მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში ძველი რომაული გზა აღმოაჩინეს

ისრაელში ძველი რომაული გზა აღმოაჩინეს

იერუსალიმში ახალი მილსადენის გაყვანისას ისრაელის სიძველეთა სამმართველომ ქალაქ ბეიტ-შემეშის ახლოს დამცავი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა. შედეგად არქეოლოგებმა და მათმა დამხმარე მეზობელი სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის სამხრეთით ქვით მოკირწყლული ძველი რომაული გზის 150 მეტრის სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის მონაკვეთი აღმოაჩინეს.

 მკვლევართა აზრით ანტიკურ ხანაში გზის სიგრძე 1,5 კილომეტრამდე უნდა ყოფილიყო. იგი რომაულ დასახლება ბეფლეტეფს (ბეიტ ნატიფ) აერთებდა იერუსალიმ-ელევფეროპოლის გზასთან. ამ ძველ „ტრასას“ „იმპერატორის გზას“ უწოდებდნენ. როგორც თვლიან იგი იმპერატორ ადრიანეს ვიზიტისას 130 წელს გაიყვანეს.

მაგრამ როგორც ჩანს, აღმოჩენილი მონაკვეთი აქ იმპერატორის ჩამოსვლამდეც არსებობდა. გათხრებისას მონეტებიც აღმოჩნდა, რომლებიც გაცილებით ადრეა მოჭრილი: იუდეის რომაელი პრეფექტის პონციუს პილატეს (29 წელი), აგრიპას (41 წელი), ანტირომაული აჯანყების (67 წელი) და სხვა მონეტები. ომეიადების ხალიფების მიერ მოჭრილი მონეტები კი მიუთითებს, რომ გზას არაბების  ბატონობის დროსაც იყენებდნენ.

 ისრაელში ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში გზები ბილიკებს უფრო მოგვაგონებდა. მაგრამ რომაულ პერიოდში საგზაო ქსელი აქტიურად ვითარდებოდა. კარგი გზების არმიის სწრაფი გადასროლის საშუალებას იძლეოდა. ამას გარდა უმჯობესდებოდა ჯარისა და ქალაქების მომარაგება.