მნიშვნელოვანი სიახლეები
Visa: ევროპაში ინტერნეტ ვაჭრობას ბრიუსელის ახალი ნაბიჯების გამო საფრთხე ემუქრება

Visa: ევროპაში ინტერნეტ ვაჭრობას ბრიუსელის ახალი ნაბიჯების გამო საფრთხე ემუქრება

ევროკავშირის ახალი ინიციატივა მომხმარებლებისაგან ინტერნეტში ვაჭრობის უსაფრთხოებაზე დამატებით შემოწმებას მოითხოვს. ამ გადაწყვეტილებამ Visa-ს და სხვა გადახდის სისტემების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გეგმით, რომელიც თაღლითობის წინააღმდეგ არის მიმართული, მყიდველმა 10 ევროზე მეტი ყოველი ტრანზაქციისას პაროლი ანდა სხვა სპეციალური კოდი უნდა შეიყვანოს.

როგორც რეგულატორი აცხადებს, იგი ცდილობს ბალანსი მოძებნოს მოხერხებულობასა და უსაფრთხოებას შორის. მაგრამ გადახდის სისტემა Visa თვლის, რომ  ამ გეგმების განხორციელება კატასტროფას გამოიწვევს. თავისი შეშფოთება გამოხატეს ასევე ბანკებმა და ინტერნეტ-რიტეილერებმა.

ისინი აფრთხილებენ, რომ მყიდველებს სერიოზული ხელშეშლები შეექმნებათ, განსაკუთრებით ისეთ დაძაბულ დღეებში, როგორიცაა „შავი პარასკევი“ - ყოველწლიური გრანდიოზული ფასდაკლებით ვაჭრობა. იგი ამ კვირას გაიმართება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ევროკავშირის ინიციატივა შეუძლებელს გახდის მყიდველებში ე.წ. „ერთი წკაპით“ ყიდვას და მობილურით 10 ევროზე მეტ ავტომატურ გადახდებს.

 Visa აფრთხილებს, რომ ექსპრე-გადახდების ბლოკირების შედეგად სერიოზული ხარვეზები გაჩნდება, ვინაიდან ამგვარ გადახდებზე ევროპაში ონლაინ-ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდის.

ევრორეგულატორი ყველაზე დიდ დარტყმას ბრიტანეთს მიაყენებს. ონლაინ-შოპინგი ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო არის განვითარებული და ელექტრონულ ვაჭრობას ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე დიდი გავლენა აქვს.

 Visa-ს ევროპაში რისკების განყოფილების უფროსი პიტერ ბეილი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ეს ხერხი რაღაცით მაინც დაეხმარებათ თაღლითობასთან ბრძოლაში.

ახალი ღონისძიებების წინააღმდეგ გამოვიდნენ ასევე Mastercard, Paypal და გადახდის სხვა სისტემები.

ამ დროისათვის პროექტი განხილვის პროცესშია და მისი მიღების შემთხვევაში იგი ძალაში 2018 წლის განმავლობაში შევა. სწორედ ამ წელს არის მოსალოდნელი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა.