მნიშვნელოვანი სიახლეები
ტიციანის "მიწიერ და ზეციურ სიყვარულში" დაშიფრული 10 სიმბოლო

ტიციანის "მიწიერ და ზეციურ სიყვარულში" დაშიფრული 10 სიმბოლო

რამდენიმე საუკუნე ტიციანის ტილო მხოლოდ ალეგორიად მიაჩნდათ. მაგრამ მხატვარი სულ სხვა რამეს ხატავდა: იგი სპეციალურად ურევდა ერთმანეთში სიმბოლოებსა და კონკრეტულ დეტალებს. მიზანი სრულიადაც არ ყოფილა აბსტრაქტული, მას ვენეციის მაღალ წრეებში მომხდარი სკანდალი უნდა დაეცხრო.

ადრეული ტიციანის ტილომ სახელად "მიწიერი და ზეციური სიყვარული" 1693 წელს მიიღო. აქედან გამომდინარე, ერთნაირი სახის მქონე ორი ქალი სიყვარულის ქალღმერთის ორ იპოსტასს წარმოადგენდა, რომელიც რენესანსის ინტელექტუალებისათვის ანტიკური ფილოსოფოსების ნაშრომებიდან იყო ცნობილი. მაგრამ ტიციანის ტილოს 1613 წელს ჯერ კიდევ "შემკობილი და შეუმკობელი სილამაზე" ეწოდებოდა. რას უწოდებდა ტილოს თავად მხატვარი ანდა შემკვეთი, უცნობია.

მხოლოდ XX საუკუნეში მიაქციეს მკვლევარებმა ყურადღება საქორწილო სიმბოლოების და ვენეციური ოჯახის ღერბის  გამოსახულებას. მათი დასკვნით ღერბის მფლობელმა, ათთა საბჭოს მდივანმა ნიკოლო აურელიომ, ტიციანს ნახატი 1514 წელს პადუელ ახალგაზრდა ქვრივზე, ლაურა ბოგაროტოზე ქორწინების გამო შეუკვეთა. იმ დროის ვენეციელი ქრონისტის მარინ სანუდო აღნიშნავდა, რომ ამ ქორწინებას "ყველგან განიხილავდნენ" - პატარძლის საკმაოდ ნაღვლიანი წარსულის გამო. 1509 წელს ვენეციის რესპუბლიკასა და რომის საღვთო იმპერიას შორის სამხედრო კონფლიქტისას ლაურას პირველი ქმარი, პადუელი არისტოკრატი ფრანჩესკო ბორომეო იმპერატორის მხარეს გამოვიდა. პადუა ვენეციას ემორჩილებოდა, ამიტომაც ბარომეო დააპატიმრეს და ათთა საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც მოღალატე სიკვდილით დასაჯეს. ლაურას ბევრი ნათესავი ან ციხეში მოხვდა, ანდა გადაასახლეს. მისი მამა ბერტუჩო ბაგაროტო, უნივერსიტეტის პროფესორი, ცოლისა და შვილების თვალწინ იგივე ბრალდებით ჩამოახრჩვეს, მაგრამ იგი უდანაშაულო იყო.

მაღალი თანამდებობის ვენეციელი მოხელის ქორწინებას მოღალატის ქვრივზე და შვილზე კომისიამ განიხილა, რომელსაც დოჟი ხელმძღვანელობდა. კომისიამ ქორწინების ნებართვა გასცა. ლაურას ქორწინებამდე ერთი დღით ადრე კონფისკაციაქმნილი მდიდრული მზითვი დაუბრუნეს და ამაში დიდი წვლილი სასიძოს ეკუთვნოდა. ვენეციის ყველაზე პრესტიჟულ და მეძვირე მხატვრისათვის შეკვეთილ ტილოს ვენეციელთა თვალში რესპექტაბელურობა უნდა შეემატებინა.

