მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი ზეთიანი ფერწერა

უძველესი ზეთიანი ფერწერა

მეცნიერთა ჯგუფმა ტოკიოს (იაპონია) კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტიდან (NationalResearch Institute for CulturalProperties), იოკო ტანიგუჩის (Yoko Taniguchi) ხელმძღვანელობით გააანალიზა VII საუკუნის შუა წლების – VIII საუკუნის დასაწყისის ავღანეთში, ბამიანის გამოქვაბულების  ბუდისტური ნახატები და გაარკვია, რომ მხატვრები ზეთის საღებავების პრიმიტიულ ვარიანტს იყენებდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ბუდისტი მხატვრები ზეთით აქტიურად ხატავდნენ ევროპელებზე მრავალი ასწლეულით ადრე.

ამის მიუხედავად, იაპ ბოონი (Jaap Boon), ამსტერდამის (ნიდერლანდები) ატომური და მოლეკულური ფიზიკის ინსტიტუტის (Institute for Atomic and Molecular Physics)  ხელოვნების ნიმუშების ქიმიური ანალიზის სპეციალისტი, გვაფრთხილებს, რომ ასეთი დასკვნები ნაჩქარევია და დაზუსტებისათვის უფრო დაწვრილებითი ანალიზია საჭირო.

ბამიანის გამოქვაბულები ბუდას გიგანტური ქანდაკების, რომელიც 2001 წელს დაანგრიეს, უკან მდებარეობს. ნახატებზე ბუდა და მითიური არსებებია გამოსახული. მათი გამოსახულებებიც დაზიანებულია, მაგრამ ბოლომდე არაა განადგურებული. ახლა ეს გამოქვაბულები იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია შეტანილი. ანალიზისათვის მეცნიერებმა მილიმეტრზე ნაკლები სიგანის უმცირესი ნიმუშები აიღეს.

 მეცნიერები იყენებდნენ საფრანგეთში, გრენობლში მდებარე ევროპული სინქროტრონული რადიაციული აპარატის რენტგენის სხივებს. ეს საღებავებში პიგმენტური ნაწილაკების კომპოზიციისა და კრისტალური სტრუქტურის დადგენის საშუალებას იძლეოდა. სინქროტონული აპარატი ძალიან კაშკაშა რენტგენის სხივებს უშვებს, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია ასე მცირე რაოდენობის მასალასთან სამუშაოდ. ხოლო საღებავის ორგანული კომპონენტების განსასაზღვრავად გამოიყენებოდა  სპექტროსკოპული მეთოდი, რომელიც მოლეკულური სტრუქტურის იდენტიფიკაციას ახდენდა.

 ფენების ანალიზმა აჩვენა, რომ საღებავი ზეთს შეიცავს, რომელიც სავარაუდოთ კაკლისგან ანდა ყაყაჩოს თესლიგან იქნა მიღებული. ბოონის სიტყვებით, საღებავების ასეთი არჩევანი ცოტა უცნაურია, ვინაიდან შემდეგ გამოსახულების შენახვა ძნელი იქნება. არსებობს ზეთის საღებავების გამოყენების  საკმაოდ ადრეული შემთხვევები, მაგალითად V საუკუნის ბიზანტიელ მწერალ აეციუსთან(Aëtius), მაგრამ მისი აქტიური გამოყენება მხოლოდ XV საუკუნიდან დაიწყეს, როცა ფლამანდელმა მხატვრებმა იან ვან ეიკმა (Janvan Eyck) და მისმა ძმამ ჰუბერტ ვან ეიკმა (Hubert van Eyck)  დაიწყეს კაშკაშა და გამძლე საღებავების დამზადება.