მნიშვნელოვანი სიახლეები
ხელით ნუ შეეხებით! (+ვიდეო)

ხელით ნუ შეეხებით! (+ვიდეო)

ტაივანში, გამოფენაზე, მშვენიერებასთან თანაზიარობა სავალალოდ დამთავრდა: ერთ–ერთმა ნორჩმა დამთვალიერებელმა შემთხვევით დააზიანა ნეაპოლელი იტალიელი მხატვრის პაოლო პორპორას ტილო „ყვავილები“.

სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ინციდენტი: 12 წლის ბიჭმა ექსკურსიის დროს წაიბორძიკა, წონასწორობის დაცვას შეეცადა და ნახატს შეეხო. ტილოში თითისგან ნახვრეტი გაჩნდა. იგი სასწრაფოდ სარესტავრაციოდ წაიღეს.

undefined

 „დაზიანებული ტილო 400 წლისაა და მას ძალიან მყიფე სტრუქტურა აქვს. როცა ჩვენ ვიწყებთ ამგვარი ტილოს აღდგენას, პირველ რიგში ტილოს სტრუქტურის რესტავრირებას ვცდილობთ და უკვე შემდგომ ვიწყებთ დაზიანებულ ადგილზე საღებავის აღდგენას“, – ამბობს რესტავრატორი.

ნახატი „ყავვილები“ XVII საუკუნეშია დახატული. იგი გვიანი ბაროკოს ეპოქას მიეკუთვნება და 1,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მაგრამ ბავშვის მშობლებისგან ზარალის ანაზღაურება გამოფენის ორგანიზატორებს არ უცდიათ. თავად მოზარდი და მისი მშობლები ძლიერ შეწუხდნენ მომხდარის გამო.

ისტორიამ იცის სხვა „უბედური შემთხვევებიც“ როცა ხელოვნების ნიმუშები დაზიანდნენ.

undefined

ასე მაგალითად 2006 წელს კემბრიჯში, ფიცუილიამის მუზეუმში, 300 წლის ჩინური ლარნაკები ნამსხვრევებად იქცა მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა დამთვალიერებელმა საკუთარ თასმებს დააბიჯა და წაიქცა.

2010 წელს ქალი ნიუ–იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში პიკასოს ნახატს დაეცა და 15 სანტიმეტრზე ჩახია.

მაგრამ ყველაზე კურიოზული ისტორია, მაინც ამერიკელ მილიონერს სტივ უინს გადახდა, რომელიც ლას–ვეგასში რამდენიმე კაზინოს მფლობელია. მან 2006 წელს თავის მეგობრებს უჩვენა პიკასოს ნახატი „ძილი“, რომელიც 1997 წელს შეიძინა 48,84 მილიონ დოლარად და გაყიდა 139 მილიონად.

იმის შესახებ თუ რა მოხდა იმ დღეს თავის ინტერნეტ საიტზე ჰყვება ცნობილი ჰოლივუდელი სცენარისტი ჰორა ეფრონი: „სტივმა ასწია ხელი, რათა ნახატის რომელიღაც დეტალი ეჩვენებინა, რომელზეც პიკასომ თავისი საყვარელი მარი–ტერეზა უოლტერი გამოხატა. უცბათ მისი იდაყვი უკან გაქანდა და ტილოს შუაგული გახვრიტა. საშინელი ხმა იყო. ნახატის ცენტრში ვერცხლის დოლარის ხელა (2,65 სმ) ნახვრეტი გაჩნდა! „ჯანდაბა, ნახეთ რა ჩავიდინე! კიდევ კარგი რომ თავად ვქენი“ – სინანულით თქვა სტივმა“.

მილიარდელმა ბოდიში მოიხადა მყიდველის წინაშე და გააუქმა გარიგება. რესტავრაცია 90 ათასი დოლარი დაჯდა.