მნიშვნელოვანი სიახლეები
ერაყში მეამბოხე მეფეთა სიმაგრეს მიაკვლიეს

ერაყში მეამბოხე მეფეთა სიმაგრეს მიაკვლიეს

ერთობლივმა ბრიტანულ-ერაყულმა ექსპედიციამ დიდი სიმაგრე აღმოაჩინა, რომელიც ზღვისპირეთის ანდა საზღვაო ქვეყნის მეფეთა დინასტიის დროს აიგო. ეს დინასტია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში მესოპოტამიის სამხრეთში  მეფობდა.

 დღემდე მეამბოხე მეფეთა შესახებ მხოლოდ ძველი წყაროების მოკლე ჩანაწერებით იცოდნენ, მაგრამ მათი არსებობის ვერავითარ მატერიალურ მტკიცებულობებს ვერ პოულობდნენ.

 ექსპედიცია Ur Region Archaeology Project ერაყის სამხრეთ მუჰაფაზის - დი-კაირში, ქალაქ ტელ-ხაიბერის (Tell Khaiber)  ის გარეუბანში  2013 წლიდან მუშაობს. მათი ყურადღება ბორცვის წვერდი დიდი ნაგებობის ნანგრევებმა მიიპყრო.

 გათხრებმა აჩვენა, რომ შენობის ზომები ძალიან დიდია - 4400 კვადრატული მეტრი. იგი მცირე დასახლებას ზემოდან დაჰყურებს და ალიზის აგურის კედელი აქვს შემორტყმული. კედლების სისქე 3,5 მეტრს აღწევს. კედელში მხოლოდ ერთი ვიწრო კარია, ხოლო პერიმეტრზე სადარაჯო კოშკები მდებარეობს.

 ამგვარი სიმაგრე ბრინჯაოს ხანის მესოპოტამიისათვის დამახასიათებელი არაა, ხოლო კედლებს ახლო-ახლო განლაგებული კოშკებით საერთოდ ანალოგი არ გააჩნია. კედლის იქით, დიდ შენობაში საცხოვრებელი ოთახები, საწყობები, სამზარეულო, დარბაზები, ადმინისტრაციული ფრთა და სახელოსნოებია.

 ამგვარი მრავალფუნქციურობა სასახლის და ტაძრის კომპლექსებისათვის უჩვეულოა. არქეოლოგების დასკვნით სიმაგრე თავის კედლებში რეგიონის მოსახლეობას იფარავდა, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში დაუცველ „დასახლებებს“ ტოვებდნენ.

შენობაში არქეოლოგებმა არქივს მიაკვლიეს - 150-მდე თიხის ფირფიტას აქადურ ენაზე ლურსმული დამწერლობით. მათგან გასაგები გახდა, რომ სიმაგრე ზღვისპირეთის ამბოხებულ მეფეთა დინასტიას ეკუთვნოდა. ეს მმართველები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XVIII საუკუნეში აუჯანყდნენ მეფე ჰამურაბის მემკვიდრეს და ვაჟს, სამსუ-ილუნას.

ზღვისპირეთის მეფეებმა სამსუ-ილუნას მიწებს მესოპოტამიის სამხრეთი ნაწილი ჩამოაჭრეს - ტიგროსისა და ევფრატის დინების ქვედა ნაწილის ჭაობიანი რეგიონი -  და ამ ადგილებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV საუკუნის შუა ხანებამდე მეფობდნენ.  მათი სახელები და საბრძოლო კამპანიების ზოგიერთი დეტალები ბაბილონური მეფეთა სიებით  და სხვა წერილობითი წყაროებით  არის ცნობილი.

კერძოდ 2009 წელს პირველად გამოქყვეყნდა ნორვეგიელი კოლექციონერის მარტინ შოიენის (Martin Schøyen)  კერძო კოლექციის თიხის ფირფიტები, რომელიც ზღვისპირეთის მეფეების პეშგალ-დარამაშას (Peshgaldaramesh) და ადარა-კალამას (Ayadaragalama) მმართველობის ზოგიერთ ეპიზოდს ეხება.  ტელ-ხაიბერში აღმოჩენილი  რამდენიმე ფირფიტა სწორედ ადარა-კალამას  მმართველობის წლებით თარიღდება (ჩვენს წელთ აღრიცხამდე XVI და XV საუკუნეების შესაყარი)

 ტელ-ხაიბერის არქივი სიმაგრის სამეურნეო საქმიანობის ცნობებს გვაწვდის, მის კავშირებს უძველეს შუმერულ ქალაქ  ურთან. აღმოჩენილია სასწავლო ფირფიტები, რომლის მეშვეობითაც აქადური ენის მცოდნე მწერლები ხმარებიდან დიდი ხნის წინათ გამოსულ შუმერულ ენას სწავლობდნენ.

 ზღვისპირეთის მეფეთა ზოგიერთი დინასტიური სახელი -ასევე შუმერულია, რაც უჩვეულოა და შესაძლოა მესოპოტამიის  ყოფილ შუმერულ სამხრეთსა და აქადურ ჩრდილოეთს შორის  დაპირისპირებებზე მიუთითებდეს.

სეპარატისტი მეფეების  ზღვისპირეთის მიწები ჩვენს წელთ აღრიცხვისXV საუკუნეში კასიტების მეფეებმა კაშტილიაშე  III-ემ და ულამ-ბურიაშმა დაიპყრეს. ამ ომების შემდეგ სამხრეთ მესოპოტამიას  ჩრდილოეთის მბრძანებლების წინააღმდეგ აღარ უომიათ.