მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა მეხიკოში ოქროთი მორთული მგლის ნეშთი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა მეხიკოში ოქროთი მორთული მგლის ნეშთი აღმოაჩინეს

მექსიკელმა არქეოლოგებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს. ტემპლო მაიორის ნანგრევების გათხრისას მათ 500 წლის წინანდელი მგლის ნეშთი აღმოაჩინეს. იგი ოქროს ფირფიტებით დიდი ხელოვნებით იყო შემკული. აცტეკებმა მგელი მსხვერპლად შეწირეს და ქვის საფლავში, კაჟის დანების ფენის ქვეშდაფლეს.

 აცტეკებისათვის მგელი ომის ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენდა. მათ სჯეროდათ, რომ მსხვერპლად შეწირული ცხოველი დაღუპულ მეომრებს იმქვეყანას გადასვლაში დაეხმარებოდათ.

 სულ არქეოლოგებმა 22 კარგად შემონახული ოქროს ფირფიტა იპოვეს. მათ შორის სხვადასხვა სიმბოლოიანი საკიდები, ცხვირში გასაყრელი რგოლი და პატარა ზარდახშაც იყო. „ოქროს“ მგელი მსხვერპლად 1486-1502 წლებში, იმპერატორ აუისოტლის მმართველობსი დროს შესწირეს.

აღმოჩენა მეხიკოს ცენტრში კონსტიტუციის მოედნის ახლოს გაკეთდა.  ოდესღაც ამ ადგილას შენობები იდგა. მათი აღების შემდეგ მეხიკოს ცენტრში გათხრების წარმოება გაადვილდა. ტემპლო მაიორი აცტეკების სატაძრო კომპლექსს წარმოადგენდა. არქეოლოგები აქ აცტეკთა იმპერატორების სამარხების აღმოჩენას ვარაუდობენ.

 მაგრამ ტემპლო მაიორის ადგილას კოლონიალური პერიოდის ისტორიული ძეგლების არსებობა გათხრების პროცესს ართულებს. ამ რაიონში ეროვნული სასახლე და კათედრალური ტაძარი დგას.

აცტეკების ქალაქ-სახელმწიფო ტენოჩტიტლანში ტემპლო მაიორი სატაძრო კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც ესპანელებმა XVI  საუკუნის დასწყისში თითქმის მთლიანად დაანგრიეს და მის ადგილას  ქალაქი მეხიკო ააგეს.