მნიშვნელოვანი სიახლეები
იტალიელი მყვინთავები კალიგულას გემი-სასახლის პოვნას შეეცდებიან

იტალიელი მყვინთავები კალიგულას გემი-სასახლის პოვნას შეეცდებიან

იტალიელი მყვინთავები ექსპედიციისათვის ემზადებიან, რომლის მიზანიც 2000 წლის წინათ ჩაძირული იმპერატორ კალიგულასათვის აგებული ცერემონიალური ხომალდის ნაწილების აღმოჩენაა.

 მეცნიერებისათვის ცნობილია, რომ რომის ერთ-ერთი ყველაზე გაუწონასწორებელი და სადიზმისადმი მიდრეკილი მმართველისათვის, რომიდან დაახლოებით 30 კილომეტრზე მდებარე ნემის ტბაზე სასეირნოდ დიდი ბარჟები იქნა აგებული.

 1928 და 1932 წლებში აქ უკვე იქნა აღმოჩენილი ორი ამგვარი ხომალდის ნაშთები. მაშინ ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის ბრძანებით ტბა ნაწილობრივ დააშრეს. არსებული ინფორმაციით კალიგულას ამგვარი მესამე ხომალდიც ჰყავდა, რომელიც ასევე ტბის ფსკერზე უნდა იყოს. ახლა 30 მეტრიან სიღრმეზე მის აღმოსაჩენად მეცნიერები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას აპირებენ.

 მუშაობისას ადგილობრივი მეთევზეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც გამოიყენებენ. მათ ბადეებში ხშირად მოხვედრილა რომის იმპერიის დროინდელი არტეფაქტები.

მეცნიერებს ზუსტი ინფორმაცია არა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ ეს გემები ტბის ფსკერზე. ერთი ვერსიით ისინი სიძველის, ანდა დაზიანების გამო ჩაიძირნენ. მეორე ვერსიით კი  ისინი კალიგულას მემკვიდრემ,  იმპერატორმა კლავდიუსმა ჩაძირა, რათა თავისი გაუწონასწორებელი წინამორბედის ზოგი ექსცესის შესახებ მოგონებები წაეშალა.

 როგორც ცნობილია კალიგულას ხომალდები ნამდვილ მცურავ სასახლეებს წარმოადგენდნენ: მათი კედლები ოქროთი იყო დამშვენებული, ხოლო იატაკი მოზაიკით იყო გაფორმებული. ამას გარდა ხომალდებზე გათბობა და წყალსადენიც იყო მოწყობილი. აფრებად კი ძოწისფერი აბრეშუმი იყო გამოყენებული. ამ ხომალდებზე ხშირად იმართებოდა ორგიები.

 გასული საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი ორი ხომალდი მუზეუმში ინახებოდა, მაგრამ 1944 წლის საბრძოლო მოქმედებების გამო სრულიად განადგურდნენ. ამჯამად მხოლოდ მათი 1950 წელს შესრულებული ასლების ნახვა შეიძლება.