მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველ რომში გამოყენებული შურდულის ჭურვები მომაკვდინებელი ძალით ტყვიებს არ ჩამოუვარდებოდნენ

ძველ რომში გამოყენებული შურდულის ჭურვები მომაკვდინებელი ძალით ტყვიებს არ ჩამოუვარდებოდნენ

შოტლანდიელი მეომრები, რომლებიც რომაელ ლეგიონერებს თითქმის 2000 წლის წინათ შეებნენ, შურდულიდან ნასროლი ქვების სეტყვის ქვეშ დაიღუპნენ. შურდულიდან ნასროლი ქვა სიმძლავრით თანამედროვე პისტოლეტის ტყვიას არ ჩამოუვარდებოდა.

შოტლანდიის არქეოლოგიური საზოგადოების მკვლევარებმა გასული წლის ივნისში, შოტლანდიის სამხრეთში, ქალაქ დამფრისის მახლობლად აღმოჩენილი ჭურვები შეისწავლეს. მათ გამჭოლი ნახვრეტი ჰქონდათ და ფრენისას 160 კმ/სთ სიჩქარეს აღწევდნენ. მათი ძალა .44 Magnum-ის ტყვიის ძალას არ ჩამოუვარდებოდა.

რომაელი ლეგიონერები შურდულებს მოწინააღმდეგის შორიდან დასაზიანებლად იყენებდნენ. შურდულიდან გამოსროლილი ქვა საშინელ ხმას გამოსცემდა, რომელიც მოწინააღმდეგის მეომრების ფსიქიკაზე მოქმედებდა. თავიდან მიაჩნდათ, რომ ნახვრეტები ქვაში საწამლავის ჩასადებად იყო განკუთვნილი, თუმცა მერე სტვენის ფსიქოლოგიურ მომენტზე შეჯერდნენ.

ბენსუიკ-ჰილის მიდამოებში 400-მდე შურდულის ჭურვი აღმოჩნდა. გერმანელმა მკვლევარმა იორგ სპრავემ გააანალიზა „ვაზნების“ კინეტიკური ენერგია და გასაოცარ აღმოჩენამდე მივიდა. შურდულიდან ნასროლ ჭურვებს ისეთივე შემაჩერებელი მოქმედება ჰქონდათ, როგორც .44 Magnum-ის ტყვიებს :მათი სიჩქარე 450 მ/წმ-ს, ხოლო ენერგია 1570 ჯოულს აღწევდა.

   ყოველ 30 გრამიან ქვაში 5 მმ-ის დიამეტრის ნახვრეტი იყო გაკეთებული. სწორედ ეს განსაკუთრებული ნიშანი აქცევდა შურდულს „ტერორის იარაღად“. გასროლილი ქვის ხმა მოწინააღმდეგეს აუწერელ შიშს გვრიდა.

  შოტლანდიურ კლანებს გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მათზე თავდასხმა სწორედ იმ ბორცვთან მოხდა, სადაც ჭურვები იქნა აღმოჩენილი. შურდულებს რომაულ არმიაში სპეციალური დამხმარე ძალები იყენებდნენ. მათ ძირითადად ბალეარის კუნძულებზე (თანამედროვე ესპანეთი) ქირაობდნენ. ისინი იულიუს კეისრის არმიის შემადგენლობაშიც იყვნენ და მათთან ერთად  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 55-54 წლებში ბრიტანეთის დაპყრობის დროს იბრძოდნენ.

 წარსული ბრძოლის ადგილას არქეოლოგებმა ასევე შურდულის 130 ტყვიის ჭურვი, ისრის ცხრა ბუნიკი და ბალისტას 11 ჭურვი აღმოაჩინეს.