მნიშვნელოვანი სიახლეები
იერუსალიმის ალყას გადარჩენილი 1400 წლის წინანდელი მონეტები

იერუსალიმის ალყას გადარჩენილი 1400 წლის წინანდელი მონეტები

ისრაელის არქეოლოგების განცხადებით მათ იშვიათი ბრინჯაოს ბიზანტიური მონეტები აღმოაჩინეს, რომლებიც ახ.წ.ა. 614 წლით თარიღდება. მონეტები თელავივისა და იერუსალიმის გზატკეცილის მშენებლობისას იპოვეს.

სპარსელთა თავდასხმა და იერუსალიმის ალყა

ახლად აღმოჩენილი მონეტები იერუსალიმზე სპარსელთა თავდასხმაზე მიუთითებენ. სპარსელთა ჯარი (რომელსაც ებრაელი აჯანყებულები უჭერდნენ მხარს) იერუსალიმის წინააღმდეგ ახ.წ.ა. 614 წელს გამოემართა. ქალაქში მცხოვრებმა ქრისტიანებმა თავიანთი სიმდიდრის, მათ შორის იყო მონეტების, გადამალვა დაიწყეს.

ისრაელის სიძველეების სამმართველოს არქეოლოგმა ანეტ ლენდეს-ნაგარმა პრესაში ამ აღმოჩენაზე განაცხდა: „მონეტები ნაგებობაში დიდი ქვის ქვეშ იყო დაფლული, სავარაუდოდ ის ახ.წ.ა. 614 წელს გადამალეს სპარსელთა შემოტევისას.“ ეს შემოტევა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ისრაელში ბიზანტიური მმართველობის დასრულებას შეუწყო ხელი. „დაფლული ფული მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმა იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ცდილობდა თავისი ქონება გადაერჩინა“.

სასანიდების სპარსეთმა (სასანიდები - ისლამის მოსვლამდე ბოლო დინასტია ირანში) იერუსალიმი 614 წელს ხანმოკლე ალყის შემდგომ აიღო. 602-628 წლების ბიზანტიურ-სასანიდური ომისას, სპარსეთის შაჰ ხოსრო II-მ თავისი სარდალი შაჰრაბაზი გაგზავნა ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიების დასაპყრობად.

20 000-ზე მეტი ებრაელი აჯანყებული ჩაება ბიზანტიის წინააღმდეგ ომში და სპარსელებს შეუერთდნენ. მათი დახმარებით იერუსალიმი თითქმის უბრძოლველად აიღეს. მე-7 საუკუნის სომეხი ისტორიკოსი სებეოსის მიხედვით ომისას 17000-მდე ქრისტიანი და 5000 ტყვე დაიღუპა, რომლებიც ანტიოქიის მახლობლად დახოცეს.

მონეტების მიე რმოთხრობილი ისტორია

2016 წლის ზაფხულს ისრაელის არქეოლოგებმა ბიზანტიური ხანის შენობის  ნანგრევებთან ცხრა ბრინჯაოს მონეტა აღმოაჩინეს, რომლებიც დაახლოებით 324-638 წლებს შორის პერიოდით თარიღდებოდნენ. მათზე გამოსახულია ისეთი სახელგანთქმული ბიზანტიელი იმპერატორები, როგორიცაა  იუსტინიანე I, მავრიკიოსი და ფოკა. ისინი მოჭრილნი იყვნენ კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის ან ნიკომედიის ზარაფხანებში. არქეოლოგთა თქმით მონეტების მთავარი მნიშვნელობა იმაშია თუ სად და რა ვითარებაში აღმოაჩინეს. ლანდას-ნაგარმა პრესასთან განაცხადა:

„მონეტები თავის მხრივ გვიხატავენ მომხდარ მოვლენას. ადგილი სადაც ისინი იპოვეს, იერუსალიმისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომელიც ქრისტიანი პილიგრიმების მიერ გამოიყენებოდა ქალაქში შესასვლელად. ნასახლარიც, სადაც ისინი იპოვეს, ამის გამო დაარსდა.“