მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა დიდ ბრიტანეთში ადრიანეს კედელთან "განძეულს" მიაკვლიეს

არქეოლოგებმა დიდ ბრიტანეთში ადრიანეს კედელთან "განძეულს" მიაკვლიეს

ჩვენი წელთაღრიცხვის 122-128 წლებში აგებული ადრიანეს კედელი, რომელსაც ბრიტანეთი ჩრდილოეთიდან პიკტებისა და ბრიგანტების თავდასხმისგან უნდა დაეცვა, ბევრ საიდუმლოს ინახავს. არქეოლოგებისთვის ეს "საიდუმლოებები" ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს.

 როცა არქეოლოგებმა ადრიანეს კედლის მახლობლად ბეტონის ფილის ნამსხვრევი აიღეს, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ რომაული კავალერიის ყაზარმას მიაკვლევდნენ. ყაზარმასთან ერთად  კარგად შემონახულ არტეფაქტებიან საგანძურსაც მიაკვლიეს.

 უკვე გათხრილია რვა შენობა, თავლები და საძინებლები. შენობებში უამრავი იარაღი, სამკაული და საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოჩნდა. ისინი რომაელმა ლეგიონერებმა და მათი ოჯახის წევრებმა 2000 წლის წინათ მიატოვეს.

რომაული საკავალერიო ხმლები საკმაოდ იშვიათად ჩნდება. აქ კი ისინი პირდაპირ ბარაკის იატაკზე იყვნენ მიმოფანტულები. ასევე აღმოაჩინეს შუბენი, ხის "საბავშვო" ხმლები, ისრების ბუნიკები, სავარცხლები, სტილუსები, თმის სამაგრები და გულქანდები, ტყავის ფეხსაცმელი და ჩანაწერები, რომლებიც ხის დაფებზე შავი მელნით იყო ნაწერი. ეს უკანასკნელები ლაბორატორიაში გააგზავნეს ანალიზისათვის. მათი შესწავლა კიდევ გაგრძელდება.

არქეოლოგთა ვარაუდით ყაზარმა 105 წელს ააგეს, ჯერ კიდევ კედლის აგებამდე. იგი რომაული ფორტ ვინდოლანდის ნაწილს წარმოადგენდა. იმპერატორ ადრიანეს კედლის აგება კი მხოლოდ 122 წელს დაიწყეს.

 დოქტორ ენდრიუ ბირლის განცხადებით, რომელიც არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს, ამ აღმოჩენას ლატარიაში მოგებას უწოდებს. ყველა არტეფაქტი კარგად არის შემონახული. ყველაზე საინტერესო მაინც საკავალერიო ხმლებია თავის ქარქაშით, რომლებიც პატრონებმა უბრალოდ გადააგდეს.

ბირლის განცხადებით ამგვარი რამ შეუძლებელია ლეგიონერს გაეკეთებინა. ხმლები შესანიშნავად არის ნაჭედი და გაფორმებული. ვინდოლანდას სიმაგრეში თავის დროზე მონების, მოხუცების და ბავშვების ჩათვლით 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათმა ნივთებმა ბეტონის მეშვეობით საუკუნეებს გაუძლეს, რომელმაც არტეფაქტები განადგურებას გადაარჩინა.

 რატომ დარჩნენ ნივთები თავის ადგილას და თანაც არეულად მიყრილები? არქეოლოგების ვარაუდით გარნიზონი ჩქარობდა წასვლას, ქალები ბავშვებს იხუტებდნენ და ფუფუნების საგნებს ტოვებდნენ. პანიკის მიზეზი სავარაუდოთ  მეომარი ტომების თავდასხმა უნდა ყოფილიყო, რომელთაგან თავდასაცავად 20 წლის შემდეგ ადრიანეს კედელი ააგეს.