მნიშვნელოვანი სიახლეები
ურჩხულისა და მზეთუნახავის ზღაპარი ბრინჯაოს ხანაში მოიგონეს

ურჩხულისა და მზეთუნახავის ზღაპარი ბრინჯაოს ხანაში მოიგონეს

ბევრი ზღაპარი, მათ შორის „მზეთუნაცხავი და ურჩხული“, მჭედელი და ეშმაკი“ და „რუმპელშტილცკინი“ თავისი ფესვები ბრინჯაოს ხანაში აქვს გადგმული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ანთროპოლოგი ჯეიმს თეჰრანი (Jamie Tehrani) და სარა გრასა და სილვა (Sara Graca da Silva) ლისაბონის (პორტუგალია) ნუევას უნივერსიტეტიდან. მათ ანალიზისათვის 2 ათასი ზღაპრული სიუჟეტიდან 275 ისტორია შეარჩიეს, რომლებშიც ჯადოსნობა ფიგურირებდა.

 მკვლევარებმა გამოიყენეს მეთოდი, რომლის დახმარებითაც ჩვეულებრივ ენის ევოლუციას, გრამატიკული და ფონეტიკური სტრუქტურის დროში ცვლილებებს შეისწავლიან.

 ზღაპარსა და ენას შორის კავშირის სტატისტიკურმა ანალიზმა მკვლევართა განკარგულებაში 76 ისტორია დატოვა, რომელთა ასაკის შეფასებაც შესაძლებელი იყო. ინდოევროპული ენების გენეტიკური ხის მიხედვით მეცნიერებმა თვალი მიადევნეს თუ როგორ არის დაკავშირებული ენების ისტორია შერჩეულ ზღაპრულ სიუჟეტებთან. ოთხი ზღაპრის შესახებ გარკვეული ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი სტრუქტურულად პროტოინდოევროპულ ენასთან არიან კავშირში. ეს ენა 6 ათასი წლის წინათ არსებობდა.

 სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას მხოლოდ მჭედლის ზღაპარზე, რომელმაც ბნელ ძალასთან ხელშეკრულება დადო და ამით ნებისმიერი მასალების შეერთების უნარი მიიღო (ზღაპარი „მჭედელი და ეშმაკი“).  მკვლევართა აზრით ზღაპარსა და ლითონის დამუშავებას შორის კავშირი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომელიც  ბრინჯაოს ხანაში მის არსებობას ამტკიცებს. ზღაპრები „მზეთუნახავი და ურჩხული“  და „რუმპელშტიცკინი“ („თანაშემწის სახელი“)  უფრო შემდგომ პერიოდში შეიქმნა – 3–4 ათასი წლის წინათ. ანუ იმ პერიოდში როცა ერთიანი ინდოევროპული ენის დაშლა დაიწყო. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ  ზოგი ზღაპრული სიუჟეტი უფრო ძველია, ვიდრე მათზე არსებული წერილობითი მტკიცებულება.

 თუმცა კვლევის შედეგებს ყველა მეცნიერი არ ეთანხმება. ჯონ ლინდოუ (John Lindow), კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ფოლკლორისტი, ხაზს უსვავს იმ ფაქტს, რომ პროტოინდოევროპელების სიტყვიერი მარაგი, რომელიც ლითონთან მუშაობას შეეხებოდა, შეზღუდული იყო და სიტყვა „მჭედელი“ შესაძლოა მათ არ იცოდნენ. თუ ეს ასეა, მაშინ ზღაპარიც არ გამოდის ასე ძველი.

მაგრამ ჯეიმს თეჰრანი ღრმად არის დარწმუნებული თავის დასკვნებში. მისი სიტყვებით ზღაპრებს უნდა შევხედოთ როგორც გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. „ჩვენ ყოველ თაობაში კულტურას თავიდან არ ვიგონებთ. მის უდიდეს ნაწილს ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ“, – განაცხადა მკვლევარმა.