1. პატარძალი. ხელოვნებათმცოდნე რონა გოფენის აზრით, ეს ლაურა ბოგაროტოს პორტრეტი არ უნდა იყოს, ვინაიდან მაშინ შიშველი ქალიც მისი პორტრეტი იქნებოდა, რაც  იმ დროს წესიერი ქალის რეპუტაციას შელახავდა. ეს იდეალიზირებული პატარძლის სახეს უფრო ჰგავს.

2. კაბა. როგორც რადიოგრაფიულმა ანალიზმა აჩვენა თავიდან ტიციანმა იგი წითელი დახატა. მაგრამ ლაურას მზითვის წიგნში თეთრი ატლასის საქორწილო კაბა იყო აღნიშნული და ამიტომ რონ აგოფენის აზრით, მხატვარმა სწორედ ეს კაბა გამოსახა.  ქამარი - ცოლქმრული ერთგულების სიმბოლო და ხელთათმანები - ასევე საქორწილო კაბის ატრიბუტებია: სასიძო ამ ნივთებს ნიშნობის დროს ჩუქნიდა სერიოზული მიზნების ნიშნად.

3. გვირგვინი. მარადმწვანე მირტი - ვენერას მცენარეა, სიყვარულის და ერთგულების სიმბოლო. ძველ რომში მისგან შეკრული გვირგვინი ქორწინების ატრიბუტი იყო.

4. თასი. როგორც რონა გოფენი წერს მსგავსი ჭურჭლით ვენეციელ პატარძლებს საქმროები საჩუქრებს ჩუქნიდნენ.

 5. კურდღლები. პატარძლის ფიგურის გვერდით ნაყოფიერების სიმბოლო - ამით ახლადშეუღლებულებს მრავალშვილიანობას უსურვებდნენ.

6. შიშველი. მკვლევართა უმრავლესობის აზრით, მათ შორის რენესანსის ხელოვნების იტალიელი ექსპერტის ფედერიკო ძერის და ტიციანის შემოქმედების ბრიტანელი სპეციალისტის ჩარლზ ჰოუპის,  ეს ქალღმერთი ვენერაა. იგი ძლიერ ჰგავს პატარძალს, ვინაიდან ანტიკურ პოეზიაში პატარძალს ხშირად სიყვარულის ქალღმერთს ადარებდნენ. ვენერა მიწიერ ქალს ლოცავს ქორწილის წინ.

 7. პეიზაჟი. ძერის აზრით, პერსონაჟების ზურგს უკან ორი კონტრასტული პეიზაჟია, რომელიც ქორწინებას უკავშირდება: მთიანი გზა - ძნელი გზა და ურღვევი მიზანსწრაფვა,  ვაკე - ქორწინებაში ხორციელი სიამოვნება.

 8. კუპიდონი. ვენერას შვილი, სიყვარულის ფრთიანი ღმერთი - ქალღმერთსა და პატარძალს შორის შუამავალია.

 9. შადრევანი. მასზე აურელიოს ოჯახის ღერბია. ხელოვნებადმცოდნე ვალტერ ფრიდლენდერის აზრით, ეს ვენერას შეყვარებულის ადონისის აკლდამაა. იგი XV საუკუნის რომანში " პოლიფილის ჰიპნოეროტომაქიაშია" აღწერილი - სარკოფაგი (სიკვდილის სიმბოლო) საიდანაც წყალი გადმოდის (სიცოცხლის სიმბოლო).  მარმარილოს რელიეფი ეჭვიანი მარსის მიერ ადონისის ცემაა გამოსახული: რომანის მიხედვით მარსმა მოკლა ადონისი. ეს მხოლოდ ქალღმერთის ტრაგიკულად დასრულებულ სიყვარულზე არ მიუთითებს. იგი ლაურა ბაგაროტოს ნაღვლიან წარსულზეც მიგვანიშნებს.

 10. ლამპარი. ვენერას ხელში ანტიკური ლამპადა. ფედერიკო ძერის აზრით ღვთაებრივი, ამაღლებული სიყვარულის სიმბოლოა.