მნიშვნელოვანი სიახლეები
ნორვეგიაში კელტური სამკაული აღმოაჩინეს

ნორვეგიაში კელტური სამკაული აღმოაჩინეს

ცხენის მოსართავის ფრაგმენტი, რომელიც ვიკინგებმა ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოიტანეს, ქალის სამკაული გახდა.

ნორვეგიის დასავლეთ ნაწილში, აგდანესის კომუნაში უცნაური ნივთი აღმოაჩინეს: ფრინველის ფორმის ბრინჯაოს ნივთი, რომლის ფრთებზეც თევზები თუ დელფინებია გამოსახული. ნაკეთობა ერთ დროს მოოქროვილი იყო, მაგრამ იგი თითქმის არ შემორჩენილა. არტეფაქტი არქეოლოგებს „სიძველის მოყვარულმა“ მიუტანა - მან იგი ლითონის დეტექტორით იპოვა.

სტილის მიხედვით სამკაული კელტური უნდა იყოს. ოდესღაც იგი ცხენის აღკაზმულობის ნაწილი იყო და სავარაუდოთ  VIII ან IX  საუკუნეებში ირლანდიაში  დაამზადეს. მაგრამ როგორ მოხვდა იგი ნორვეგიაში?  მკვლევართა თქმით, მსგავსი სამკაულები ვიკინგების ეპოქის ქალთა სამარხებში გვხვდება. სავარაუდოთ აგდანესში აღმოჩენილი ნივთიც ხვნის დროს დაზიანებული რომელიღაც სამარხიდან უნდა იყოს.

 მსგავსი სამკაულები ვიკინგებს ლაშქრობებიდან ჩამოჰქონდათ და მეუღლეებს და ნათესავ ქალებს ჩუქნიდნენ. ნახვრეტისა და ლითონის ნემსისგან მიყენებული ჟანგის კვალის მიხედვით აგდანესში აღმოჩენილ ნივთს გულსაბნევად ანდა საკინძე-ფიბულად იყენებდნენ. ყოველ უცხოური ფიბულა უნიკალური იყო და არავის ეშინოდა,რომ მეზობელსაც მსგავსი რამ აღმოაჩნდებოდა.

 მსგავსი სამკაული უბრალოდ ძვირფასი ნივთი კი არ იყო, არამედ გარკვეული სოციალური სტატუსის მაჩვენებელიც იყო. იგი ყველას „ეუბნებოდა“, რომ მისი მფლობელი ვიკინგის  ნათესავი და ახლობელი იყო.

 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ირლანდიიდან და ჩრდილო ინგლისიდან ჩამოტანილი ნივთები ხშირად უბრალო საფლავებში გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაშქრობებში ხშირად უბრალო მეთევზეები და გლეხები მონაწილეობდნენ. ვიკინგების ეპოქის დასაწყისში ლაშქრობა ერთგვარი „სოციალური ლიფტის“ როლს ასრულებდა. მის მონაწილეს შეეძლო საზოგადოებაში თავისი სოციალური სტატუსი უცბად აემაღლებინა.

 აგდანესი ტრონჰეიმსის ფიორდის სამხრეთით მდებარეობს. საგების მიხედვით  აქ  ხომალდები ლაშქრობის წინ იყრიდნენ თავს. აქედან ვიკინგები სამხრეთით, ნაპირის გასწვრივ  მიემართებოდნენ და უკვე შემდეგ გადაცურავდნენ ზღვას. ზურგქარის დროს დასავლეთ ნორვეგიიდან  ინგლისამდე ანდა შოტლანდიამდე სკანდინავები ორ დღეში აღწევდნენ.