მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში აღმოჩენილ აკლდამაში სამ მუმიას მიაკვლიეს (+ვიდეო)

ეგვიპტეში აღმოჩენილ აკლდამაში სამ მუმიას მიაკვლიეს (+ვიდეო)

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა მეფის ოქრომჭედლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიშიც სამი მუმია აღმოჩნდა - ქალის და მისი ორი ვაჟის.

აკლდამა ახალი სამეფოს პერიოდით თარიღდება (ჩვენს ერამდე XVI-XI საუკუნეები). იგი ნილოსის ნაპირას მდებარე ლუქსორში იპოვეს, ქაიროდან  სამხრეთით 700 კილომეტრზე.

ამას გარდა, აკლდამაში მჯდომარე ოქრომჭედელ ამენემჰეტის, მისი ცოლის და ვაჟის ქანდაკებებიც აღმოჩნდა.

ჯერ უცნობია აღმოჩენილ მუმიებს რაიმე აკავშირებს ამენემჰეტთან თუ არა. მუმიები დასაკრძალ ჭაში იყო, საიდანაც  აკლდამის ძირითადი ნაწილი იღებს სათავეს.

არქეოლოგთა თქმით ქალი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ძვლის ქსოვილი ბაქტერიებით იყო დასნებოვნებული. მისი ვაჟების ასაკი 20-30 წელს აღწევდა. მათი სხეულები კარგადაა შემონახული.

 ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეგვიპტური ღმერთების პანთეონიდან ყველაზე ძლიერის - ამონის - ტაძრის ოქრომჭედლის ამენემჰეტის აკლდამა მეცნიერებს დრა აბუ ელ-ნაგას ნეკროპოლის შესწავლაში დაეხმარება.

 ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალურმა მდივნმა ჰალედ ანანმა განაცხადა:  „ჩვენ ვიპოვეთ დასაკრძალი ნივთების დიდი რაოდენობა. მათ შორისაა - მუმიები, სარკოფაგები, დასაკრძალი სავარცხლები, დასაკრძალი ნიღბები, სამკაულები და ქანდაკებები“. მისი განცხადებით სამუშაოები კიდევ გრძელდება.

 ანანი აღნიშნავს, რომ არქეოლოგებმა კიდევ ოთხ ახალ სახელს მიაკვლიეს.

„ეს რა ოთხი სახელია? სად არიან ისინი დაკრძალულები? მათი სამარხები ჯერ კიდევ მიკვლეული არაა“, განაცხადა ანანმა. „ჩვენ გავაგრძელებთ გათხრებს ამ რაიონში,  იმედი მაქვს, რომ გაგვიმართლებს და კიდევ ოთხ სამარხს მივაკვლევთ“, - დაუმატა მან.