მნიშვნელოვანი სიახლეები
რევოლუციის დიდმოწამე

რევოლუციის დიდმოწამე

ნორმანდიელმა არისტოკრატმა, განთქმული დრამატურგის, პიერ კორნელის შვილიშვილის შვილმა, შარლოტა კორდემ პოლიტიკური მკვლელობა ჩაიფიქრა. ამით მას სურდა რესპუბლიკური ტერორის ტალღა შეეჩერებინა, რომელმაც მთელი ქვეყანა სისხლში ჩაახრჩო. მცირე ხნით ყოყმანობდა: რობესპიერი თუ მარატი? მაგრამ ჟან პოლმა თვითონ გადაწყვიტა თავისი ბედი, როცა თავისივე გაზეთის „ხალხის მეგობრის“ ფურცლებიდან მოუწოდა კიდევ 260 00 მონარქისტის განადგურება, რომლებიც ვითომდა მორიგ კონტრევოლუციურ შეთქმულებას აწყობდნენ. „ფრანგებისადმი, კანონისა და მშვიდობის მეგობრებისადმი მოწოდებამ“, რომელიც თავდასხმის წინ დაიწერა, კორდე სპეციალურად უსვავდა ხაზს, რომ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით და გადაწყვეტილი ჰქონდა „მოეკლა ურჩხული“, ისე რომ არავისთან არ მოულაპარაკია.

შარლოტას დარტყმა აბაზანაში მწოლარე მარატს მარჯვენა ლავიწის ქვემოთ მოუწია. დანა პირველ და მეორე ნეკნს შორის შევიდა, გახვრიტა ფილტვი და საძილე არტერიას შეეხო. სიკვდილი ძალიან მალე დადგა. მკვლელი დამალვასაც კი არ შეეცადა, რადგან სჯეროდა, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდებოდა, სადაც კეისრის მკვლელ ბრუტუსს შეხვდებოდა. მას გილიოტინით თავი ოთხი დღის შემდეგ მოჰკვეთეს. მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება ისტორიაში, შარლოტა კორდეს საქციელმა არამცთუ შეაჩერა ძალადობა, არამედ ტერორის ახალი ძალით პროვოცირება მოახდინა.

მოკლული გმირის აღბეჭდვა კონვენტმა ცნობილ მხატვარს ჟაკ ლუი დავიდს – მემარცხენე რადიკალს და ფრანგული კლასიციზმის ფუძემდებელს მიანდო. დავიდი მარატის ახლო მეგობარი იყო და კარგად იცოდა მისი ყოფა–ცხოვრება. მაგრამ მიუხედავად სიუჟეტის დოკუმენტურობისა, ნახატი „მარატის სიკვდილი“, რომელიც 1793 წლის 14 ოქტომბერს დაამთავრა მხატვარმა, სულაც არაა ფოტოგრაფია „შემთხვევის ადგილიდან“. ზოგიერთი დეტალი (პისტოლეტები და საფრანგეთის რუკა, რომელიც კედელზე ეკიდა) დავიდმა საერთოდ არ დახატა, რათა მარატის ასკეტიზმისათვის ხაზი გაესვა. ტილოზე ყველა საგანს მხატვარმა გეომეტრიული სისწორე და ჰარმონიული პროპორციები მიანიჭა, რის გამოც მან სკულპტურული მონუმენტალობა მიიღო. აბაზანა სარკოფაგს დაემსგავსა, ზეწარი – სუდარას, ხოლო მონჯღრეული ტუმბო, რომელიც მარატს მაგიდას უცვლიდა – საფლავის ქვას. მარატის სახე პორტრეტია, მაგრამ ტანი მენატურესგან გადმოიღო. სხვანაირად მოქცევა მხატვარს არ შეეძლო. მას დავალებული ჰქონდა ბელადის გმირად წარმოსახვა, რევოლუციონერის სხეული კი ეგზემით იყო დაზიანებული, რაც მას დიდ ტანჯვას აყენებდა. სწორედ ამიტომ იღებდა იგი მნახველებს სამკურნალო  აბაზანაში მჯდომი (ასე მიიღო მან შარლოტა კორდეც). მთელ კომპოზიციაში იგრძნობა ქრისტეს გარდამოხსნა და დატირება. ლუვრშიც ნახატი საკურთხევლის მსგავს (სკრიპტა–სარკოფაგში) ადგილას იყო გამოფენილი.

