მნიშვნელოვანი სიახლეები
იტალიაში უძველესი ჩასადგმელი პროთეზის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

იტალიაში უძველესი ჩასადგმელი პროთეზის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

ალბათ არავის გაუხარდება კბილების სხვისი  პროთეზი რომ იპოვოს. მაგრამ სწორედ ამგვარმა აღმოჩენამ გაახარა იტალიელი არქეოლოგები, როცა ქალაქ ლუკაში წარმოებული გათხრებისას უძველესი ჩასადგმელი პროთეზი აღმოაჩინეს.

პიზის უნივერსიტეტის პალეოპათოლოგების (მეცნიერები რომელთა ინტერესის საგანი ისტორიული დაავადებებია) გუნდმა კბილის მრავალსაუკუნოვანი პროთეზი უძველეს საოჯახო აკლდამაში აღმოაჩინა. სავარაუდოთ პროთეზები XIV–XVII საუკუნეებშია დამზადებული. მართალია მსგავსი პროთეზების აღწერა იმ დროის ტექსტებში გვხვდება, მაგრამ მათი არსებობის მტკიცებულება აქამდე არ არსებობდა.

პროთეზი ხუთი კბილისგან შედგება, მჭრელებისა და ეშვებისგან. ისინი ლითონის ფენით არის გაერთიანებული. არქეოლოგების აზრით პროთეზის შემადგენელი კბილები ადრე სხვა ადამიანებს ეკუთვნოდათ და ერთმანეთზე ოქროთი მიამაგრეს. პროთეზში ნაპოვნი კბილის ქვა იმაზე  მიგვანიშნებს, რომ მფლობელი მას დიდი ხნის მანძილზე ხმარობდა.