მნიშვნელოვანი სიახლეები
Ford-ი ტრამპის კრიტიკის შემდეგ მექსიკაში ქარხანას აღარ ააშენებს

Ford-ი ტრამპის კრიტიკის შემდეგ მექსიკაში ქარხანას აღარ ააშენებს

ამერიკული საავტომობილო კომპანია Ford-იმექსიკაში 1,6 მილიარდ დოლარად ღირებულ ავტოამწყობ ქარხანას აღარ ააშენებს. მანამდე  ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ამერიკული ავტომწარმოებლები მექსიკაში ავტომობილების გამოშვებისათვის გააკრიტიკა.

 „Ford აუქმებს თავის გეგმას სან-ლუის-პოტოსიში (მექსიკა) 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი ქარხნის მშენებლობის შესახებ და 700 მილიონ დოლარად ფლეტ-როკში (მიჩიგანის შტატი) თავის წარმოებას გააფართოებს, - დააზუსტა ავტომწარმოებელმა, - Focus-ის ახალი მოდელი მექსიკაში,  ერმოსილიოში უკვე არსებულ ქარხანაში იწარმოება“.

Ford-მა თავისი გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკაში ავტოგიგანტ  General Motors-ის მიერ წარმოებულ და აშშ-ში ექსპორტირებულ ავტომობილებზე დამატებითი ტარიფი უნდა დაწესდეს.

 „General Motors-ს საზღვარზე უფასოდ გადმოაქვს მექსიკაში აწყობილი ავტომობილი  Chevy Cruze  და ამერიკელ ავტოდილერებს აწვდის, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“. - აწარმოე აშშ-ში ანდა გადაიხადე საბაჟო გადასახადი!“

 კომპანია GM აცხადებს, რომ  ავტომობილ Chevy Cruze-ის დიდი ნაწილი აშშ-ში იწარმოება. მექსიკაში მისი მხოლოდ ერთი მოდელი - ჰეტჩბეკის აწყობა ხდებოდა, რომელიც გაყიდვების მცირე პროცენტს შეადგენს. კომპანიის განცხადებით Chevy Cruze  მსოფლიო წარმოებისათვის არის შექმნილი და აშშ-ში გაყიდული ყველა ავტომობილი ოჰაიოს შტატშია დამზადებული.