მნიშვნელოვანი სიახლეები
ფინანსური ბაზრები მაკრონის წარმატებას მიესალმებიან

ფინანსური ბაზრები მაკრონის წარმატებას მიესალმებიან

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ევროს კურსი გაიზარდა.

ეკზიტპოლებისა და გამოკითხვების მიხედვით მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი გადიან.

ბაზრებს ეშინოდათ, რომ მეორე ტურში ლე პენი და ულტრამემარცხენეების ლიდერი ჟან-ლიუკ მელანშონი გავიდოდნენ. ამ შემთხვევაში ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ ისეთ პოლიტიკოსს შორის მოუწევდათ, რომლებიც ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები.

 დილით აზიის ბაზრებზე ევროს კურსმა 2%-ით მოიმატა. „თუკი არჩევნების შედეგები ისეთივე აღმოჩნდება, როგორიც ეკზიტპოლებია, მაშინ ინვესტორები ცენტრისტების კანდიდატის გასვლით კმაყოფილები იქნებიან“, - ამბობს ეკონომისტი დინ ტერნერი UBS Wealth Management-იდან.

 ამ მომენტისათვის როგორც ჩანს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი მაკრონი გახდება, რაც ფრანგული და ევროპული ბაზრისადმი ინვესტორების ინტერესებს გაზრდის“, - აცხადებს ტერნერი.

 როგორც კი აზიის ბირჟები გაიხსნა, ევროს ფასმა დოლართან მიმართებაში მაშინათვე 2% მოიმატა. ეს 10 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი  კურსია, რომელიც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა.

 იენთან მიმართებაში ევროს კურსმა 3%-ით მოიმატა. ამასთან იენა დოლართან მიმართებაში 1%-ით დაეცა.

 ემანუელ მაკრონს საფრანგეთის ახლანდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ერთ-ერთ კაბიბეტში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. მიუხედავად პოლიტიკური გამოუცდელობისა (იგი არასდროს აურჩევიათ პარლამენტში) ამომრჩეველთა გამოკითხვა მას მეორე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.

 თუმცა ანალიტიკოსების აზრით ბრეკსიტზე ბრიტანული რეფერენდუმი და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება 7 მაისის არჩევნების შედეგების გარანტიას არ იძლევა.

 „მაკრონი დაამშვიდებს ბაზრებს, ვინაიდან იგი კორპორაციებს გადასახადების   და ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას აპირდება“, ამბობს ოქტავიო მარენცი, პარიზული ფინანსურ-კვლევითი კომპანია Opimas ხელმძღვანელი.

 მას ეთანხმება ლონდონური ფირმა City Index-ის წარმომადგენელი ქეთლინ ბრუკსი, რომელიც თვლის რომ საფრანგეთის არჩევნების შედეგები ორმაგად დადებითი მოვლენაა. „ჯერ ერთი მაკრონი პოლიტიკურად უფრო სტაბილური, ცენტრისტული კანდიდატია. ერთგვარი ფრანგი ობამა. იგი საიმედო ადამიანად ითვლება და მეორეც, მისი გამარჯვება ამყარებს ევროკავშირსა და ევროს. მარინ ლე პენს კი ორივეს განადგურება სურს“.

ბრიტანელი ბუკმეკერებიც 7 მაისის არჩევნებში მაკრონის გამარჯვებაზე დებენ ფსონებს.