მნიშვნელოვანი სიახლეები
ინგლისში უენო ადამიანის საფლავს მიაკვლიეს

ინგლისში უენო ადამიანის საფლავს მიაკვლიეს

ნორტგემპტონშირის (ცენტრალური ინგლისი) საგრაფოს ქალაქ სტანვიკთან ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც პირში ბრტყელი ქვა ედო.  არქეოლოგები თვლიან, რომ ეს ქვა მას ენის „მაგივრობას“ უწევდა.

 ოცდაათი წლის მამაკაცის საფლავი რომაული ეპოქის ნეკროპოლის გათხრებისას აღმოაჩინეს. იგი ჩვენი წელთაღრიცხვის III–IV საუკუნეებს მიეკუთვნება. თავად ნეკროპოლი 1991 წელს გამოიკვლიეს. ჩონჩხი ქვასთან ერთად მონოლითად, ანუ გრუნტთან ერთად ამოიღეს. აღმოჩენის დაწვრილებით  შესწავლა მხოლოდ ახლა შეძლეს.

სამარხი საკმაოდ უცნაურია: გარდაცვლის არა მხოლოდ ქვა ჩაუდეს პირში, არამედ საერთოდ პირქვე დამარხეს. Historic England-ის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარად იმ ადამიანებს მარხავდნენ, რომელთა აღდგომა არ სურდათ. აი ქვა კი პირში პირველად შეხვდათ. მაინც რატომ ფიქრობენ მკვლევარები, რომ გარდაცვლილს ქვა პირში უბრალოდ კი არა, არამედ ენის მაგივრად ჩაუდეს.

ანთროპოლოგ საიმონ მეისის  (Simon Mays) განმარტებით ბრიტანეთში ადრეც ნახულობდნენ სამარხებს, სადაც დაკრძალულ ადამიანებს სხეულის რაიმე ნაწილი აკლდათ და რომლებიც სხვა საგნებით იყო შეცვლილი. ასე მაგალითად, ადრე საქსონურ პერიოდში უთაო ადამიანებს თავის მაგივრად საფლავში ქოთანს  ანდა  ქვას ატანდნენ. ამგვარ წესს ორი ახსნა აქვს: ან სხეულს მთლიანად „აკომპლექტებდნენ“,  ანდა პირიქით აჭრიდნენ  სხეულის  ნაწილებს და მას ქვებით ცვლიდნენ რათა სხეული ნაკლული არ ყოფილიყო.

პირში ქვა ჩადებულმა გარდაცვლილმა ენა ეტყობა სიცოცხლეში დაკარგა: ამგვარი ოპერაცია სხვადასხვა ინფექციით დაავადების შანსს ზრდიდა და მართლაც გარდაცვლილის ძვლებზე ინფექციის კვალი შეინიშნება. არქეოლოგებს მომხართან დაკავშირებით ორი ვერსია აქვთ:  რომაული ბრიტანეთის მცხოვრებს ან რაღაც ფსიქიკური აშლილობა სჭირდა და ენა თავად მოიკვნიტა, ანდა მისი ამპუტაცია დასჯის მიზნით განახორციელეს. მეორე ვერსიის მტკიცებულებად საფლავში დაკრძალვის წესი გამოდგება: თუკი სიცოცხლეში ადამიანი საზოგადოებისათვის რაღაც საფრთხეს წარმოადგენდა, მას სიკვდილის შემდეგ ისე კრძალავდნენ, რომ საშიში აღარ ყოფილიყო.

 საიმონ მეისი აღნიშნავს, რომ ძველ გერმანელებში ენის მოკვეთა სასჯელის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა. ასე სჯიდნენ  მაგალითად  ცრუ და მატყუარა ადამიანებს. „მე არ ვიცი არსებობდა თუ არა რომაული კანონები, რომლებიც ამგვარ სასჯელს აკისრებდნენ, ჩვენ  ჯერ  მხოლოდ  ვსწავლობთ ამ საკითხს“, - დაამატა ანთროპოლოგმა. აქვე მან აღნიშნა, რომ რომაულ ბრიტანეთში საჯელის ზომა შეიძლება რომაულისგან  განსხვავებული ყოფილიყო.