სულ 346 პორტრეტი დაამუშავეს. შედეგად ახალი პორტრეტისათვის შემდეგი სახე გამოიკვეთა: ეს უნდა ყოფილიყო მარჯვნივ მიბრუნებული, 30-40 წლის თეთრი მამაკაცი, რომელსაც წვერულვაში, შლაპა და თეთრსაყელოიანი  შავი ტანსაცმელი ექნებოდა.

მკვლევარებმა ამოცნობის ალგორითმის დახმარებით რემბრანდტის ტილოებზე საკვანძო დეტალები გამოყვეს. ფაქტიურად თვალების, წვერების, საყელოების, სახის პროპორციების და მხატვრის პორტრეტების სხვა დეტალების კოლექცია შეაგროვეს.  ამის შემდეგ მოახდინეს საბოლოო გამოსახულების გენერირება, რომელიც 3D-პრინტერზე სპეციალური მელნით 13 ფენად დაბეჭდეს -  ამგვარად მეცნიერებმა ზეთის ნამდვილი პორტრეტის რელიეფი გადმოსცეს.

 პროექტზე სამუშაოდ მიწვეულები იყვნენ პროგრამისტები, ისტორიკოსები, ხელოვნებადმცოდნეები და მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები. საბოლოო ნახატი რემბრანდტის მიერ დახატული პორტრეტების 168 000 ფრაგმენტს ეყრდნობა. პროექტზე სულ 18 თვეს მუშაობდნენ. პროექტში ავტორების სიტყვებით, ახალი პორტრეტი არ უნდა განვიხილოთ, როგორც "რემბრანდტის ტალანტის ალგორითმით აღწერა". ეს იმის დემონსტრაციაა, რომ მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიები მხოლოდ ბიზნესში არ გამოიყენება. ისინი ხელოვნების ახალი  ნიმუშების შესაქმნელადაც შეიძლება გამოდგეს.