მნიშვნელოვანი სიახლეები
3500 წლის წინანდელი ძვირფასი ქვები ქუვეითში ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციაზე გვიყვება (+ვიდეო)

3500 წლის წინანდელი ძვირფასი ქვები ქუვეითში ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციაზე გვიყვება (+ვიდეო)

დანიელი არქეოლოგების ჯგუფმა მოესგარდის მუზეუმიდან, აღმოაჩინეს გასაოცარი 3500 წლის წინანდელი ძვირფასი ქვები და სამკაულები ქუვეითში. იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა უცნობ ისტორიულ პერიოდზე ახალ ინფორმაციას მისცემთ.

ახალი აღმოჩენა დილმუნის ცივილიზაციაზე

ქუვეითის ფაილაკას კუნძულის სანაპიროებზე დანიელი არქეოლოგების ჯგუფი უკვე ათწლეულია რაც კვლევას ატარებენ. ახალი აღმოჩენა ინფორმაციას იძლევა ძვ.წ.ა. 2100 და 1700 წლებს შორის მომხდარ მოვლენებზე, როცა კუნძულზე დილმუნის ხალხი ცხოვრობდა. დილმუნი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაციაა. ამ ნაკლებად ცნობილი ცივილიზაციის ცენტრი დღევანდელი ბაჰრეინის რეგიონში იყო. ბრინჯაოს ხანაში ის შუამდინარეთის მთავარ ქალაქებთან ვაჭრობით იყო სახელგანთქმული.

ფლემინგ ჰოილანდმა, მთავარმა მეცნიერმა და მოესგაარდის მუზეუმის ხელმძღვანელმა ამასთან დაკავშირებით თქვა, „ჩვენ ვიპოვეთ სამკაულების ნარჩენები საამქროში, რომელიც ძვ.წ.ა. 1700 და 1600 წლებს შორის არსებობდა. ასევე ვიპოვეთ ნახევრად ძვირფასი ქვების მძივის მარცვლები, რომლებიც ფაილაკას კუნძულზე არ მოიპოვება და იმპორტირებული იყვნენ - სავარაუდოდ ინდოეთის ან პაკისტანის ტერიტორიიდან.“

პროფესორის ასისტენტმა ქრისტოფერ დამგაარდმა თქვა, „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენაა. ეს ჯერ გადაუმუშავებული მატერიალი საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ იმდროინდელი მაღალი ფენის ხალხის ცხოვრება და რამდენად შორ მიდამოებში ვაჭრობდნენ დილმუნის ხალხი.“

დილმუნის დიდებული და მდიდრული წარსული

მიუხედავად მისი მნიშვნელობისა ცოტამ თუ იცის დილმუნის ცივილიზაცია. სპარსეთის ყურესთან თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო ის სავაჭრო მნიშვნელოვან ცენტრად განვითარდა, რომელიც ორ მნიშვნელოვან ცივილიზაციას: მესოპოტამიას და ინდის სანაპიროებს აკავშირებდა.

ის მდიდარი იყო თავისი მითოლოგიითა და ფოლკლორით, თუმცა დილმუნი მარტოოდენ მითოლოგიური ადგილიც არ იყო. მის შესახებ მოთხრობილია შუმერულ და ბაბილონურ ლურსმლურ დამწერლობებში. ყველაზე ადრეული ხსენება მის შესახებ გვხდება ურ-ნანშესთან, რომელიც ლაგაშის პირველი დინასტიის პირველი მეფე იყო. იქ საუბარია ხარკზე, რომელიც დილმუნიდან ჩამოიტანეს.

სავარაუდოდ დილმუნის გემები ინდის, ანუ ჰარაპას ცივილიზაციასთან ვაჭრობას აწარმოებდა და იქ შუამდინარეთიდან მოტანილი საქონელი ჩაჰქონდა. ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ საქონელს ომანის სპილენძი წარმოადგენდა.

დილმუნის ცივილიზაციის დაღმასვლა და „ბნელი ხანა“

მიუხედავად ამ ცივილიზაციის დაღმასვლისა და „ბნელი ხანისა“, დამგაარდი ამ აღმოჩენებით ვარაუდობს, რომ ქუვეითი სავაჭრო ადგილად მაინც რჩებოდა, რაზეც შესაძლოა ქვები მიუთითებდნენ. მისი თქმით, „ქუვეითმა სავარაუდოდ ხელახლა დაარსა სავაჭრო გზები, რომლებიც ძვ.წ.ა. 1700 წელს მოიშალნენ. ბაჰრეინსა და ფაილაკში დაახლოებით ძვ.წ.ა. 1600 წლისთვის პაკისტანთან და ინდოეთთან ისევ მიდიოდა ვაჭრობა.“

ამასთან მეცნიერის თქმით დილმუნის ისტორიაში ეს პერიოდი „ბნელ ხანად“ არ უნდა იწოდებოდეს, რადგან არ მოიპოვება საკმარისი ინფორმაცია, რომ მსგავსად მივიჩნიოთ. ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ქვები ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის უცნობ ისტორიულ პერიოდზე.