მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში 3,5 ათასი წლის მუმიებს მიაკვლიეს

ეგვიპტეში 3,5 ათასი წლის მუმიებს მიაკვლიეს

ეგვიპტის ლუქსორის მახლობლად, დრა-აბულ-ნაგას ნეკროპოლში ექვს მუმიას მიაკვლიეს, რომლებიც მოხატული ხის სარკოფაგებში იყვნენ მოთავსებულები, მათ გარშემო კი ათასობით დასაკრძალი ფიგურები იყო განლაგებული.

როგორც ადგილობრივი სიძველეთა სამინისტრო აცხადებს, აღმოჩენილი არტეფაქტების ასაკი 3500 წელია. ამგვარად ისინი ახალი სამეფოს ხანას მიეკუთვნებიან, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1550-1069 წლებს მოიცავს.

სიძველეთა ლუქსორის ბიუროს დირექტორი მოსტაფა ვაზირი აცხადებს, რომ მეფეთა ველზე  XVIII დინასტიის სამარხი გასული საუკუნის დასაწყისიდან იყო ცნობილი, მაგრამ არქეოლოგები სამარხში შესასვლელს ვერ პოულობდნენ.

 სიძველეთა მინისტრის ჰალედ ენანის განცხადებით, ეს აღმოჩენა დიდი მნიშვნელობისაა, ვინაიდან  სამარხი უცვლელად და კარგად არის შემონახული.

ათასობით აღმოჩენილ ფიგურებს შორის არის ტერაკოტას, ხის და კერამიკის  ქანდაკებები. მათ გვერდით სხვადასხვა თემატური ნახატებით შემკობილი ჭურჭელი აღმოჩნდა.

მეცნიერთა  განმარტებით Т-ს მაგვარი სამარხი ახალი სამეფოსათვის არის დამახასიათებელი: დასაკრძალავ სივრცესთან მართკუთხა ფორმის დარბაზს მივყავართ, რომელსაც დერეფანი და შიდა ოთახი გააჩნია.

არქეოლოგთა აზრით აღმოჩენილი მუმიები მხოლოდ დასაწყისია: შიდა ოთახში უფრო ძველ სამარხს მიაკვლიეს, რომელიც უკვე  XXI დინასტიას განეკუთვნება.

ახლა მეცნიერები გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების, ასევე მათი  წარმომავლობისა და ცხოვრების წესის  დადგენას შეეცდებიან.

ლუქსორთან მდებარე მეფეთა ველი იუნესკომ 1979 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.