მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთის ნაპირებთან ჩაძირული ძველი რომაული გემი  აღმოაჩინეს (+ვიდეო)

ესპანეთის ნაპირებთან ჩაძირული ძველი რომაული გემი აღმოაჩინეს (+ვიდეო)

არქეოლოგების გუნდმა ძველი რომაული გემი აღმოაჩინა, რომელიც ესპანეთის ნაპირებთან კუნძულ კაბრერასთან 1800 წლის წინათ ჩაიძირა.

გემის ნამსხვრევები 70 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. იგი დაწვრილებით გამოიკვლიეს ორმა პროფესიონალმა დაივერმა და ფოტოებიც გადაუღეს. გემის კატასტროფის ადგილი ახლა ამფორების საყრელს წარმოადგენს. აქ 1000-დან 2000-მდე ამფორას ნამსხვრევია, რომელთა ქვეშაც გემის ხის ნაწილები უნდა იყოს შემორჩენილი.

 პირველად გემის შესახებ მეთევზეებმა იეჭვეს - მათ ბადეებს ხშირად მოჰყვებოდა ამფორების ნამსხვრევები. მათივე  კარნახით კუნძულ მალიორკას სამხრეთით კუნძულ კაბრერასთან  მეცნიერებმა ზღვის ფსკერი უპილოტო რობოტით გამოიკვლიეს. სწორედ რობოტმა დააფიქსირა 15 მეტრზე გაფენილი ჭურჭლის ნამსხვრევები.

 მეცნიერთა აზრით გემის სიგრძე 20 მეტრამდე უნდა იყოს. ამფორების უმეტესობა 1 მეტრამდე სიგრძისაა და სავარაუდოთ ჩრდილო აფრიკაში უნდა იყოს დამზადებული. უფრო  მცირე  ზომის ჭურჭელი  თანამედროვე  პორტუგალიის სამხრეთიდან უნდა იყოს. სავარაუდოთ გემს ჩრდილო აფრიკასა და თანამედროვე ესპანეთ-საფრანგეთს  შორის უნდა ემოძრავა და შესაძლოა რომამდეც  ჩადიოდა. ჭურჭლით იმ დროის რომში საკმაოდ პოპულარული თევზის სოუსი გარუმი გადაჰქონდათ.