მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველ ლადოგაში ფრანგი მუშკეტერების ყოფნის მტკიცებულება აღმოაჩინეს

ძველ ლადოგაში ფრანგი მუშკეტერების ყოფნის მტკიცებულება აღმოაჩინეს

რუსეთის უძველეს დედაქალაქში - ძველ ლადოგაში, ფრანგი მუშკეტერების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არქეოლოგიურად მტკიცდება. ფრანგები ძველი ლადოგას სიმაგრეში ე.წ. არეულობის ხანის დროს იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთ ასეთ მტკიცებულებად სიმაგრის ტერიტორიაზე დასავლეთ ევროპული კერამიკის აღმოჩენა მიიჩნევა. კერამიკის ნიმუშებს XVI საუკუნის ბოლოთი და XVII საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ.

 ამგვარი ნივთები ლადოგაში XVII საუკუნის დასაწყისშიმხოლოდ დასავლეთ ევროპელ დაქირავებულებთან ერთად შეიძლება მოხვედრილიყო.  ფრანგმა დაქირავებულმა მუშკეტერებმა პიერ დე ლა ვილის მეთაურობით 1610 წლის გაზაფხულზე სამხედრო ეშმაკობის გამოყენებით სიმაგრე ხელში ჩაიგდეს.

 ისტორიული წყაროების მიხედვით დე ლა ვილის რაზმში ფრანგი ჰუგენოტების გარდა ინგლისელები, შოტლანდიელები და ნიდერლანდიელებიც იყვნენ. ისინი რუსეთში 1609 წელს შვედურ არმიასთან ერთად მოხვდნენ. შვედები მაშინ მეფე ვასილი შუისკის ცრუდიმიტრი II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შველოდნენ. დაქირავებულთა რაზმი, რომლის შემადგენლობაში მუშკეტერები და რეიტარები იყვნენ, სიმაგრეს 1611 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე ფლობდა. ნოვგოროდელებმა მხოლოდ მეხუთე ცდაზე შეძლეს აეძულებინათ უცხოურ გარნიზონს წინააღმდეგობა შეეწყვიტა.

 ფრანგებმა ლადოგას სიმაგრე გაშლილი დროშებით და იარაღით დატოვეს. ნოვგოროდელებმა მათ შვედეთში დაბრუნების უფლება მისცეს. XIX საუკუნეში საფრანგეთში დე ლა ვილის მემუარები გამოქვეყნდა, რომელშიც არეულობის ხანის ამბებია აღწერილი.

 ძველი ლადოგა (ძველ საკნდინავურად ალდეიგიუბორგი) ქვეყნის  ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია. იგი VIII საუკუნეშია დაარსებული და რუსეთის პირველ დედაქალაქს წარმოადგენდა. სწორედ აქ იჯდა თავისი რაზმით რუსეთის პირველი მთავარი, ნახევრად ლეგენდარული რიურიკი. ძველ ლადოგაში გათხრები 1973 წლიდან მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე აქ 40 ათასამდე არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი.