მნიშვნელოვანი სიახლეები
რომის კატაკომბებში ულტრაწვრილი ლაზერის მეშვეობით უნიკალურ ფრესკებს მიაკვლიეს

რომის კატაკომბებში ულტრაწვრილი ლაზერის მეშვეობით უნიკალურ ფრესკებს მიაკვლიეს

იტალიელმა არქეოლოგებმა ულტრაწვრილი ლაზერით რომის დომიტილის კატაკომბებში უნიკალურ ფრესკებს მიაკვლიეს. ფრესკების მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს თუ დიდებულები როგორ ეზიარებოდნენ ქრისტიანულ რელიგიას.

ფერადი ფრესკები მოხელეთა აკლდამებში აღმოჩნდა. ერთ-ერთ ფრესკაზე ოსტიის ნავსადგურში ხორბლის იმპორტის და განაწილების პროცესი არის გამოსახული.

 ხორბლის იმპორტი და განაწილება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა  გამგებლობაში იყო. იმ პერიოდში რომის ყოველი მცხოვრები იღებდა პურს სახელმწიფოსგან.

„როცა ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, ყველა თაღი აბსოლუტირად შავი იყო. სხვადასხვა სიგრძის ტალღებმა და ქრომატულმა გადარჩევამ შესაძლებლობა მიგვცა სიშავესთვის თავი ისე დაგვეღწია, რომ ნახატები არ დაგვეზიანებინა. აქამდე მსგავსი რამის გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელი იყო“, - ჰყვება პროექტის ავტორი ბარბარა მაცეი.

ჭერის ფრესკაზე ტახტზე მჯდომი იესო ქრისტეა გამოსახული. მის ორივე მხარეს ან პეტრე და პავლე მოციქულები, ანდა მოწამე ნერიუსი და აქილევსი - რომაელი მეომრები, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს. ამას გარდა თაღებზე სხვადასხვა ბიბლიური სცენებიც არის გამოსახული.

ფრესკები დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 360 წელს განეკუთვნება. ფრესკებზე როგორც წარმართული, ისე ქრისტიანული სიმბოლიკაა. ეს მაცეის აზრით იმაზე მიგვანიშნებს, რომ დაკრძალული მოხელეები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ახლახანს გადავიდნენ.

„მდიდარი როამელები ყველაზე გვიან გადავიდნენ ქრისტიანობაში. ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის შუა წლებამდე ისინი ძირითადათ წარმართები იყვნენ“, - აღნიშნავს პაპის წმინდა არქეოლოგიის კომისიის სუპერინდენტანტი ფაბრიციო ბისკონტი.