მნიშვნელოვანი სიახლეები
დანიაში ვიკინგების ბელადის საფლავს მიაგნეს

დანიაში ვიკინგების ბელადის საფლავს მიაგნეს

იუტლანდიის ჩრდილოეთით მკვლევარებმა დიდ აკლდამას მიაკვლიეს, რომელშიც სავარაუდოთ იარლი - ბელადი, მეფისნაცვალი - განისვენებდა. აკლდამა მართლაც საკმაოდ დიდია, მას გარშემო შავი გრუნტით ამოვსებული თხრილი აკრავს. იგი სავარაუდოთ რომელიღაც ხის ნაგებობის კვალს უნდა წარმოადგენდეს. მსგავსი ნაგებობების კვალს დანიაში ვიკინგების სხვა ბელადების სამარხებთანაც მიაკვლიეს. საფლავი პირველად 50-იან წლებში გათხარეს, მაგრამ უკანასკნელ წლებში განხორციელებულმა განმეორებითმა კვლევებმა ახალი დეტალები გამოაჩინა. ასე მაგალითად, ამჯერად ხმლის ახალ ფრაგმენტს მიაკვლიეს (თავად ხმალი 50-იან წლებში აღმოაჩინეს). ხმლის მიხედვით აკლდამა XI საუკუნისა უნდა იყოს.

 არქეოლოგი ბიარნე ჰენინგ ნილსენი (Bjarne Henning Nielsen) აღნიშნავს, რომ სამარხი ვალდემარ I დიდის (დანიის მეფე 1157-1182 წლებში) საგვარეულო მიწებზე მდებარეობს. ამიტომაც სამარხი შესაძლოა მის დიდ პაპას (ბებიის მხრიდან) - ულფს უნდა ეკუთვნოდეს. იგი დანიის იარლი იყო და XI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი განთქმული იყო ჩრდილო ესპანეთზე, კერძოდ კი გალისიაზე თავდასხმებით. ამისათვის მან ზეწოდება გალისიელიც კი მიიღო.

არქეოლოგი აღნიშნავს, რომ ეს თეორია მხოლოდ ვარაუდია. სამარხში დაკრძალული ადამიანის ზუსტი ვინაობა ჯერ დაუდგენელია.