მნიშვნელოვანი სიახლეები
ინგლისში მსოფლიოში უდიდესი კრიოგენული ელექტროსადგური აამოქმედეს

ინგლისში მსოფლიოში უდიდესი კრიოგენული ელექტროსადგური აამოქმედეს

ინგლისის ჩრდილოეთში, მანჩესტერის გარეუბანში მსოფლიოში უდიდესი კრიოგენული ელექტროსადგური მწყობრში ჩადგა.

 იგი ღამის საათებში იაფ ელექტროენერგიას კრიოგენულ ტანკებში ჰაერის დასატუმბად იყენებს, რომელიც დღისით თბება, ფართოვდება, ტურბინას ატრიალებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ეს საპილოტე პროექტია, რომელიც შემდგომ გაფართოვდება. კრიოგენული ელექტროსადგურის სიმძლავრე 5 მეგავატია, რაც სამი საათის განმავლობაში 5 ათას ოჯახს ყოფნის.

 კომპანია Highview Power Storage-ში, რომელმაც ააგო ეს ელექტროსადგური, აცხადებენ, რომ  ელექტროენერგიის გენერაციის მსგავსი სქემის მასშტაბირება და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებთან ერთად გამოყენება ძალიან ადვილია. ეს განსაკუთრებით ქარისა და მზის ენერგეტიკაზე ითქმის.

2015 წელს ალტერნატიულმა ენერგეტიკამ ბრიტანეთში მოხმარებული ენერგიის 25% გამოიმუშავა. მაგრამ მზისა და ქარის ელექტროსადგურები ენერგიას არათანაბრად გამოიმუშავებენ და ასეთი ენერგიის კონსერვაცია და შენახვა პრობლემას წარმოადგენს. ახალი ელექტროსადგური ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზაა.

 კრიოგენული ელექტროსადგური პილსვორტში მდებარე ელექტროსადგურის მახლობლად ააგეს. ეს ელექტროსადგური ქალაქის ნაგავსაყრელიდან გამომუშავებულ მეთანზე მუშაობს. მის ენერგიას ჰაერის მინუს 190 გრადუსამდე გასაციებლად და შემდგომ შესათბობად იყენებენ. ამგვარად დაჭირხნული ჰაერი გაფართოებისას მოცულობაში 700-ჯერ მატულობს, რაც სავსებით საკმარისია ტურბინის მოძრაობაში მოსაყვანად.

კომპანიის განცხადებით საცდელმა დანადგარმა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა, ასე რომ უკვე მზადაა 1200 მეგავატიანი ელექტროსადგურის პროექტი.