მნიშვნელოვანი სიახლეები
ალექსანდრე მაკედონელის დაკარგულ ქალაქს ერაყში,  ჯაშუშური ფოტოებით მიაკვლიეს

ალექსანდრე მაკედონელის დაკარგულ ქალაქს ერაყში, ჯაშუშური ფოტოებით მიაკვლიეს

 ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ქალაქი გადმოცემის მიხედვით ჯადოსნური ადგილი იყო, სადაც მოსახლეობა ღვინოს სვამდა და ფილოსოფიაზე მსჯელობდა. მას მთელი 2000 წელი დაკარგულად მიიჩნევდნენ და ახლა მოულოდნელად აღმოაჩინეს.

 ბრიტანელმა და ერაყელმა არქეოლოგებმა ერაყში იმ ადგილს მიაკვლიეს, სადაც ქალაქი Qalatga Darband-ი მდებარეობდა. ექსპერტებმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ 1960 წელს გადაღებულ ჯაშუშურ ფოტოს შესწავლის შემდეგ ერაყში დასახლების კედლების ნანგრევებს მიაკვლიეს.

 ფოტო 1996 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო რეგიონში არქეოლოგები ვერ ჩადიოდნენ. ახლა უპილოტოების მიერ გადაღებული ახალი კადრებით აღჭურვილებმა დაადგინეს, რომ ერაყის ქურთისტანში, სულეიმანიას პროვინციაში, რანიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე I-II საუკუნეებში არსებული ქალაქი მდებარეობდა.

სპეციალისტების აზრით ალექსანდრე მაკედონელმა ქალაქი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 311 წელს დააარსა და თავისი 3000 ქვეშევრდომით გარკვეული ხანი იქ ცხოვრობდა. Qalatga Darband ქურთულიდან ითარგმნება როგორც "უღელტეხილზე მდებარე ციხე-სიმაგრე". იგი სპარსეთის მეფის დარიოს III-ის წინააღმდეგ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის გზაზე მდებარეობდა.

ადგილობრივი მცხოვრებლები აქ უძველესი კედლების ნანგრევებს და გარდასულ ეპოქათა არტეფაქტებს არაერთხელ პოულობდნენ. გათხრების შედეგად არქეოლოგებმა ტაძარში მდგარ ქანდაკებას მიაკვლიეს.

გათხრები 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2020 წლამდე გასტანს. ბრიტანეთის მუზეუმი და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება  კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ღირშესანიშნაობების აღდგენაში ერაყის მთავრობას დახმარებას პირდებიან.