 მაგრამ ეს ნახატის ერთადერთი აზრობრივი ფენა არაა. რაც არ უნდა იყოს რევოლუციამ, რომელსაც ემსახურებოდნენ დავიდი და მარატი, უარჰყო ქრისტიანობა.  სამპიროვანი ღმერთის თაყვანისცემა გონის, ბუნებისა და უმაღლესი არსების  კულტით შეცვალა. ხელოვნებაში რესპუბლიკის დროინდელი რომის სიუჟეტები დომინირებდა. ამიტომ დავიდის ტილოზე მარატი ანტიკური გმირის სახითაა წარმოდგენილი (თეთრი ზეწარი თანამედროვეთა მიერ მარტო სუდარად კი არა, რომაულ ტოგადაც აღიქმებოდა), როგორც ძმები გრახკუსები – გაიუსი და ტიბერიუსი, ასევე მკვლელის ხელით დაღუპულები. კონვენტმა მარატს არნახული დაკრძალვა მოუწყო: სამგლოვიარო პროცესიას ქალიშვილები ყვავილებით და ბავშვები ჩირაღდნებით აცილებდნენ. მაგრამ მიუხედავად ბალზამირებისა,  მარატის სხეული ისეთ მყრალ სუნს უშვებდა, რომ ბავშვები, რომლებსაც გვირგვინები და ჩირაღდნები მოჰქონდათ, ცხვირს იბზუებდნენ. ამგვარად დავიდის ნახატი შეიძლება სამ სიბრტყეში განვიხილოთ: როგორც საკურთხევლის გამოსახულება, ანტიკური აკლდამის ძეგლი და ისტორიული პორტრეტი.

 ლუვრში ნახატი დიდხანს არ დარჩენილა. 1794 წლის გადატრიალების შემდეგ, როცა იაკობინელთა დიქტატურა დაემხო, ნახატი ავტორს დაუბრუნეს. 1886 წელს დავიდის მემკვიდრეებმა ბრიუსელის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმს გადასცეს, სადაც იგი დღემდე ინახება.

undefined 

წარწერა ხის ტუმბოზე:

À MARAT DAVID l’an deux — „მარატს დავიდისგან, მეორე წელი“ (იგულისხმება 1793 წელი – საფრანგეთში რესპუბლიკის დამყარების მეორე წელი). მსგავსი ეპიტაფიები მრავლად იყო გავრცელებული ანტიკურ სამყაროში.

undefined 

საქმიანი ქაღალდები, რომლებიც მარატის მარცხენა ხელის ქვეშ დევს, დოკუმენტური წვრილმანები, იმავდროულად რევოლუციონერის დაუმთავრებელი საქმიანობის სიმბოლოები.

undefined 

წერილი მოკლულის მარცხენა ხელში: „1793 წლის 13 ივლისი. მარია ანა შარლოტა კორდე. მოქალაქე მარატს. მე ძალიან უბედური ვარ და უკვე ამიტომ შემიძლია იმედი მქონდეს თქვენი გულისხმიერებისა“. მარატი ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მაგრამ კორდე მასთან სათხოვნელად არ მისულა, არამედ მითიურ შეთქმულებაზე მოსათხრობად. სრული დაბეზღება სურათის გმირულ მონუმენტურ პატოსს არ შეესაბამებოდა.

undefined   

ტუმბოზე მდებარე ბარათი: „მიეცით ეს ასიგნატი იმ ექვსი შვილის დედას, რომლის ქმარიც სამშობლოსათვის დაიღუპა“. მასზე თავად 5 ლივრის ღირებულების ასიგნატი (მსყიდველობითი ღირებულებით 15 ევრო). სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მარატის უკანასკნელი ფული იყო.

undefined 

საკერებელი ზეწარზე  და დაკბილული ტუმბო ხაზს უსვავს მარატის ასკეტურ ცხოვრების წესს.

undefined 

ჭრილობა რევოლუციონერის მკერდზე ქრისტეს ჭრილობას გვახსენებს, რომელიც ცენტურიონმა ლონგინოზმა მიაყენა იესოს მკერდის მარცხენა მხარეს.

 undefined.

ბინდი უკანა ფონზე – მარადისობის გამოსახულება, რომელშიც უნდა დარჩეს მარატის სახე.

undefined 

დანა, რომელიც შარლოტა კორდემ დააგდო. დანა ხანჯლისგან განსხვავებით  მუხანათური მკვლელობის იარაღად ითვლებოდა.

undefined 

კალამი მოკლული რევოლუციონერ–პუბლიცისტის ხელში – მისი ბრძოლის იარაღია და თუ დანა ასოცირდებოდა მუხანათურ მკვლელობასთან, საწერი ფრთა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, იმედის, რწმენის და სიყვარულის სიმბოლოა. სწორედ ეს თვისებები გააჩნდა მარატს თანამედროვეთა თვალში.

undefined 

პირსახოცი მარატის თავზე – ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის აშკარა ილუზიაა. სხვა მხრივ აღმოსავლელი ბრძენის ჩალმაზეც არის მინიშნება.