მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა გამოიკვლიეს თუ როგორ იბრძოდნენ და როგორ იღუპებოდნენ ჯარისკაცები ოცდაათწლიანი ომის დროს

არქეოლოგებმა გამოიკვლიეს თუ როგორ იბრძოდნენ და როგორ იღუპებოდნენ ჯარისკაცები ოცდაათწლიანი ომის დროს

1632 წლის ნოემბერში გერმანიის ქალაქ ლიუტცენის მოსახლეობას  მძიმე და მწუხარე სამუშაო ერგოთ: მათ ოცდაათწლიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს დაღუპული რამდენიმე ათასი ჯარისკაცები უნდა დაეკრძალათ. არქეოლოგებმა ამ საძმო სამარხის ერთი ნაწილი გათხარეს და აღმოჩენილი ჩონჩხები გამოიკვლიეს.

ევროპის ისტორიაში ოცდაათწლიანი ომი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლისმღვრელი  იყო. იგი 1618-1648 წლებში მიმდინარეობდა და თავიდან  რომის წმინდა იმპერიაში კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის კონფლიქტის სახით დაიწყო. სასტიკი ბრძოლები ევროპის ცენტრალურ ნაწილს შეეხო, მაგრამ ძირითადათ მაინც გერმანული მიწები დაზარალდნენ. ამ რეგიონებში ეს ხანგძლივი ომი მოსახლეობის საერთო რიცხვიდან დაღუპულთა წილის მიხედვით „შავ ჭირზე“ და მეორე მსოფლიო ომზე უფრო სისხლისმღვრელი აღმოჩნდა.

 ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთი საკვანძო მომენტი 1630 წელი გახდა, როცა პროტესტანტების მხარეს შვედეთი ჩაერია. შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა რამდენიმე წარმატებული ბრძოლის ჩატარება მოასწრო, სანამ გენერალ ვალენშტეინთან ლიუტცენთან გამართულ ბრძოლაში 1632 წლის 16 ნოემბერს არ დაიღუპა.

 არქეოლოგებმა ლიუტცენთან მომხდარი ბრძოლის ადგილას მუშაობა 2006 წელს დაიწყეს. მათ ბრძოლის ველს ლითონის დეტექტორის მეშვეობით მიაგნეს: ლითონის სხვა ნივთებთან ერთად  3000-მდე მხოლოდ ზარბაზნის ყუმბარა იქნა აღმოჩენილი. იმისათვის, რომ ბრძოლის ადგილი  ცუდი ამინდისგან და შავი არქეოლოგებისგან დაეცვათ, მეცნიერებს ჩონჩხების ადგილზე გათხრა არ დაუწყიათ. ამის სანაცვლოდ მათ მიწის 55 ტონიანი ბლოკი მთლიანად აიღეს და ლაბორატოიაში გამოიკვლიეს.

გერმანელი ბიოარქეოლოგების გუნდმა 47 ჩონჩხი გააანალიზა. მათ მთავარი ყურადღება ბრძოლის დროს მიღებულ ტრავმებს დაუთმეს.

როგორც გაირკვა მებრძოლთა უმეტესობას მძიმე ჭრილობები ჯერ კიდევ ბრძოლამდე ჰქონდათ მიღებული. 16 მებრძოლს თავის ძველი ტრავმები აღმოაჩნდა. ერთს თავის ქალაზე ოთხ წინა ბრძოლაში მიღებული ტრავმებიც კი ემჩნეოდა. 21 ჯარისკაცს ხელ-ფეხის და ნეკნების შეხორცებული ტრავმები ჰქონდა.

  შეუხორცებელმა ტრავმებმა ამ მებრძოლთა ბოლო შეტაკების მიმდინარეობაზე მოგვითხრო. მიუხედავად იმისა, რომ ძვლებზე ნაჭდევები იყო, მაინც ამ ბრძოლაში ცივ იარაღს ნაკლები როლი დაეკისრა. მებრძოლთა ნახევარზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღისგან დაღუპული აღმოჩნდა. 21-მა ჯარისკაცმა ჭრილობა თავში მიიღო, მათგან 11-ს ტყვია თავის ქალაში ჩარჩა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების უმეტესობა უჩვეულო აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ოცდაათწლიანი ომის სხვა ბრძოლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრიულობებიდან განსხვავდებოდა. როგორც გაირკვა ეს განსხვავება ლიუტცენის ბრძოლის ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით შვედეთის არმიის ელიტური ქვედანაყოფი - ე.წ. „ცისფერი ბრიგადა (რომელიც ძირითადათ დაქირავებული გერმანელი ჯარისკაცებისგან შედგებოდა) საიმპერიო კავალერიის მოულოდნელი შეტევის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა. ეს სამარხი თითქმის ამ შეტაკების ადგილას იმყოფებოდა.

ნატყვიარი ადგილების შესწავლისას დადგინდა, რომ მათი უმეტესობა დამბაჩებისა და კარაბინებიდან იყო ნასროლი. სწორედ ამგვარ იარაღს იყენებდნენ იმ დროს კავალერისტები ახლო მანძილიდან სასროლად. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ იმ დროს იარაღის სწრაფად გადასატებად ჯარისკაცები ტყვიას ხშირად პირში იდებდნენ. მართლაც 47 თავის ქალადან ორს გამოუწვავი ტყვია პირის ადგილას აღმოუჩინეს.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ სამარხში აღმოჩენილი ჯარისკაცების  უმეტესობა შვედეთის არმიას ეკუთვნოდა. მათ სხეულზე ბევრი რამ არ ეცვათ - ეტყობა უნიფორმა დამარხვის წინ გახადეს. ზოგი სხეული საფლავში ფრთხილად იყო ჩაწვენილი, ზოგიც ორმოში ზერელედ ჩააგდეს. ეს უკანასკნელები როგორც ჩანს უკვე ქალაქის მცხოვრებლებმა დამარხეს მას შემდეგ რაც ორივე არმიამ ბრძოლის ველი მიატოვა.

 „რა თქმა უნდა ადვილი მისახვედრია, რომ ლიუტცენის მოსახლეობას  არცერთი მეომარი მხარის მიმართ თბილი გრძნობები არ გააჩნდა, - წერენ მკვლევარები. - ოცდაათწლიან ომის დროს ყოველ ბრძოლას ადგილობრივი მოსახლეობისათვის ნგრევა და უბედურება მოჰქონდა“.

ლიუტცენთან ბრძოლაში შვედებმა მძიმე გამარჯვება მოიპოვეს და ამასთან მეფე დაკარგეს. ორივე მხარის საერთო დანაკარგი 6000-დან 9000-მდე ადამიანს შეადგენდა.