მნიშვნელოვანი სიახლეები
ეგვიპტეში არქეოლოგებმა 17 უძველეს მუმიას მიაკვლიეს

ეგვიპტეში არქეოლოგებმა 17 უძველეს მუმიას მიაკვლიეს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ქაიროდან სამხრეთით 250 კილომეტრში, პროვინცია ელ-მინიას კატაკომბებში 17 კარგად შენახული უძველესი მუმია აღმოაჩინეს.

უძველესი აკლდამა დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიკვლეულ არტეფაქტებს შორისაა კირქვისა და თიხის სარკოფაგები, კუბოები ცხოველების ნეშთებით და პაპირუსები ძველეგვიპტური დამწერლობით.

 სამარხი 2016 წელს ქაიროს უნივერსიტეტის სტუდენტებმა რადარის მეშვეობით აღმოაჩინეს.

მუმიების ზუსტი ასაკი ჯერ დაუდგენელია. ქაიროს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი მოჰამედ ჰამზა მიიჩნევს, რომ ისინი ბერძნულ-რომაული პერიოდისა უნდა იყვნენ. ეს ეპოქა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332 წელს ეგვიპტის ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობით დაიწყო და დაახლოებით 600 წელს გრძელდებოდა

 ეგვიპტის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალი აღმოჩენები ქვეყნის ტურისტულ იმიჯს გაზრდის და მოგზაურებს ინტერესს გაუღვიძებს. 2011 წლის აჯანყების შემდეგ ეგვიპტეს ტურისტების ნაკადი შემოაკლდა.