მნიშვნელოვანი სიახლეები
ძველი რომაელი სამხედროების მიმოწერაში შვებულების განცხადებები და ლუდის მოთხოვნა აღმოჩნდა

ძველი რომაელი სამხედროების მიმოწერაში შვებულების განცხადებები და ლუდის მოთხოვნა აღმოჩნდა

ვინდოლანდის სიმაგრის გათხრებისას ახალი ჩანაწერიანი ფირფიტები აღმოაჩინეს, რომლებსაც რომაელი სამხედროები ერთმანეთს სწერდნენ. ეს სიმაგრე ჩრდილო ინგლისში მდებარეობს და იმპერატორ ადრიანეს მიერ აგებულ ზღუდეთა სიმაგრეებს მიეკუთვნება.

  1973 წლიდან დღემდე 750-მდე ფირფიტა აღმოაჩინეს და მათი ძებნა კიდევ გრძელდება. ვინდოლანდი ოდესღაც რომის იმპერიის ჩრდილო საზღვარს წარმოადგენდა. ჩანაწერიანი ფირფიტები რომაული სიმაგრის გარნიზონის ცხოვრებას თვალნათლივ წარმოგვიდგენს. ჩანაწერებს შორის არის ლუდის მიწოდებაზე მოთხოვნა, დაბადების დღის აღსანიშნავად მიწვევა და რომაელ ჯარისკაცთა ცოლების მიერ მეუღლეებისადმი მიწერილი უამრავი წერილი. როგორც ჩანს ლეგიონერთა ცოლები განმარტოებით და მოსაწყენ ცხოვრებას ეწეოდნენ

 ერთ-ერთ ახლად აღმოჩენილ ფირფიტაზე ლეგიონერ მაკულესის მიერ შვებულების შესახებ განცხადებაც აღმოჩნდა. ეს სახელი მეცნიერებისათვის წინა წერილებიდანაც იყო ცნობილი. ერთხელ მაკულესი გარნიზონის მეთაურს, ფალვიუს სერიალისს ლუდის მოწოდებას სთხოვდა.

 ვინდოლანდის გარნიზონი  დამხმარე ნაწილების მებრძოლებისგან -  ტუნგრების (გერმანული ტომი, ბინადრობდნენ თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე) პირველი კოჰორტისა და ბატავების (გერმანული ტომი, ბინადრობდნენ თანამედროვე ნიდერლანდების ტერიტორიაზე) მეცხრე კოჰორტისგან შედგებოდა. უახლოესი ლეგიონი - IX  ესპანური ლეგიონი - იორკში (მაშინდელი ებურაკი) მდებარეობდა. დოკუმენტებში მოხსენიებული ზოგი ადამიანი გერმანულ და კელტურ სახელს ატარებს. მათი მეთაურებიც ეტყობა რომის იმპერიის ჩრდილო პროვინციების მცხოვრებნი იყვნენ, რომლებსაც რომის მოქალაქეობა ახალი მიღებული ჰქონდათ. სავარაუდოთ ისინი უკვე რომანიზირებულები იყვნენ, ვინაიდან საკმაოდ კარგად ფლობდნენ ლათინურ ენას.

ვინდოლანდის ფირფიტები სხვადასხვა დონის ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური სამხედრო დოკუმენტაციებისგან (რომაელ მეთაურთა მიმოწერა, გარნიზონისათვის მიწოდებული სურსათის სია და ოდენობა) და პირადი მიმოწერისგან შედგება.