მნიშვნელოვანი სიახლეები
McDonald's-ი ევროპაში იურისდიქციას ლუქსემბურგიდან ლონდონზე ცვლის

McDonald's-ი ევროპაში იურისდიქციას ლუქსემბურგიდან ლონდონზე ცვლის

სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელმა McDonald's-მა განაცხადა, რომ აშშ-ს გარეთ თავისი ბიზნესი ბრიტანული საგადასახადო იურისდიქციის ქვეშ გადაჰყავს. McDonald's-ის ევროპული შტაბ-ბინა, რომელიც აშშ-ს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ოპერაციებზეა პასუხისმგებელი, დღეისათვის ლუქსემბურგშია დარეგისტრირებული.

McDonald's-ის ახალი ჰოლდინგური კომპანია ბრიტანული საგადასახადო რეზიდენტი გახდება და აშშ-ს გარეთ მომუშავე თავის ფირმების კორპორატიულ გადასახადს ადგილობრივი 20%-იანი ნიხრით გადაიხდის.

 2020 წლისათვის ბრიტანეთის ხელისუფლება კორპორატიული გადასახადის 17%-მდე შემცირებას აპირებს. ლუქსემბურგში იგივე გადასახადი 20%-ს შეადგენს.

 კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით შტაბ-ბინის ლონდონში გადატანა გადასახადების შემცირებას არ უკავშირდება. McDonald's-ის  მენეჯმენტის გადატანა  მართვის ეფექტურობის გაზრდის სურვილით აიხსნება. ამას გარდა, ამჟამად კომპანიის პერსონალის უდიდესი ნაწილი ბრიტანულ ქვედანაყოფებში მუშაობს.

 McDonald's-ის სათაო ბრიტანული ოფისი აშშ-ს ფარგლებს გარეთ კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებებზე უფლებების ლიცენზირებით მეტ ანარიცხებს მიიღებს.

 როგორც McDonald's-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ლუქსემბურგის ოფისი ამის შემდეგ მხოლოდ რესტორნების ლუქსემბურგის ტერიტორიაზე მოქმედებებზე აგებს პასუხს.

 კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის ხელისუფლება სიხარულით შეხვდა. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გამო ბევრი ექსპერტის ვარაუდით საერთაშორისო კომპანიების შტაბ-ბინების ბრიტანეთიდან კონტინენტურ ევროპაში გადაიტანა იყო მოსალოდნელი.